• Ƀ/$

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებს და მეწარმეებს

7 ნოემბერი 21:33 | ტექნოლოგიები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული პროექტი, ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირების მხრივ ახალ ეტაპზე გადავიდა. ახალი პროგრამის დახურული წარდგენა ამავე უნივერსიტეტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება.

ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი.


16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind, შესაძლებლობას იძლევა გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი. ამასთან, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით,  მეწარმეობის, ინოვაციების და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს. პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.


ხელოვნური ინტელექტის რესურსი განუსაზღვრელია მსოფლიოში. ის თანდათან ინტეგრირდება ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა, წარმოება, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და ა.შ. განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდია და ის მნიშვნელოვნად ეხმარება ქვეყნებს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებაში.


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნებული სასწავლებელია, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ნაწილია. რეგიონისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ინოვაციური პროექტების განხორციელებით, უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებას. მსოფლიოს ისეთი წამყვანი მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციები როგორიცაა HP, IBM, Microsoft, DELL და სხვა, უნივერსიტეტთან დაფუძნების დღიდანვე თანამშრომლობენ.


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აგრეთვე პირველია რეგიონში, მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგულ სასწავლებელთან MIT-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება. უნივერსიტეტში ამჟამად 2000-მდე სტუდენტი სწავლობს.


გიორგი ჩახნაშვილი


გიორგი ჩახნაშვილი 16 წლის მოსწავლეა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში დაინტერესდა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმავა, მათ შორის შესწავლილი აქვს ათამდე პროგრამული ენა, უმაღლესი მათემატიკა, კალკულუსი, ხაზოვანი ალგებრა, აბსტრაქტული ალგებრა, ხელოვნური ნეირონული ქსელები და ა.შ. დღეს ის ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, უკვე ამუშავებს რამდენიმე პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმას, დიჯითალ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანური რესურსის დახმარების გარეშე მოიძიებს ინფორმაციას, დაამუშავებს, მოახდენს შედარებას და გააკეთებს მონაცემთა სრულ ანალიზს. მუშაობს ასევე სამეცნიერო გამოცემაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოგრაფიის ალგორითმებს, აბსტრაქტულ/მათემატიკურ ენაზე აღწერს.


დრო:              12:00 სთ, 8 ნოემბერი 2018


ადგილი:        სილიკონ ველი თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.82


კონტაქტი:      +995 599 280 606  ნატა კიზივაძე; +995 558 523 554 მარიამ მინაძე


სხვა სიახლეები