• Ƀ/$

Ford-ი Walmart-სა და Postmates-თან ერთად უპილოტო მანქანებით პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს შექმნის

20 ნოემბერი 15:02, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Ford-ი Walmart-სა და Postmates-თან ერთად უპილოტო მანქანებით სასურსათო პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის შექმნას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.

ავტომწარმოებელმა ახალი სერვისის შექმნა გასულ ოთხშაბათს დააანონსა.


Ford-ი მიმდინარე წლის დასაწყისიდან თავის უპილოტო ავტომობილებს უკვე ტესტავდა, ახლა კი ავტოგიგანტი კომპანია Postmates-სთან კოლაბორაციით შეეცდება, გაარკვიოს, როგორ იმუშავებს საკვების ადგილზე მიტანის სერვისი უპილოტო ფურგონით.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკვების შესაბამის პირობებში შესანახად ამჟამად სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს ტესტავენ. გარდა ამისა, მიმდინარეობს ავტომობილების სხვადასხვა სიტუაციებში გამოცდაც. მაგალითად, ერთი გასვლით რამდენიმე ადგილზე საკვების მიტანის შესაძლებლობა და სხვ.


აღსანიშნავია, რომ Ford-ი ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც უპილოტო ავტომობილების ადგილზე მიტანის სერვისში დანერგვაზე ფიქრობს.  სან ფრანცისკოში არსებულ სტარტაპ კომპანია Udelv-ს შესაბამისი შეთანხმება აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც ოკლაჰომას დიდი სასურსათო ქსელი ადგილზე მიტანის სერვისისთვის უპილოტო ავტომობილებით მოამარაგოს. თავდაპირველად, კომპანიის  ნარინჯისფერი ავტომობილები ქალაქ სან მატეოში კომპანია Draeger’s Market-ისთვის ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობდნენ, ახლა კი ისინი პროდუქტების უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს  გაცილებით მეტი მომხმარებლისთვის მიიტანენ ადგილზე. კერძოდ, Udelv-ი Uptown Grocery-ის, Buy For Less-ისა და Smart Saver-ის მაღაზიების მომხმარებლებსაც მოემსახურება.


კიდევ ერთმა უპილოტო მანქანების სტარტაპმა AutoX-მა ახლახანს დააანონსა, რომ სან ხოსეში სურსათის ადგილზე მიტანას დაიწყებს. ხოლო 2016 წელს Google-ის თანამშრომლების მიერ  დაფუძნებული კომპანია Nuro სუპერმარკეტების გიგანტთან  Kroger ერთიანდება, რათა არიზონას მცხოვრებლებს სურსათი ადგილზე მიაწოდოს.


Ford-ს Postmates-თან თანამშრომლების პერიოდში მაიამიში არსებულ რამდენიმე კომპანიასთან მოუწია მუშაობა, მათ შორის Domino’s Pizza-სთანაც. ამჟამად კი Ford-ი მაიამის ქუჩებში რუკის მონაცემების შესაგროვებლად უპილოტო მანქანებს ტესტავს. თითოეულ ავტომობილს კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკან სპეციალურად შერჩეული მძღოლები მიჰყვებიან. ამასთანავე, ავტომწარმოებელი უპილოტო მანქანების შექმნაზე მუშაობს, რომელსაც პედლები და საჭე არ ექნება. აღნიშნული ავტომობილის გამოშვება 2021 წელსაა დაგეგმილი.


სხვა სიახლეები