• Ƀ/$

ლარის რეკორდული ვარდნის მიზეზები და ბუნდოვანი პერსპექტივა

6 ნოემბერი 12:45 | ფინანსები

ლარის გაუფასურება გრძელდება. 5 ნოემბერს ოფიციალური კურსი 1.32 თეთრით შეიცვალა და დოლარის ღირებულებამ 2.7383 შეადგინა. 6 ნოემბერს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 2.75-ს მიუახლოვდა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის („აფბა“) პრეზიდენტმა შოთა გულბანმა M2B-სთან საუბარში აღნიშნა, რომ „როგორც წესი, ეროვნული ვალუტის კურსი ეკონომიკური მდგრადობის ამსახველია, თუმცა, საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციები და კურსის ცვლილება აცდენილია ერთმანეთს. ვალუტის კურსი ფორმირდება Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, სადაც კურსზე ხელოვნური ზემოქმედების ალბათობა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მაღალია. ბანკებს კი ჭარბი სავალუტო რესურსები გააჩნიათ“.


შოთა გულბანის თქმით, „კითხვები კურსის ფორმირებასთან დაკავშირებით პროცესების გამჭვირვალობამდე იარსებებს. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. ერთ-ერთი შეიძლება იყოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა.2018 წლის 9 თვის მონაცემებით 718 მლნი ლარი აუთვისებელი დარჩა. ამავე პერიოდში M3 და M2 ფულადი აგრეგატები 11 და 12%-ით არის გაზრდილი, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახა კურსზე, ვინაიდან ფულის მასის ხელოვნური ზრდა და მისი გაუფასურება, პირდაპირპროპორციულია. პრევენციისთვის, ეროვნულ ბანკს შეუძლია სხვადასხვა მონეტარული ინსტრუმენტის გამოყენება, მაგალითად, სავალუტო ინტერვენციების“.


რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, „აფბას“ პრეზიდენტის აზრით, დანამდვილებით რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი კურსის მერყეობას გულისხმობს.


„ეროვნული ვალუტის გაუფასურება რომ ავიცილოთ თავიდან, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა დროულად უნდა შეიცვალოს. კერძოდ, იმის გარდა, რომ მაკროეკონომიკური ფონი უნდა გაუმჯობესდეს და დოლარიზააცის კოეფიციენტი უნდა შემცირდეს, ფულის მასის კონტროლიც უნდა განხორციელდეს“, – აცხადებს შოთა გულბანი.


მსგავს თემაზე:

ლარი თავისუფალ ვარდნაში


დოლარის ღირებულება 2.75-ს მიუახლოვდა



სხვა სიახლეები