• Ƀ/$

სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას პრემიერი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა

8 ნოემბერი 16:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ქვეყანა არც ძველ და არც ახალ ოკუპაციას არ შეეგუება. 

"მინდა, გამოვეხმაურო სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან.  ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ  მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად. პროცესის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარს, რომელთაც ასეთი ოპერატიული რეაგირება გამოიჩინეს და შეფასება მისცეს ამ პროცესს. ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა  საერთაშორისო თანამეგობრობისა და დარწმუნებულნი ვართ, ამ უსამართლობას აუცილებლად შევაჩერებთ.


ამავე დროს, ჩვენ განვაგრძობთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას. წელს, ზამთრის პერიოდში, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, გათბობით უზრუნველყოფის მიზნით მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ბენეფიციარისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა და ამავე დროს, გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება 2018-2019 წლებში." ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი 7 ნოემბერს კიდევ ერთხელ გადმოსწიეს. უკანონო ბორდერიზაციას ადგილობრივების სავარგულები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა მოაქცია.


მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


კონდოლიზა რაისის განცხადებით 2008 წელს თბილისი ვაშინგტონის ძალისხმევით გადარჩა


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები