• Ƀ/$

თბილისში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო კონკურში 12 სახელმწიფო მონაწილეობს

8 ნოემბერი 11:28 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) პატრონაჟით თბილისში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი (EAWSC) „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიხსნა.  

კონკურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და საქართველოს ენოლოგთა კავშირის პრეზიდენტი მურმან ქურიძე დაესწრნენ.


ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი მაღალი პოტენციალის წარმოჩენა, რაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება.


კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიან ცნობილი ღვინის ექსპერტები. OIV-ის ოფიციალურ დამკვირვებლად წარმოდგენილია ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand, საფრანგეთი). ადგილობრივ ექსპერტებს შორის არიან ლადო უზუნაშვილი, ანა გოდაბრელიძე, დავით აბზიანიძე, შალვა ხეცურიანი და სხვები. (ჟიურის სრული სია: http://eawsc.com/eawsc-georgia#jury). აღნიშნულ ღონისძიებაში მაღალი დონის სპეციალისტების მონაწილეობა მიუთითებს, რომ საქართველო არა მარტო ღვინის სამშობლოა, არამედ მაღალი დონის ღვინის ფორუმების ჩატარების ადგილიც.


კონკურსში მონაწილეობს 12 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, უკრაინა, ბელარუსი) 78 მწარმოებელი.


9 ნოემბერს კახეთში, "შატო ზეგაანში"  დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები. კონკურსის შედეგად საუკეთესოდ დასახელებული ღვინოების შესახებ  სტატიების გამოქვეყნებას პოპულარული ამერიკული ჟურნალი „Wine Spectator“ გეგმავს.


მსგავს თემაზე:

10 თვეში ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა $162 მლნ-ს მიაღწია


იაპონელი სომელიეები საქართველოს ღვინის იმპორტის გაზრდის მიზნით ეწვივნენ



სხვა სიახლეები