• Ƀ/$

ციფრული მარკეტინგის რისკები და მათი დაზღვევის საშუალებები

26 სექტემბერი 18:09, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ციფრულმა ტექნოლოგიებმა თავისი ფართო გავრცელება მარკეტინგის სფეროშიც ჰპოვა, მაგრამ მას ფეხდაფეხ მოჰყვა ონლაინ თაღლითებისგან წამოსული საფრთხეც.

მომხმარებელთან კომუნიკაცია მობილურის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ამცირებს კომპანიის ხარჯს და კლიენტს დროს უზოგავს.


ასეთი კომუნიკაცია შესაძლოა, ორ ნაწილად გაიყოს: ინფორმაციული, შესაძლებელია კითხვა-პასუხის რეჟიმიც და სრული, რა დროსაც ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ხდება რეგისტრაცია, რაიმეს შეძენა, დაჯავშნა ან სხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება.


ამ უკანასკნელთან მეტი სიფრთხილეა საჭირო. თაღლითები ყალბ ვებგვერდებს და ფეისბუკგვერდებს ქმნიან, რომელთა დასახელება და ინტერფეისი ძალიან ჰგავს ორიგინალს. ამის შემდეგ მომხმარებელს უგზავნიან შეტყობინებას, ე.წ. fishing წერილებს, „უსაფრთხოების მიზნით“ სთხოვენ პაროლის დადასტურებას, ხელახალ ვერიფიკაციას, რის შემდეგაც კლიენტის კუთვნილი თანხის მითვისება იოლი ხდება. უსაფრთხოების დამატებითი სისტემები, რომელიც მოიცავს თავად საიტის დაცვას, აგრეთვე, ერთჯერადი კოდების სისტემას, რთულ კომბინირებულ პაროლს, რომელიც პერიოდულად უნდა შეიცვალოს, რისკებს საგრძნობლად ამცირებს. კომპანიის მხრიდან მართებული იქნება რისკების შესახებ მომხმარებლის სისტემატური ინფორმირება და იმის შეხსენება, რომ პაროლი, პინკოდი და სხვა პირადი მონაცემი არ გაანდოს მესამე, თუნდაც მისთვის ახლობელ პირს. არ დაამახსოვრებინოს პაროლი ბრაუზერს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპიუტერს მხოლოდ თვითონ მოიხმარს.


თაღლითების მიზანი ყოველთვის მომხმარებლის ქონების დასაკუთრება არ არის, ყალბი ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებლის პირადი ინფორმაციის, საკრედიტო და ავადმყოფობის ისტორიის უნებართვოდ გაცნობა, საქმიანი და/ან პირადი ხასიათის მიმოწერის ნახვა, რაც მოგვიანებით მსხვერპლზე ზემოქმედების მიზნით შეიძლება იქნას გამოყენებული. კომპანიის სახელით ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ილახება თავად ამ კომპანიის იმიჯი, რის აღდგენასაც გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი დასჭირდება, ვიდრე უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღებას.


ბაზრის კვლევა მარკეტინგის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ციფრული არხები მას ამარტივებს, მაგრამ ყურადღების მოდუნების შემთხვევაში საპირისპირო შედეგის დადგომაც შესაძლებელია. გარკვეული პირი ან პირთა ჯგუფი, ადვილი შესაძლებელია, კვლევის შედეგების გაყალბებით იყოს დაინტერესებული და ამისთვის ძალისხმევაც არ დაიშუროს. სპეციალურად გაცემული არასწორი პასუხები მიღებულ შედეგსა და რეალობას ერთმანეთს აცილებს. გამოსავალი ამ სიტუაციაშიც არსებობს. კვლევაში რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ცალკეული, განზრახ გაცემული მცდარი პასუხები მასზე ნაკლებ გავლენას იქონიებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკვლევი ჯგუფის გაფართოება არ უნდა გასცდეს სამიზნე აუდიტორიას.


რაც შეეხება ე.წ. ბოტებს, პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით არც მათი გამოვლენა წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს.


ციფრულ მარკეტინგის წარმოებისას დანაკარგები თაღლითების „დახმარების“ გარეშეც შეიძლება დადგეს. ტექნოლოგიებმა მიზნობრივი სეგმენტის გამოყოფა საგრძნობლად გაამარტივეს, მაგრამ კომპანიები ზოგჯერ ივიწყებენ ამ შესაძლებლობას. მთლიანი ბაზრის დაფარვის მცდელობა ძვირია, ამასთან არასასურველი კომუნიკაცია მომხმარებელში გაღიზიანებას იწვევს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ბრენდის იმიჯზე. მომხმარებლის ასაკის, სქესის, გეოგრაფიული მდებარეობის (მთაში და ზღვის პირას მცხოვრებ ადამიანს სხვადასხვა საჭიროებები აქვთ) შეძლებისდაგვარად ინტერესების მიხედვით სორტირება, როგორც ხარისხობრივად, ისე ფინანსურად უკეთეს შედეგს იძლევა.


ჩვეულებრივი მარკეტინგის მსგავსად, ციფრული მარკეტინგის შემთხვევაშიც მისი წესები, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით, მოქმედებს როგორც კომერციულ კომპანიებზე, იქნება ეს მინი საწარმო თუ დიდი ტრანსნაციონალური კომპანია, ასევე პოლიტიკურ პარტიაზე, სპორტულ გუნდზე, მუსიკალურ ჯგუფსა თუ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე.


მსგავს თემაზე:

თაღლითებისგან თავდაცვის საშუალებები ციფრულ მარკეტინგში



სხვა სიახლეები