• Ƀ/$

ექსპერტი: საქართველოს ეკონომიკა ბაზრების გაცილებით ფართო დივერსიფიკაციას საჭიროებს

ექსკლუზივი
27 აგვისტო 13:59, 2018 წელი | ინტერვიუ

საქართველოსთვის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ მინიჭებულ საკრედიტო რეიტინგს „BB-“ (პოზიტიური პერსპექტივით) M2B-სთან ვრცელ ინტერვიუში ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე აფასებს.

- წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?


გიორგი ცუცქირიძე: – რეიტინგის შეფასებისას გათვალისწინებულია ჩვენი ეკონომიკის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, ასევე რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების გავლენები ჩვენს ეკონომიკაზე. დადებით მხარედ მიჩნეულია საერთაშორისო  სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის დასაწყისში ძალაში შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომლის დაფინანსებაც $285 მლნ–ით განისაზღვრა - „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility) ფარგლებში და საქართველოსთვის 201.4 მილიონი ესდეერ-ის (SDR: Special Drawing Right); დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის, ანუ სსფ-ში საქართველოს ქვოტის 100%–ის ტოლი თანხის გამოყოყოფას ითვალისწინებს.


სარეიტინგო კომპანია პოზიტივად ასახელებს ფისკალური დეფიციტის მიმართულებით მიმდინარე მდგომარეობასაც და მათი პროგნოზით, 2018-2019 წლებში დეფიციტი არსებული 3.5% დან 2.6%-მდე შემცირდება, რაც “BB” ქვეყნების მედიანური მაჩვენებლების მსგავსია; დადებითად არის განხილული ასევე ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო, რაც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელზე მაღალია, პოზიტიურად არის შფასებული საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც ლარიზაციის კუთხით შემცირებულია არა მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ხვედრითი წილი მთლიან სესხებში 65.2% დან 55.3%-მდე, არამედ დეპოზიტების დოლარიზაციაც, რაც 71% და 62.4%-მდეა შემცირებული. პოზიტიურად არის შეფასებული ინფლაციის არსებული მაჩვენებელი, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.3% შეადგინა, რაც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებშიც კი მაღალი მაჩვენებელია. შედარებისათვის, BB ჯგუფის რეიტინგის მქონე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, რომელშიც საქართველოც შედის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რადგან ამ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი, 3.5%–ზე ფიქსირდება.


– უარყოფითი შეფასება რა კომპონენტებში მიიღო საქართველომ?


გიორგი ცუცქირიძე: – რაც შეეხება უარყოფით მაჩვენებლებს, აქ პირველ რიგში გამოყოფილია მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და საგარეო მოწყვლადობის ასევე მაღალი მაჩვენებელი, რაც აღემატება BB ჯგუფის ქვეყნების საშუალო მედიანურ მაჩვენებელებს. ეს ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი იმით არის გამოწვეული, რომ გასულ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დიდწილად ხდებოდა საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე სექტორებში, მშენებლობასა და მომსახურების სექტორში და არა წარმოებაში.   


ანალოგიურად, დღესაც არსებული მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსიც გაუმჯობესებულია, ხოლო დეფიციტი, გასული წლის ბოლოს 12,8%–დან 8,7%–მდე შემცირდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვასთან მიმართებაში გასული წლის ბოლოს პირველად ჩამოსცდა 50%-ს და დღეისთვის 46%-ის ფარგლებშია. შემთხვევითი არ იყო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველოში ეკონომიკურ ზრდას სამთავრობო სტრატეგიასთან და ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად. საგარეო მოწყვლადობის თვალსაზრისით, საგარეო ვალი ასევე უარყოფითად არის განხილული, ვინაიდან მისი მაჩვენებელი ჩვენი ტიპის ქვეყნების საშუალო მედიანურ მაჩვენებელზე მაღალია და მშპ-ის 100%-ს აღემატება; აქ იგულისხმება როგორც სახელმწიფო ვალი, ასევე კერძო კომპანიების ვალდებულებებიც.


 


– რეგიონის ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები რამდენად აისახა საქართველოს რეიტინგზე?


გიორგი ცუცქირიძე: – რეიტინგის მინიჭებისას უნდა გამოიყოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. Fitch-ის შეფასებით, პოტენციური ნეგატიური რისკები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე მომდინარეობს თურქეთში მიმდინარე ნეგატიური მოვლენებითა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით. მაგრამ თურქეთში მიმდინარე სიტუაციის ეფექტის გავლის შემდეგ, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი 1 საფეხურით და გადავიდეს „BB“ კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში.


თურქეთი არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით – მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 14.2%-ით. რუსეთს მეორე ადგილი უკავია - 10.8%, აზერბაიჯანს მეოთხე - 8.3%. აქ, პირველ რიგში, სამუშაო ძალის ექსპორტს ვგულისხმობ. მართალია, რუსეთი არის ჩვენი რიგით მეორე წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქონლის და სამუშაო ძალის ექსპორტით სულაც პირველი, მაგრამ ეკონომიკის ინტეგრაციის ხარისხით თურქეთს ბევრად ჩამორჩება.


ბოლო წლებში ჩვენი ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად თურქეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკებზე იყო მიბმული, თუნდაც ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით. 2017 წლის მიხედვით თურქეთის ხვედრითი წილი მთლიან პირდაპირ ინვესტიციებში 15% შეადგენდა და ამ მაჩვენებლით მესამეა აზერბაიჯანის (24.6%) და ნიდერლანდების (18.8%) შემდეგ. ნიშანდობლივია, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნების წილი მაღალია. ნიდერლანდებს თუ გაერთიანებული სამეფოს - 13%–ს და ლუქსემბურგის - 3.6%–ს დავუმატებთ, საერთო ჯამში 35.4% გამოვა. შრომით მიგრანტთა რაოდენობა  საქართველოს მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენს. სამუშაო ძალის ექსპორტისაგან სახელმწიფო შემოსავლებს წარმოადგენს არა მხოლოდ ემიგრანტების მიერ სამშობლოში განხორციელებული ფულადი გავნილები, ან ინვესტირება (სამშობლოში ჩამოტანილი წარმოების საშუალებები, მიწისა და უძრავი ქონების შეძენა), არამედ ფულადი დანაზოგებიც. მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისას თან მოაქვთ დაახლოებით იმავე ოდენობის დანაზოგი, რამდენიც გზავნილების სახით აქვთ განხორციელებული.


შესაბამისად, სამუშაო ძალის ექსპორტიორი ქვეყნის ეროვნულ შემოსავალზე, სამუშაო ძალის ექსპორტის ზეგავლენა მნიშვნელოვანია. ფულადი გზავნილები სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე და მოხმარებაზე. ეს ფული იხარჯება როგორც ბავშვების განათლებასა და მკურნალობაზე, ისე უძრავი ქონებისა და პროდუქციის შეძენაზე. აქედან გამომდინარე, ემიგრანტის ოჯახის მიერ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის შეძენით იზრდება აღნიშნული პროდუქტის ადგილობრივი წარმოება, ჩნდება სამუშაო ადგილები. მაგრამ ყურადსაღებია გაზრდილი მოხმარების ნეგატიური მხარე, რამაც შეიძლება ინფლაციას შეუწყოს ხელი.  ყველაზე მეტი ემიგრანტი არის რუსეთში - 800 ათასამდე, თურქეთში 100 ათასამდე ემიგრანტია წასული სამუშაოდ და ეს არის მეოთხე მაჩვენებელი საბერძნეთის და უკრაინის შემდეგ.


2018 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 276.6 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.6%–ს შეადგენს და წარმოადგენს 31.6 პროცენტიან ზრდას 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. პირველ სამეულში ასევე შედიან აზერბაიჯანი და თურქეთი.


– რამდენად მნიშვნელოვანია საგარეო ბაზრების დივერსიფიკაცია, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების შენარჩურებისთვის?


გიორგი ცუცქირიძე: – ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დივერსიფიკაციის ზრდაზე არსებული სასაქონლო ნომენკლატურის გამრავალფეროვნებით. ანუ, ექსპორტი უნდა გაიზარდოს არა ინტენსიური, არამედ ექსტენსიური ზრდით, რაც გაზრდის რა ექსპორტის წილს მშპ-ში 65%-მდე, გლობალური შოკებისას შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ შეამციროს ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულება და გავიდეს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე თუ კიდევ უფრო განვავითარებთ მომსახურების ექსპორტს და გავზრდით სასაქონლო საექსპორტო ჯგუფების ასორტიმენტს, 2016 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მაქსიმალური გამოყენებით, აქ წარმოებული პროდუქციის ექსპორტირების თვალსაზრისით.


ამერიკასა და თურქეთს შორის მიმდინარე პოლიტიკურმა დაძაბულობამ და „ეკონომიკურმა ომმა“, ასევე რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ახალმა ტალღამ, რასაც თურქული ლირის და რუსული რუბლის გაუფასურება მოჰყვა, ცხადად აჩვენა ბაზრების  დივერსიფიკაციის საჭიროება. ჩვენ გვჭირდება საგარეო-ეკონომიკური კუთხით ბაზრების გაცილებით მაღალი დივერსიფიკაცია.


სტრატეგიული ამოცანა უნდა გახდეს ევროკავშირის მსგავსად, მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რაც საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ უფრო მაღალ „BBB“ რეიტიგში, რომელიც იმით განსხვავდება არსებული რეიტინგიდან, რომ საინვესტიციო კლასში გადის. ამით ქვეყანა გადავა გაცილებით დაბალი რისკების ზონაში, რაც ინვესტორებისათვის იქნება პირდაპირი სიგნალი ინვესტიციების გასაზრდელად. დღეს აშშ-ის ხვედრითი წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ძალიან დაბალია და 4%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 10 წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მეშვიდეა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ხვედრითი წილი გაცილებით მაღალია. 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, $417.7 მლნ–ით განისაზღვრა, რაც 20.2%–ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3%–ს შეადგენს. იმპორტმა $1 536.1 მლნ–ს მიაღწია (27.2%–ით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.7% შეადგინა, ანუ ევროკავშირი ცალკე სუბიექტად რომ წარმოვიდგინოთ, სულაც პირველ ადგილზეა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში.


აქედან გამომდინარე, რეიტინგს დადებითად ვაფასებ, ის პოზიტიურ საშინაო ფაქტორებთან ერთად, ობიექტურად ასახავს იმ საგარო ფაქტორებს, რაც რეგიონში შექმნილ მდგომარეობას და მათი ჩვენს ეკონომიკაზე გადაცემის ნეგატიურ ფაქტორებს უკავშირდება.


სხვა სიახლეები