• Ƀ/$

ანტიირანული სანქციების ფონზე თბილისი ვაშინგტონსა და თეირანთან ინდივიდუალურად ითანამშრომლებს

17 ოქტომბერი 17:12, 2018 წელი | ანალიტიკა

ვაშინგტონმა ირანულ Basij Cooperative Foundation-ის ქსელს, რომელიც სულ მცირე 20 კომპანიას აერთიანებს, სანქციები დააწესა.

ვაშინგტონის ინფორმაციით, Basij Cooperative Foundation-ის კომპანიების მენეჯერებმა მცირე ზომის ფირმები შექმნეს, რათა მათი მფლობელობის კვალი დაემალათ და მრავალმილიონიან ბიზნესზე კონტროლი შეენარჩუნებინათ.


აშშ–ის მორიგი სანქციები ვაშინგტონის და თეირანის ურთიერთობების გაუარესების ფონეზე მოხდა, რომელიც ტრამპის მიერ 8 მაისს იმ განკარგულების ხელმოწერის შემდეგ განვითარდა, რომელიც ირანის ბირთვული შეთანხმებიდან თეთრი სახლის გასვლას და ისლამური რესპუბლიკისთვის სანქციების განახლებას ივალისწინებდა.


ირანის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ფარგლებში აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკურად გააქტიურდა. ეს აქტიურობა, ერთი შეხედვით, ძირითადად გამაფრთხილებელ მესიჯებს მოიცავს, რაც, წესით, რეგიონის ქვეყნებს აშშ–ის ანტიირანული სანქციების მხარდაჭერისკენ უნდა უბიძგებდეს.


ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხში ჯონ ბოლტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, 20 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა. ბოლტონს, რომელიც რუსეთშიც ჩავა, საქართველოს გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.


მსოფლიო მედიასაშუალებები ბოლტონის ვიზიტს კავკასიის რეგიონსა და ირანის ურთიერთობას უკავშირებენ. კერძოდ, რიგი ექსპერტებისა მიიჩნევს, რომ ბოლტონს სურს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ირანთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტაზე დაითანხმოს.


ანალოგიური შინაარსის განცხადება, 16 ოქტომბერს, ერევანში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმაც გააკეთა.


მისი თქმით, ამერიკის ანტიირანული სანქციები კონკრეტული კომპანიების და ეკონომიკის სექტორების წინააღმდეგ არის მიმართული.


„საუბარი არ მიდის მცირე ტრეიდერებზე, რომლებიც ვაჭრობით არიან დაკავებული. თუმცა, სომხურ კომპანიებს, ისევე როგორც ქართულ და აზერბაიჯანულს, უნდა ესმოდეთ, თუ ვინ არიან მათი კლიენტები. მოვუწოდებთ კომპანიებს, არ შევიდნენ სავაჭრო ურთიერთობაში ზოგიერთ ირანულ ორგანიზაციასთან, რადგან მათზე შესაძლოა სანქციები გავრცელდეს“, - აღნიშნა კენტმა.


M2B-სთან საუბარში საკითხის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ  ბოლტონის „ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკთხების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქათველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მოგეხსენებათ, ამ კუთხით ჩვენ გვაქ უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა და სწორედ ეს პროცესი იქნება შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი. ასევე, განვიხილავთ თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტში, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ყველა იმ პოტენციურ სფეროს, სადაც შესაძლებელია თანამშღომლობის გაძლიერება”, - აღნიშნა ქაცარავამ.


რაც შეეხება ირანულ კომპანიებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს, სოფიო ქაცარავა აღნიშნავს, რომ „ეს არის ამერიკული სანქციები და ეხება ირანის და აშშ-ს ურთიერთობებს. ჩვენ ორივე ქვეყანასთან გაგვაჩნია ურთიერთობების ინდივიდუალურო დღის წესრიგი, რომლებსაც თანმიმდევრულად მივყვებით“.


რაც შეეხება საქართველო-ირანის სავაჭრო ურთიერთობას: 2017 წელს ირანში $76 მლნ–ის ექსპორტი განხორციელდა; იმპორტმა კი $105 მლნ შეადგინა; საქართველოში ირანმა $4 მლნ–ის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა.


სხვა სიახლეები