• Ƀ/$

მსოფლიო ბანკი: პლანეტის მოსახლეობის ნახევარი დღეში $5,5-ზე ნაკლებს მოიხმარს

17 ოქტომბერი 12:40, 2018 წელი | ანალიტიკა

დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 46%, ანუ 3,4 მლრდ ადამიანი, საბაზისო მოთხოვნილებებისთვის იბრძვის და დღეში $5,5-ზე ნაკლებად ცხოვრობს.

ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის პრობლემებზე ჩატარებული ორწლიანი კვლევის ანგარიშშია ნათქვამი. მსოფლიო ბანკი სიღარიბის ლიკვიდაციისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქვეყნებს ანგარიშის მონაცემებს, რომლებიც 2015 წლის მდგომარეობას აღწერს.


„1,9 მლრდ ადამიანზე მეტი, ანუ დედამიწის მოსახლეობის 26,2% 2015 წელს დღეში $3,2-ზე ნაკლებ თანხას მოიხმარდა ცხოვრებისთვის. დაახლოებით 46% კი დღეში $5,5-ზე ნაკლებს მოიხმარდა“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.


მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად ღატაკი მოსახლეობის (დღეში $1,9-ზე ნაკლების მოხმარებით – შემცირდა 10%-მდე) რაოდენობა მსოფლიოში მცირდება, სიღარიბე კვლავ პრობლემად რჩება, ხოლო მისი შემცირების ტემპი შენელებულია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ეკონომიკური განვითარების შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც ღარიბი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შედარებით წარმატებულ ქვეყნებში ცხოვრობს, მიაჩნიათ მსოფლიო ბანკში.


„აუცილებელია სიღარიბის დამატებითი ნიშნულების განსაზღვრა და სიღატაკის პრობლემის უფრო ფართო გაგებით განხილვა“, – აღნიშნავენ ბანკში.


ანგარიშის თანახმად, სიღარიბის პრობლემას შედარებით კარგად უმკლავდებიან აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები, სადაც 2010-15 წლების პერიოდში გაჭირვებულთა შემოსავლები 4,7%-ით გაიზარდა. ამ რეგიონში უკიდურესად გაჭირვებულთა წილის სხვა რეგიონებთან შედარებით შთამბეჭდავად შემცირდა.


ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ღარიბი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ტემპი შენელებულია. ამასთანავე, ამ რეგიონში ყველაზე დაბალია იმ მოსახლეობის პროცენტი, რომლებიც სიღარიბის ზღვარის ნიშნულების – დღეში $3,2 და $5,5-ზე დაბლა ცხოვრობენ.


მსგავს თემაზე:

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს საერთაშორისო ვაჭრობის გაუარესებისთვის ამზადებს



სხვა სიახლეები