• Ƀ/$

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ქუთაისის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო

27 სექტემბერი 15:19, 2018 წელი | ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა „ქუთაისის წყალარინების პროექტის“ დასაფინანსებლად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

ქუთაისის თანამედროვე წყალარინების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 100 მილიონი ევრო.


პროექტი ითვალისწინებს  ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას: შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი  ნაგებობა და სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება  ძველ საკანალიზაციო ჭებს, პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცედურები, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2019 წელს იგეგმება.


..ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალი გრანტის ხელშეკრულებას, რომელიც გამოიყო ქუთაისში წყალარინების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად. როგორც ქალბატონ მინისტრთან ვისაუბრეთ, საქართველოში ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მიწოდება და მთელი ქვეყნის  მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის გამართვა. ხელშეკრულების მიზანი სწორედ ამ პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებაა”-აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.


საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის დღეს გაფორმებული დაფინანსების შეთანხმება  ითვალისწინებს EIB-ის მიერ საქართველოსთვის დამატებით 3 250 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომლითაც პროექტის ფარგლებში არსებული დეტალური დიზაინი გაუმჯობესდება და ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება დაფინანსდება.


გრანტის დაფინანსების წყაროა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდი.


ამასთან აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის მხარდასაჭერად, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით უახლოეს პერიოდში, დამატებით 4 600 000 ევროს ოდენობის კაპიტალური გრანტი გამოიყოფა.


დღეის მდგომარეობით, EIB-ს საქართველოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, დაახლოებით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი. მათ შორის, 750 მილიონ ევრომდე - საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, 180 მილონ ევრომდე - წყლის სექტორის და 200 მილიონ ევრომდე - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად.


მსგავს თემაზე:

საქართველო სავალუტო ფონდისგან $42 მლნ-ს მიიღებს


ნარჩენების მართვაში თბილისს EBRD დაეხმარება


მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველომ 11 ადგილით აიწია


აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა


ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში გზების მშენებლობისთვის დამატებით 250 მილიონ ევროს გამოყოფს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი