• Ƀ/$

კვიპროსის სანაპიროზე თურქეთი ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვას იწყებს

4 სექტემბერი 08:06, 2018 წელი | ეკონომიკა

თურქეთი შესაძლოა, შემოდგომიდანვე შეუდგეს კვიპროსის შელფზე ნავთობისა და გაზის საბადოების სადაზვერვო ბურღვას.

ამის შესახებ თურქეთის მთავარმა დიპლომატმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში ჩრდილოეთ კვიპროსის ვიცე-პრემიერთან და საგარეო მინისტრთან კურდემ ოზერსაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მანამდე თურქეთი მუდმივად წინააღმდეგი იყო კუნძულის ირგვლივ ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წარმოების, თუ პროცესში თურქული თემის ინტერესები არ იქნებოდა გათვალისწინებული.


„ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში არსებობს თურქეთის ეკონომიკური ზონა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. მისი მოთხოვნით გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს. ჩვენი ენერგეტიკის სამინისტრო ბურღვისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე შემოდგომაზე შეიძლება დაიწყოს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.


ლიბანისა და ისრაელის ჩათვლით, კვიპროსი ერთ-ერთი ის სახელმწიფოა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ბუნებრივ გაზს მოიპოვებს.


ბერძენი კვიპროსელები საერთაშორისოდ აღიარებულ კვიპროსის მთავრობას ემხრობიან, მაშინ როცა თურქი კვიპროსელები კვიპროსთან განხეთქილებაში მყოფ ჩრდილოეთში არიან დასახლებულნი, რომელსაც მხოლოდ ანკარა აღიარებს. ისინი აცხადებენ, რომ კუნძულის გარშემო არსებული რესურსები მათაც ეკუთვნით. კვიპროსი 1974 წელს გაიხლიჩა თურქული ანექსიის შედეგად.


სხვა სიახლეები