• Ƀ/$

ქართული ხელოვნური ინტელექი საგანმანათლებლო სივრცეში ამოქმედდება

ექსკლუზივი
8 ნოემბერი 18:25 | ტექნოლოგიები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული პროექტი ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავიდა - ცოდნის მიღება მინიმალურ დროში.

ეს ნიშნავს, რომ ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცოდნის მიღება, უკვე დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი.


პროექტის პრეზენტაცია 8 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. პრეზენტაციას პროექტის ავტორი გიორგი ჩახნაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა და დეკანი ნინო ენუქიძე ესწრებოდნენ. პრეზენტაციის განმავლობაში დაანონსდა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის შექმნაც, სადაც სხვადასხვა სტუდენტები და სპეციალისტები შეიკრიბებიან და იმუშავებენ პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე.


16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind, შესაძლებლობას იძლევა გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი. ამასთან, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მეწარმეობის, ინოვაციების და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს. პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.


როგორც პროქტის ავტორმა M2B-სთან საუბარში აღნშნა, ეს არის უნიკალური პროექტი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არ აქვს - განსხვავებული ალგორითმი, რომელიც ტრანსკრიფციის, პუნქტუაციისა და განსაკუთრებული საძიებო ველის ფუნქციებით გამოირჩევა.


პროექტის შესახებ ისაუბრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ: ”ხელოვნურ ინტელექტს დღესდღეობით მსოფლიო საკმაოდ წარმატებით იყენებს განათლების მიმართულებით. საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია განათლების სფეროში და სასწავლო პროცესებში შედარებით სუსტია, სწორედ ამის გაძლიერებას ვცდილობთ ჩვენ. აღნიშნული პროდუქტი ადამიანებს ეხმარება, რომ იმ უზარმაზარი ინფორმაციიდან, რაც დღეს არსებობს, მოიძიონ ის მასალა, რაც კონკრეტულად მათთვის არის რელევანტური და ყველაზე ახლო. მაგალითად, თუ სტუდენტი აკეთებს რაიმე კვლევას, ხელოვნური ინტელექტი უმცირებს მას სასურველი ინფორმაციის მოძიების დროს. ამავე დროს, პროცესს უადვილებს ლექტორებსაც, ვინაიდან ლექტორს შეუძლია კონცენტრაცია გააკეთოს იმაზე, რაც მისი ძლიერი მხარეა და ინფორმაციის მოძიება გადაამისამართოს ხელოვნური ინტელექტისკენ, რაც უთავისუფლებს მას დროს და შესაბამისად, მისი რესურსის ოპტიმიზაციას აკეთებს“.


ხელოვნურ ინტელექტზე და მის სამომავლო განვითარებაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა თამუნა გველესიანმა თქვა, რომ „დღეს ხელოვნური ინტელექტი იქამდე დაიხვეწა, რომ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია თავისი ინდივიდუალური პლატფორმა შეიქმნას და გაიღრმავოს ცოდნა იმ სფეროშ და იმ ლიტერატურაზე დაყრდნობით, რომელიც კონკრეტულად მისი ინტერესის საგანია. პროექტის შემდგომი ფაზა არის ქართული ხელოვნური ინტელექტის შექმნა, იმისთვის, რომ გაიზარდოს ამ პროდუქტის შესაძლო მომხმარებელთა სია. იყოს საშუალება, რომ ქართველებმა შეძლონ მისი ქართულ ენაზე გამოყენება. ეს არ არის ხანგძლივი პროცესი და სულ რამდენიმე თვეში უკვე შესაძლებელი იქნება ქართული ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვა“.



გიორგი ჩახნაშვილი ხელოვნური ინტელექტით ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში დაინტერესდა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმავა, მათ შორის შესწავლილი აქვს ათამდე პროგრამული ენა, უმაღლესი მათემატიკა, კალკულუსი, ხაზოვანი ალგებრა, აბსტრაქტული ალგებრა, ხელოვნური ნეირონული ქსელები და ა.შ. დღეს ის ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, უკვე ამუშავებს რამდენიმე პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმას, დიჯითალ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანური რესურსის დახმარების გარეშე მოიძიებს ინფორმაციას, დაამუშავებს, მოახდენს შედარებას და გააკეთებს მონაცემთა სრულ ანალიზს. მუშაობს ასევე სამეცნიერო გამოცემაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოგრაფიის ალგორითმებს, აბსტრაქტულ/მათემატიკურ ენაზე აღწერს.


სხვა სიახლეები