• Ƀ/$

აშშ ნიკარაგუას მმართველობის ფორმით სირიასა და ვენესუელას ადარებს

6 სექტემბერი 13:25, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ უშიშროების საბჭოს ნიკარაგუაში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ აცნობა, რუსეთსა და ჩინეთს მისი პოზიცია არ გაუზიარებიათ. 

აშშ პარალელს ვენესუელასთან და სირიასთან ავლებს, რომელსაც, ნიკარაგუის მსგავსად, რუსეთი მფარველობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ აპრილში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


ანგარიშში, ასევე, მოთხრობილია პრეზიდენტ დანიელ ორტეგას რეპრესირებულ მეთოდებზე. ორტეგა ქვეყანას 2007 წლიდან მართავს. ის პირველი პირი იყო 1979-1990 წლებშიც.  


ნიკარაგუა ლათინოამერიკულ სამყაროშიც კი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. მშპ 1 სულ მოსახლეზე 2010 წლის მუდმივი ფასებით 1960 წელს $1530-ს შეადგენდა, 1977 წელს $2560-მდე გაიზარდა, ხელისუფლებაში სოციალისტების მოსვლის შემდეგ შემოსავლები მკვეთრად, $1060-მდე შემცირდა, 90-იანი წლებიდან კი ისევ ზრდა დაიწყო, თუმცა 40 წლის წინანდელ მაჩვენებელს ამჟამადაც 20%-ით ჩამორჩება.


რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ აშშ-ის მომზადებულ პროექტზე განაცხადა, რომ ნიკარაგუის წინააღმდეგ შეერთებული შტატების დივერსიულ პოლიტიკას დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი განცხადებით, მოსკოვი მსგავს დესტრუქციულ ქმედებასა და ინტერვენციის მცდელობას კატეგორიულად გმობს.


ადამიანის უფლებების დარღვევას და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ ფონს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებადამცველებიც აპროტესტებენ, მაგრამ მათ პროტესტს რეალური შედეგი არასდროს მოჰყოლია.


ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია სწორედ ის ქვეყნებია, რომლებმაც რუსეთის გავლენით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს. სიღატაკე, დიქტატურა და სამოქალაქო ომი ამ ქვეყნების ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.


 


მსგავს თემაზე:


ვაშინგტონმა ნიკარაგუას სანქციები გაუფართოვა


სიღატაკე და დიქტატურა ლათინურ ამერიკაში


სხვა სიახლეები