• Ƀ/$

უკრაინის კრიზისი და რეზერვების შემცირება – ქვეყანაში სსფ-ის მისია მუშაობას შეუდგა

6 სექტემბერი 15:54, 2018 წელი | ეკონომიკა

უკრაინაში სერიოზული საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია მუშაობას შეუდგა და კიევში 6-19 სექტემბრის ჩათვლით დარჩება.

როგორც უკრაინაში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა იოსტა ლიუნგმანმა განაცხადა, მისია ქვეყნის „ეკონომიკურ პოლიტიკასა და ბოლო ეკონომიკურ მოვლენებს განიხილავს“.


მისიის დღის წესრიგში, ასევე, არის ფონდისგან ფინანსური დახმარების გაწევა, რომელიც უკრაინაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს.


როგორც მედიას ამერიკაში უკრაინის ელჩმა ვალერი ჩალიმ განუცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ასევე, განიხილავს ბუნებრივ აირზე არსებულ ტარიფებს.


მისი თქმით, უკრაინისთვის მორიგი ტრანშის გადაცემის საკითხი საბოლოო სტადიაზე იმყოფება. ჩალის თქმით, უკრაინაში მისიის ჩასვლა კარგის ნიშანია.


უკრაინისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ჩასვლა და ფონდთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ღიად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გორისმანმაც განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ დეფოლტი აირიდოს, მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელება.


აღსანიშნავია, რომ უკრაინისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა $17.5 მლრდ-ს შეადგენს და საიდანაც უკრაინამ $8.7 მლრდ მიიღო, 2019 წლის გაზაფხულზე მთავრდება.


წლის ბოლომდე კი, უკრაინის ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო პროგრამის ფარგლებში $1.9 მლრდ-ს მიღებას ვარაუდობენ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად უკრაინამ სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა გადახედოს, რომ ის მიზნობრივ მაჩვენებელს შეესაბამებოდეს.


უკრაინის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოს მდგომარეობით ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 2.9%-ით - $17.232 მლრდ-მდე შემცირდა. წლის დასაწყისიდან კი, ჯამში, 8.4%-ით შემცირებაა დაფიქსირებული.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზერვების შემცირება საგარეო ვალის გასტუმრებას უკავშირდება, რაზეც 1.055 მილიარდი დოლარია გახარჯული, ასევე, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ინტერვენციებს, რომლის დროს რეგულატორმა 651.3 მილიონ დოლარით მეტი გაყიდა, ვიდრე იყიდა.


ამავე ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.9 თვის საპროგნოზო იმპორტის ტოლია.


2017 წელს უკრაინის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 21%-ით - $18808 მლრდ-მდე იყო გაზრდილი.


მსგავს თემაზე:


უკრაინაში დეფოლტის რისკი გაიზარდა


ყირიმის უკრაინისთვის გადაცემამდე აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის


სხვა სიახლეები