• Ƀ/$

ციფრული მარკეტინგის უპირატესობები (ნაწილი II)

19 ოქტომბერი 17:25, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ციფრულ მარკეტინგს ტრადიციულთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, კომპანიას ხარჯების შემცირება და ლოიალურად განწყობილ მომხმარებელთა რაოდენობის გაზდრაა შესაძლებელი.

ნებისმიერი ბიზნესისთვის შემოსავლის უმთავრესი წყარო გაყიდვებია. ყიდვის გადაწყვეტილებას კი მომხმარებელი იღებს. შესაბამისად, მომხმარებლის ქცევის, სურვილებისა და საჭიროებების დადგენა გაყიდვების რაოდენობის გასაზრდელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიზნის მისაღწევად ციფრული მარკეტინგის გამოყენება უკეთესი საშუალებაა.


წინასწარი კვლევის უკეთესი შესაძლებლობა. ტრადიციულ მარკეტინგის პირობებშიც, ახალი პროდუქტის გამოშვებამდე კომპანია კვლევას ატარებს, რათა დაადგინოს სავარაუდოდ რა რაოდენობის მომხმარებელი იქნება მზად შეიძინოს აღნიშნული პროდუქტი შეთავაზებულ ფასად. იგივე კვლევის ჩატარება, უფრო მაღალი სიზუსტით ციფრულ სამყაროშიც შეიძლება. სამიზნე აუდიტორიის გამოყოფა ასაკობრივი, სქესობრივი ან რაიმე სხვა ნიშნით უფრო მარტივია. შერჩეულ აუდიტორიას თავისუფალ დროს პროდუქტის წინასწარი გაცნობის უკეთესი საშუალება ეძლევათ. გარდა ამისა იმავე დანახარჯით რაოდენობრივად უფრო მეტ ადამიანამდე მიღწევა ხდება შესაძლებელი, რაც კვლევის სიზუსტეს კიდევ უფრო ამაღლებს. გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. კვლევა არ უნდა იყოს ძალიან დიდი და არ უნდა შეიცავდეს ბევრ ღია კითხვას წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების შეწყვეტის და არაგულწრფელი პასუხების გაცემის რისკი.


უპირატესობა გლობალური მასშტაბით. დანახარჯის სხვაობა ტრადიციულსა და ციფრული მარკეტინგის წარმოებას შორის გლობალური კომპანიისთვის კიდევ უფრო დიდია ვიდრე ადგილობრივისთვის. ზოგიერთი კომპანიის ნაწარმი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, თუმცა ყველა მათგანში წარმომადგენლობა და ფილიალები არ გააჩნია, რის გამოც ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების აზრის გათვალისწინება ვერ ხერხდება. გლობალურ კომპანიას ძალიან პატარა ბაზრისთვის 100-200 ათასი არსებული ან პოტენციური მომხმარებელი, პროდუქციის დამატებით ხაზს ვერ შექმნის, მაგრამ რამდენიმე მილიონიან ბაზარზე გარკვეული, თუნდაც მცირე ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია. კმაყოფილი მომხმარებლის რაოდენობის ზრდა გაყიდვების ზრდას ნიშნავს, გაყიდვების ზრდა, შემოსავლების ზრდას.


მეტის მიღება ნაკლები დანახარჯით. რაოდენობრივად ნაკლები ადამიანის დაქირავება, არ აქვს მნიშვნელობა საქმიანობის სფეროს, მხოლოდ ნაკლებ გასაცემ ხელფასს არ გულისხმობს. 1 დაქირავებული ადამიანის ხარჯი მის შრომის ანაზღაურებას აღემატება, მისი შერჩევა და სამუშაო სპეციფიკას მორგება დროს და ფინანსებს მოითხოვს. განსხვავება შესამჩნევია სამუშაოს შესრულების ხარისხშიც, რადგან უფრო ადვილია 10 პროფესიონალი კადრის პოვნა ვიდრე 20-ის. ციფრული მარკეტინგის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ეკონომიის გაწევა ადამიანური რესურსების მართვასა და ლოჯისტიკაში.


მეტი შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში ციფრული მარკეტინგი იძლევა დამატებით შესაძლებლობებს როგორც კომპანიისთვის ასევე მომხმარებლისათვის. კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა დაუკავშირდეს მეტ პოტენციურ მომხმარებელს. უკეთ განმარტოს საკუთარი პროდუქციის მახასიათებლები და დადებითი მხარეები, შესთავაზოს სხვადასხვა დამატებითი მომსახურება, ლოიალურობის პროგრამაში ჩართვა, მოისმინოს მათგან შენიშვნები და რეკომენდაციები, გაიგოს მათი სურვილები, ფინანსური შესაძლებლობები. მოახდინოს პროდუქციის სეგმენტაცია... თავის მხრივ მომხმარებელს ეძლევა საშუალება უფრო უკეთ გაიცნოს შეთავაზებული პროდუქტი თუ მომსახურება. შეაფასოს მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ყიდვის გადაწყვეტილება. გაუზიაროს საკუთარი აზრი მწარმოებელს და მიიღოს მასზე უფრო მეტად მორგებული პროდუქტი არსებულთაგან საუკეთესო ფასად. სახლიდან გაუსვლელად კონკურენტებს შორის ფასებისა და მახასიათებლების შედარების დროს ძვირფას დროს მომხმარებელიც ზოგავს.


ციფრულ მარკეტინგი ნელ-ნელა თანამედროვე ბიზნეის განუყოფელ ნაწილად იქცა მაგრამ პანაცეა მაინც არ არის. ის უბრალოდ ტრადიციული მარკეტინგის ალტერნატივაა მეტი შესაძლებლობებით. მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა, მისი აზრის გათვალისწინება, შეთავაზების ტექსტის შინაარსის რეალობასთან თანხვედრაში ყოფნა, ხარისხის შენარჩუნება და განვითარებაზე ზრუნვა ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა. ისევე როგორც შესაბამისი პრომოუშენის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ბიზნესის წარმოება, მონოპოლისტების გამოკლებით, საუკეთესო მაარკეტინგიც, თუნდაც ეს იყოს ციფრული მარკეტინგი ადრე თუ გვიან ძალას დაკარგავს თუ თავად პროდუქტი ჩამორჩა დროს და ტექნოლოგიურ განვითარებას.


მსგავს თემაზე:

ციფრული მარკეტინგის უპირატესობები (ნაწილი I)



სხვა სიახლეები