• Ƀ/$

აშშ-ის კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია სირიის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს

12 სექტემბერი 11:09, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია (H. Res. 1030), რომელიც სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს.

რეზოლუციის სპონსორია კონგრესმენი ფრანცის რუნი (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი).


რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.


ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”) - სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის  აღიარებას, - აღნიშნულია რეზოლუციაში.


რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას.


რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.


„რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა“, - ნათქვამია რეზოლუციაში.


რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 6 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან.


საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 სექტემბერს სირიას დამატებითი ფინანსური შეზღუდვები დაუწესა.


 


მსგავს თემაზე:


საქართველომ სირიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა


"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა


სხვა სიახლეები