• Ƀ/$

საპრეზიდენტო კანდიდატების ეკონომიკური დაპირებები და მათი შესრულების შესაძლებლობები

27 ოქტომბერი 13:11, 2018 წელი | ანალიტიკა

28 ოქტომბერს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. წინასაარჩევნო დაპირებები საკმაოდ ბევრია, რომელთა დიდი ნაწილიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცდება. 

ოფიციალურად დღეს ისევ 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს, თუმცა მასში რეკორდული რაოდენობის ცვლილებები განხორციელდა. თვისობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები 2013 წლიდან ამოქმედდა და საპრეზიდენტო რესპუბლიკა ნახევრადსაპარლამენტო რესპუბლიკად გადაიქცა. შემდეგ 5 წლის მანძილზე გარკვეული უფლებები პრეზიდენტს კიდევ ჩამოერთვა.


ცვლილებების შედეგად პრეზიდენტის ძირითად ფუნქციად საგარეო ურთიერთობების დალაგება და კრიზისების დროს, პოლიტიკური კრიზისი ან საომარი მდგომარეობა, ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება დარჩა. ჩამონათვალს ემატება პატიმრების შეწყალების უფლება და სხვა რამდენიმე არაარსებითი ფუნქცია. ქვეყნის შიდა პოლიტიკას მთლიანად პარლამენტი და მთავრობის გუნდი წარმართავს.


მეხუთე პრეზიდენტი უკანსკნელი იქნება, ვისაც საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი გზით აირჩევს და ერთადერთი, რომლის უფლებამოსილების ვადაც 6 წლით განისაზღვრება. 2024 წლიდან პრეზიდენტს 300–კაციანი კოლეგია აირჩევს 150 პროპორციული წესით არჩეული პარლამენტარი და ამდენივე წარმომადგენელი თვითმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან.


მიმდინარე არჩევნებზე ხშირად ისმის ეკონომიკური დაპირებები, რომლის შესრულებაც პრეზიდენტის კომპეტენციას სცილდება. უმთავრესად, ის პენსიის საკითხს ეხება.


ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პენსიის 50 ლარით გაზრდის პირობას დებს. იანვრიდან პენსია 20 ლარით, 200 ლარამდე ბიუჯეტის პროექტის მიხედვითაც იზრდება. ბაქრაძეს გამარჯვების შემთხვევაში, მისი დაპირების შესრულებას პარლამენტის თანხმობა და დამატებით 263 მილიონი ლარის მოძიება დასჭირდება. ბაქრაძის დაპირებებში შედის ასევე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება და ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენა.


დავით ბაქრაძისგან განსხვავებით დაპირებაში ბევრად უფრო გულუხვი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რომლის განცხადებითაც 400–ლარიანი პენსიის გაცემა დღესაც შესაძლებელია. საქართველოში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 730 000-ს შეადგენს, პენსიის კიდევ 200 ლარით გაზრდა ბიუჯეტიდან დამატებით 1.752 მლრდ ლარს საჭიროებს, რაც ჯამური გადასახდელების მაჩვენებლის (12.729 მლრდ ლარი) 13%-ს აღემატება. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით გადასახადების ზრდა დაუშვებელია. თავისუფლების აქტი კი ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზღვარს ადგენს, როდესაც ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებები ისედაც 2.16 მლრდ-ით იზრდება. ვაშაძე ასევე სასტიკი წინააღმდეგია კანაფის კულტივაციის, რომლის ექსპორტისგან ქართყლი ოცნება 1 მლრდ–იან შემოსავალს ელის.


დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართული ოცნების მხარდაჭერით სარგებლობს, დაპირებების ეკონომიკურ ნაწილში ნაკლებად აქტიურია. ის საუბრობს უფრო სტაბილურობაზე, რეგიონების განვითარებაზე, შესაძლებლობების წარმოჩენაზე, ევროკავსირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წახალისებაზე. თუმცა მის პროგრამაში ასევე ვკითხულობთ თემატური ტურიზმის განვითარების შესახებაც. 


გირჩის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ხშირად გამოსულა გადასახადებისა და ბიუროკრატიის შემცირების წინანადებით. ის ემხრობა პრივატიზაციის დაჩქარებასა და კანაფის კულტივაციას, რამაც ექსპორტისა და ტურიზმის ზრდა უნდა გამოიწვიოს. კოლორადოს შტატის მაგალითზე ჯაფარიძის დათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2 მლრდ-ით უნდა გაიზარდოს. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი აქცენტები უფრო ადამიანის უფლებებზე და ისეთი პატიმრების შეწყალებებზე კეთდება, რომელთა ქმედებასაც მესამე პირის დაზარალება არ გამოუწვევია.


2018 წელსაც, წინასაარჩევნოთ, უხვად ისმის ისეთი დაპირებები, როგორებიცაა ვიღაცისთვის წართმევა, ემიგრანტების დაბრუნება, მიგრანტების განდევნა, სამართლიანობის აღდგენა, უფლის მფარველობის მოპოვება და ა.შ.


საბოლოო ჯამში, ახალი პრეზიდენტის მიერ რადიკალური ცვლილების გატარება პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. პრეზიდენტს გარკვეულ შემთხვევაში აქვს პარლამენტის დათხოვის უფლება, მაგრამ პარლამენტს ასევე გააჩნია პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბერკეტები.


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


სხვა სიახლეები