• Ƀ/$

საქართველოზე აზერბაიჯანული ნავთობის კიდევ ერთი სატრანზიტო მიმართულება გაივლის

10 აგვისტო 09:48 | ეკონომიკა

ევრაზიული ნავთობსატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა კასპიის ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების კუთხით, კიდევ ერთ მიმართულებას იძენს.

აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდს“ მილსადენების საერთაშორისო საწარმოს „სარმატია“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი სკრიპკამ უთხრა, რომ ევრაზიულ ნავთობსატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დღეს ნამდვილად სჭირდება ბროდი–პლოცკის მილსადენი. მისივე თქმით, ამ მილსადენით შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს, შავი ზღვის, უკრაინისა და პოლონეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირება.


მილსადენის საპროექტო სიგრძე 377 კმ–ს შეადგენს, საიდანაც 120 კმ უკრაინის ტერიტორიაზე აშენდება, ხოლო 257 – პოლონეთის საზღვრებში.


სააგენტოს რესპონდენტის თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები პოლონეთის ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტებთან მიმდინარეობს, რათა შეთანხმდეს ნავთობსადენის მშენებლობის დეტალები. პოლონეთში მილსადენის პროექტი 27 გმინზე (ადმინისტრაციული ერთეული) გადის.


აღნიშნული პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება 2013 წელს შემუშავდა. ნავთობსადენის საპროექტო სიმძლავრე თავდაპირველად წელიწადში 30 მლნ ტონა ნავთობს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით ეს მაჩვენებელი 20 მლნ ტონამდე შემცირდა.


საერთაშორისო საწარმოს „სარმატია“ მონაწილეები არიან აზერბაიჯანული „სოკარი“ (25,32%), საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (16,09%), უკრაინული „უკრტრანსნეფტი“ (28,79%), პოლონური  Przedsiebiorstwo Eksploatacji Rurociagow Naftowych Przyjazn S.A. (28,79%) და ლიეტუვური AB Klaipedos Nafta (1%).


სხვა სიახლეები