• Ƀ/$

დუდამ და ტრამპმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და სამხედრო დახმარება განიხილეს

19 სექტემბერი 10:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ ვაშინგტონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შეაფასეს, როგორც პროდუქტიული და დიდი პერსპექტივების მქონე.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა პოლონეთის ტერიტორიაზე უახლესი რაკეტების „პეტრიოტის“ განთავსებაზე, როგორც ქვეყნის საზღვრების დაცვის ეფექტიან საშუალებაზე. ძლიერ სახელმწიფოს კარგად დაცული საზღვრები უნდა ჰქონდეს, თქვა ტრამპმა.


დუდამ პოლონეთისთვის ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზის შეძენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს საპირწონე იქნება რუსეთის მცდელობისა, ევროპაში გაზის ჰეგემონია დაამკვიდროს. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა შეშფოთებულია იმ პრობლემებით, რასაც რუსული ენერგოპროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უქმნის.


პრეზიდენტებმა არაერთხელ აღნიშნეს რუსეთის როლი მსოფლიო არენაზე. თავდაცვის საკითხებში აშშ-თან თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვაზე ანჯეი დუდამ ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიული ქმედებები მოიყვანა მაგალითად. კერძოდ, მან საქართველოსთან და უკრაინასთან კონფლიქტებში რუსეთის როლზე ისაუბრა.


ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ დაეხმარება თავდაცვის გაძლიერებაში იმ ქვეყნებს, რომლებიც ამის საჭიროებას განიცდიან.


გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ორი მილის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. მილსადენი რუსეთის ბალტიის სანაპიროდან გერმანიამდე შენდება.


პროექტის მოწინააღმდეგეების, მათ შორის პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და დანიის წარმომადგენლების მტკიცებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროკავშირის „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის.


მსგავს თემაზე:

აშშ: „გაზის სამხრეთის დერეფანი“ – კი. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ – არა


„ჩრდილოეთის ნაკადის“ მონაწილე გერმანია „გაზის სამხრეთის დერეფნის“ განვითარებით არის დაინტერესებული


შვედი პოლიტიკოსები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაბლოკვას ითხოვენ


„ჩრდილოეთის ნაკადი–2“ შესაძლოა ამერიკულ სანქციებს დაექვემდებაროს



სხვა სიახლეები