• Ƀ/$

დოლარის კურსი 66 რუბლს ასცდა. მიზეზი – ახალი სანქციების მზადებაა

9 აგვისტო 11:28 | ეკონომიკა

რუსულმა რუბლმა 9 აგვისტოს სავაჭრო სესიის დასაწყისშივე განაგრძო ვარდნა იმ ცნობების ფონზე, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. გუშინდელ ვაჭრობაზე რუსული რუბლი უკვე დავიდა 2-წლიან მინიმუმამდე.

მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, სესიის გახსნიდან 1 წუთში რუბლმა 71 კაპიკი დაკარგა და დოლარის ფასი 66,25 რუბლამდე ავარდა. ევროსთან მიმართებაში რუბლმა 80 კაპიკი დაკარგა და 1 ევროს ფასი 76,93 რუბლის ნიშნულზე ფიქსირდება.


გუშინ, 8 აგვისტოს, ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადების შესაჯებ განაცხადა, რომელიც სკრიპალების მოწამვლის საქმეს უკავშირდება. აქციების პირველი ეტაპი, როგორც მოსალოდნელია, ძალაში 22 აგვისტოდან შევა. სანქციების მეორე ეტაპი რუსეთთან საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვას და აშშ–ში რუსული „აეროფლოტის“ ფრენების აკრძალვას გულისხმობს. სანქციების მეორე ეტაპი იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ რუსეთი არ გასცემს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არგამოყენების გარანტიებს და არ დაუშვებს გაეროს სამხედრო ინსპექტორებს სამხედრო ობიექტებზე.


რუსული რუბლის კურსზე გარკვეულ გავლენას ნავთობის ფასიც ახდენს, რომელიც ხუთშაბათის აზიურ ვაჭრობებზე, გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ მცირედ პლუსში გადავიდა. გუშინდელი გაიაფების მიზეზად აშშ–ის მარაგების პროგნოზირებულზე ნაკლებად შემცირება დასახელდა.


Brent-ის მარკის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე 0,24%–ით გაიზარდა და ბარელზე $72,45 შეადგინა. გუშინდელ ვაჭრობაზე ამ მარკის ნავთობის ფასი 3,37%–ით დავარდა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, სექტემბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ამ დროლისთვის მხოლოდ 0,03%–ით არის გაზრდილი და ბარელი $66,96 ღირს. წინა სავაჭრო სესიაზე ამ მარკის ნავთობმა ფასში 3,22% დაკარგა.


სხვა სიახლეები