• Ƀ/$

2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს

ექსკლუზივი
8 აგვისტო 11:37, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. 10 წლის წინ რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში შემოიჭრა, რასაც ოკუპაცია, მსხვერპლი, ნგრევა, დევნილთა ახალი ნაკადი და ეკონომიკური ვარდნა მოჰყვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლიტიკურ–ეკონომიკური ფორმაციის ცვლილებამ გარკვეული დროითა და დოზით ეკონომიკური ვარდნა 15-ვე სახელმწიფოში გამოიწვია, თუმცა სხვადასხვა იყო რეცესიის მასშტაბი. თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პრობლემები მოკლე დროში გადალახეს და 2004 წელს უკვე ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გახდნენ საქართველო 90-იან წლებში კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.



ობიექტურ მიზეზებს საქართველოში პუტჩი და აფხაზეთის ომი დაერთო, რომელსაც 25 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 300 000-მდე საკუთარ სახელმწიფოში დევნილად იქცა. რის შედეგადაც ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ 1994 წელს საშუალო შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 1965 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 54%-ს უდრიდა და 1988 წელთან შედარებით კი მეოთხედზე ნაკლებს 22%-ს შეადგენდა. უფრო მეტიც, 2017 წლის მაჩვენებელიც კი 1988 წლის ოფიციალურ მონაცემს 5%-ით ჩამორჩება. გერმანიის ეკონომიკური ვარდნა 1939-1945 წლებში 50% იყო, საქართველოს ვარდნა 1989-1994 წლებში კი 78%. თუ დაურეგისტრირებელ შემოსავლებსაც გავითვალისწინებთ, რომელიც სსრკ-ის დროს ბევრისთვის რეგისტრირებულს აღემატებოდა, რეცესიის მოცულობა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.



იშვიათი მსგავსი ეკონომიკური განადგურების მიუხედავად 1995 წლიდან გაჯანსაღების პერიოდი იწყება. საგულისხმოა რომ 22 წლის განმავლობაში ეკონომიკა მინუსში მხოლოდ ერთხელ 2009 წელს გავიდა. ამ დროის განმავლბაში საშუალო შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 4.3-ჯერ გაიზარდა, რაც ერთი შეხედვით სულაც არაა ცუდი, მაგრამ ცოტაა საქართველოსთვის. შემოსავლებით 1 სულ მოსახლეზე საქართველო 1995 წელს მსოფლიოში 130-ე ადგილს იკავებდა, 2017 წელს – 106-ს. წლებია, გრძელდება ხმამაღალი წუხილი იმის შესახებ, თუ რატომ არ არის საქართველოში $100-ის ექვივალენტი მინიმალური პენსია, მაგრამ პრაქტიკულად არავინ წუხს იმაზე, თუ რატომ არ არის საქართველო 1 სულ მოსახლეზე შემოსავლებით პირველ ასეულში.


2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 42-ე ადგილი დაიკავა. შემოსავლებითაც რომ იგივე პოზიცია ეკაოს, 5-ჯერ მდიდარი იქნებოდა და პორტუგალიის დონეს გაუთანაბრდებოდა. მართებულია მტკიცება, რომ ზრდის უფრო მაღალი პოტენციალი მცირე ეკონომიკის ქვეყნებს აქვთ, მაგრამ მცდარია მტკიცება, რომ ეს შეუძლებელია განვითარებული ქვეყნებისთვის. მქონე ირლანდიაში, სადაც შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $70 000-ს აღემატება, ხოლო მშპ 2017 წელს 7.8%-ით გაიზარდა. უზარმაზარი ჩინეთი კი – 6.9%-ით. გაორმაგდა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპიც. რა უშლის ხელს საქართველოს ბევრად სწრაფ გავითარებაში? დაბალი გადასახადები, მცირე ოდენობის რეგულაციები, დემოკრატიული მმართველობა, საკუთრების უფლების გაუმჯობესებული მაჩვენებელი ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ მაინც არასაკმარისია. ერთ-ერთი უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთია.



მართალია, ეკონომიკამ გაჯანსაღება ჯერ კიდევ 1995 წლიდან დაიწყო, მაგრამ საქართველო დღემდე ვერ იყენებს აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალს, სახელმწიფოს დღესაც უხდება შემწეობის გაცემა დევნილებზე და მათთვის სახლების აშენება. წლების მანძილზე ისინი იკავებდნენ ათეულობით სასტომროსა და სანატორიუმს, ამ ყველაფერმა მილიარდობით დოლარის ზარალი უკვე გამოიწვია, მაგრამ ეს კიდევ არაა ყველაფერი. 2008 წელს რუსეთმა გადაკვეთა წითელი ხაზი და პირველად ცივი ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაუფარავად შეიჭრა. რაც 6 წლის შემდეგ უკრაინაშიც განმეორდა. საოკუპაციო ჯარი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას. ავტობანის დაკავებას კი სულ რაღაც წუთები სჭირდება. რისკი იმისა, რომ რუსეთი კვლავ განახორციელებს ინტერვენციას, არც თუ ისე მცირეა. 2008 წლის ომის გამო რუსეთის მიმართ სანქციები საერთოდ არ დაწესებულა, 2014 წლის შემდეგ კი სანქციებმა მართალია შექმნა ქვეყანაში გარკვეული ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო. უფრო მეტიც – ორივე შემთხვევაში გაიზარდა კრემლის მმართველი ვლადიმერ პუტინის პირადი რეიტინგი (2008 წელს პუტინი ფორმალურად პრემიერის პისტს იკავებდა, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად). ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რუსეთისთვის კი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეჭრა არც ისე ძვირი ღირს. მოსალოდენელია, რომ მალე სტასბურგისა და ჰააგის სასამართლომ, რომელთანაც რუსეთი არ თანამშრომლობს, მიკერძოეუბულობის საბაბით, რუსეთი გაამტყუნოს და საქართველოს სასარგებლოდ სოლიდური ფინანსური კონპენსაცია დააკისროს, მაგრამ კრემლისთვის ვერდიქტი მორიგი ფარატინა ქაღალდი იქნება.


1996-2007 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს სულ 3-ჯერ ჰქონდა, ვარდნა არც ერთხელ, ამის საპირისპიროდ 2008-2017 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აღარ დაფიქსირებულა, სამაგიეროდ, 2009 წელს 3.7%-ით შემცირდა.



2009 წლის ვარდნა არ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისს. საქართელოს ეკონომიკა ნაკლებად იყო ინტეგრირებული დანარჩენ მსოფლიოსთან, ხასიათდებოდა მცირე, მაგრამ დივერსიფიცირებული მზარდი ექსპორტითა და ტურიზმით. იზრდებოდა ინვესტიციებიც. განვითარებულ ქვეყნებში ვარდნა უკვე 2008 წელს დაიწყო, საქართველოში კი მხოლოდ 2008 წლის მესამე კვარტალიდან.



იგივე სურათია პირადპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაშიც, მკვეთრი ვარდნა მხოლოდ და მხოლოდ 2008 წლის მესამე კვარტალიდან იწყება.



ეკონომიკაში ლაბორატორიული ცდების ჩატარება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია გარკვეული დაშვებები. იმ დაშვებით, რომ 2008 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.3%-ის ნაცვლად 7%-ით გაზრდილიყო, 2009 წელს – მცირე, 3%-იანი ზრდა ყოფილიყო და ყოველ მომდევმო წელს კიდევ რეალურს +1%, დღეს შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 20.7%-ით მეტი იქნებოდა არსებულზე, ბევრი არაა, მაგრამ თუ 2010 წლის მუდმივ ფასებში დავითვლით, არსებული $4290-ის ნაცვლად ვღებულობთ $5180-ს. საქართველო უფრო მდიდარი იქნებოდა ვიდრე, ტუნისი, ბელიზი, ალჟირი, იამაიკა და ალბანეთი. მიმდინარე ფასებში დათვლით არსებული $4080-ის ნაცვლად $4925 იქნებოდა, ამ მაჩვენებლით საქართველო პარაგვაისა და აზერბაიჯანსაც გადაასწრებდა. დოლარის კურსის გათვალისწინებით, ეს თანხა თითოეულ მოქალაქეზე თვეში დამატებით 170 ლარია. ხოლო მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის PPP დათვლებით კი, რაც ყველაზე რეალური ინდიკატორია სხვადასხვა ქვეყნის შესადარებლად, არსებული $10 700-ის ნაცვლად  $12 915 იქნებოდა, რა დროსაც საქართველო უკან ჩამოიტოვებდა ეგვიპტეს, შრი-ლანკას, ინდონეზიას და ბოსნია-ჰერცოგოვინას.


ცხადია, +20.7% ბევრი არაფერია. საქართველო ისევ ღარიბი ქვეყანა იქნებოდა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით, მაგრამ არსებულს ემჯობინებოდა. პრობლემაა ისიც, რომ 1991-93 წლების ომების მსგავსად, 2008 წლის ომის გავლენა არ ამოწურულა და კონფლიქტის მოგვარებამდე არც ამოიწურება. უარყოფითი შედეგი განგრძობადია.


რაც შეეხება ომის შემდეგ საერთაშორისო დონორების დახმარებას, $4.5 მლრდ ნამდვილად მნიშვნელოვანი თანხა იყო, მის გარეშე ვარდნა მეტი იქნებოდა, მაგრამ ეს თანხა ზარალის შემცირებას მოხმარდა და არა ეკონომიკურ აღმშენებლობას. 


ომის შედეგად ყველაზე მეტად მაინც ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მცხოვრები მოსახლეობა დაზარალდა. სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება კადრები სადაც სოხუმში მთავრობის სასახლეც კი არაა აღდგენილი, პლაჟებზე კი კანტიკუნტად ირევა ადგილობრივი და რუსი ტურისტი. სოხუმის ბათუმთან შედარებაც კი არასწორი იქნებოდა. უფრო მძიმე ვითარებაა ბიჭვინთაში, გაგრაში, ოჩამჩირესა და სხვა ქალაქებში. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთს ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობ, მშპ 1 სულ მოსახლეზე $3000-ს აღემატება და ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება. თუმცა, ეს სტატისტიკა სანდოობით ვერ დაიკვეხნის.


მდგომარეობა გაცილებით უარესია ცხინვალის რეგიონში. თუ აფხაზეთს რუსი ტურისტები მაინც სტუმრობენ, ცხინვალში მსგავსი არაფერი ხდება. ციტრუსის ექსპორტიდან შემოსავალიც უფრო მეტია ვიდრე რაიმე სხვა ხილიდან. ცხინვალი კიდევ უფრო მეტადაა დამოკიდებუი რუსეთზე, ვიდრე აფხაზეთი. ორივე რეგიონში გამალებული რუსიფიკაცია მიმდინარეობს. რუსული სკოლების რაოდენობა ოსურისას და აფხაზურისას სჭარბობს. ე.წ. ოსური ჯარი უკვე რუსეთის არმიას შეუერთდა. მოსახლეობით რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ერთად აღებულს 400-ჯერ, ტერიტორიით კი 1250-ჯერ აღემატება... მათი დამოუკიდებლობის შესახებ ზღაპარი დაწყებამდე დასრულდა.



10 წლის განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ შვიდმა სახელმწიფომ აღიარა, საიდანაც ორმა აღიარება უკანვე წაიღო. ეს ქვეყნებია:


1)      რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტო


2)      ნიკარაგუა 2008 წლის 5 სექტემბერი


3)      ვენესუელა 2008 წლის 10 სექტემბერი


4)      ნაურუ 2008 წლის 15 დეკემბერი


5)      სირია 2018 წლის 29 მაისი


ვანუატუმ ოკუპირებული რეგიონები 2011 წლის 23 მაისს აღიარა, 2013 წლის მაისში კი აღიარება უარყო, ტუვალუს აღიარებამ კი 2011 წლის 18 სექტემბრიდან 2014 წლის 31 მარტამდე გასტანა.


საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მავრთულხლართების მიღმა სულ უფრო და უფრო მეტი ოჯახის სასოფლო–სამეურნეო სავარგულები ექცევა. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ადამიანებს სისტემატურად აკავებენ. უცხო არც მკვლელობებია. ტატუნაშიშვილისა და ოთხოზორიას შემთხვები გახმაურდა, თორემ ომის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ რამდენიმე სხვა ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.



შეკითხვას იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი, უბრალოდ საფუძველი არ გააჩნია. საომარი მოქმედებები დაწყების წუთიდან დასრულებამდე საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, არათუ გაეროს, ცხინვალის დამოუკიდებლობა რუსეთსაც არ ჰქონდა აღიარებული. საქართელომ მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გახსნა და ისედაც რომ შეეტია ცხინვალზე, ეს მისი ტერიტორია იყო და უცხო სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ ჰქონდა. რუსეთის ჯარები ე.წ. სამშვიდობოების გარდა რეგიონში ისედაც იყვნენ, მაგრამ 7 აგვისტოს მას მძიმე ტექნიკაც დაემატა. საერთოდ არაფერ შუაში იყო კოდორის ხეობა, რომელიც ცხინვალამდე საჰაერო გზით 200 და სამნაქნო გზით 440 კილომეტრი აშორებდა. ქართული მხრიდან ომს 170 ჯარისკაცი და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლმა კი 228-ს მიაღწია. გორში და სენაკში პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. ასევე დაიბომბა ფოთი, ქარელი, საჩხერე, ონი, კასპი, დედოფლისწყარო, მარნეული, ახალციხე. ბომბები ჩამოცვივდა ბათუმსა და თბილისის აეროპორტებშიც. რუსეთმა გადაწვა განმუხურის მოზარდთა პატრიოტული ბანაკი, გაძარცვა სახლები გორში. რუსეთმა არ დაინდო ნიქოზის ეპარქიაც. „ისკანდერების“, „ტოჩკა უ“-ებისა და კასეტური ბომბების სროლის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი. ცხინვალის რეგიონში კვალის წასაშლელად ეთნიკურად ქრთველების სახლები ბულდოზერებით დაანგრიეს. რუკაზე აღნიშნული საცეცხლე წერტილები არასრულია.



ოკუპაციაზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას მნიშვნელოვანია 2 გავრცელებული მითის უარყოფა. პირველის თანახმად, მოსკოვი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვამ გააღიზიანა და „თავი დაიცვა.“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და დასავლეთის ურთიერთობა არ ყოფილა იდეალური, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა მას დინების საწინააღმდეგოდ ცურვაშიც დასდო ბრალი, თავად აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ საქართელოს დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლის შემდეგ ცნეს, ამ დროს კი თბილისში სამხედრო გადატრიალება უკვე დაწყებული იყო, რომლის უკანაც მოსკოვი იდგა. შევარდნაძის მთავრობამ ნატოში გაწევრიანების სურვილი 1999 წელს გამოხატა, ანუ აფხაზეთის ომის დასრულებიდან 6 წლის შემდეგ. მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სცადა დღევანდელმა მთავრობამაც, რის შედეგადაც თვალსაჩინოთ მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებში შეინიშნება ძვრები.


მეორე მითის თანახმად, თუ საქართველო ნატოზე დეკლარირებულ უარს იტყვის, რუსეთი სოხუმიდან ჯარებს გაიყვანს რაც ტყუილია, რადგან რუსეთი თავისივე ხელმოწერილი შეთანხმებებს არასდროს ასრულებს, თავი რომ დავანებოთ გეორგიევსკის ტრქტატსა და 1920 წლის 7 მაისს, რუსეთმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც არაერთხელ დაარღვია შეთანხმება.


1)      1992 წლის 24 ივნისის სოჭის, იგივე დაგომისის შეთანხმება, რომელის ცხინვალიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა, არ შესრულდა;


2)      1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება, იმავე წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა;


3)      1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება – ზუსტად 2 თვეში სოხუმი დაეცა;


4)      2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმება გულისხმობდა შეიარღებული ძალების გაყვანას საქართვლელოს ტერიტორიიდან. ზუსტად 2 კვირაში რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღაიარა და შემდეგ, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ბაზები განათავსა.


საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას იმ პირობით დათანხმდა, თუ ფსოუზე და როკის გვირაბზე გამავალი ტვირთების შესახემ მიიღებდა სრულყოფილ ინფორმაციას. დღემდე არც ეს შეთანხმება შესრულებულა.


რუსეთი თავის ვალდებულებებს არც სხვა სახელმწიფოების მიმართ ასრულებს, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის გარანტიის საფუძველზე 1994 წელს უკრაინამ ბირთულ შეიარაღებაზე უარი განაცხადა, შეთანხმებამ მხოლოდ 20 წელი გაძლო. იქამდე პრორუსმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ნატოზე უარი განაცხადა, მაგრამ მას არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მისცეს ხელმოწერის უფლება. პრურუსმა პრეზიდენტმა ვერც მოლდოვას უშველა – დნესტრისპირეთს კვლავ რუსეთის ჯარი აკონტროლებს.


რუსეთისთვის მეზობელი სახელმწიფოების ნატოსკენ სწრაფვა პრობლემას არ წარმოადგენს, რუსეთის პრობლემა მეზობელი სახელმწიფოების დამოუკიდებლობაა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში საჯაროდ დაადასტურა, როდესაც 2005 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა.


 


 


ავტორი:


გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


მსგავს თემაზე:


"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


ომის დასრულებიდან 73 წლის შემდეგ გერმანია რუსეთს ეკონომიკის ყველა პარამეტრით აღემატება


1918-1921 წლების საქართველოს ეკონომიკა


სხვა სიახლეები