• Ƀ/$

ბიტკოინი 10 წლისაა

2 ნოემბერი 10:55, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინი 10 წლის გახდა. საიუბილეო თარიღი საქართველოშიც აღნიშნეს. მას საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კრიპტოეკონომისტები უძღვებოდნენ.

ღონისძიებას რამდენიმე ორგანიზაციამ - საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ, კოინმანიამ, საქართველოს ბიტკოინის საელჩომ, ოქროს საწმისმა და ლუნა გრუპმა - უმასპინძლა.


„აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებაში და ამგვარი ღონისძიებები კიდევ მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო კრიპტოსაზოგადოებაში. კარგი იქნებოდა, რომ მეტი ჩართულობა ყოფილიყო მთავრობის მხრიდან, თუმცა... ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ მიმართულებითაც მივიღებთ სასიკეთო ცვლილებებს“ - აღნიშნა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ.


ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომლის გამოგონება სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილ ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს უკავშირდება. გამოგონების შესახებ საჯარო განცხადება ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად სატოში ნაკამოტომ 2008 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ხოლო 2009 წლიდან კი კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა P2P პრინციპზეა აგებული, რაც მთავარი სერვერის გვერდის ავლით, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე,  კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს.


ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, რომელიც რამდენიმე წელიწადში 200 მილიონი პროცენტით გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა და დღეს მისი ღირებულება $6380-ს შეადგენს.



მსგავს თემაზე:

ჯორჯ სოროსი ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყებას გეგმავს


ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია


ბიტკოინს რუსეთში შეზღუდვები ემუქრება


სავალუტო ფონდი კრიპტოვალუტას საფრთხედ არ მიიჩნევს


იაპონიაში ონლაინბირჟიდან $60 მლნ-ის კრიპტოვალუტა მოიპარეს



სხვა სიახლეები