• Ƀ/$

Brexit-ზე გარიგების დასადებად მეი ბრიუსელში მიდის. ესპანეთი პროცესის ჩაშლით იმუქრება

24 ნოემბერი 15:48, 2018 წელი | ანალიტიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ტერეზა მეი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე Brexit-ზე გარიგება უნდა შეთანხმდეს.

მეი სამიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს და ამის შემდეგ, კვირას, 25 ნოემბერს, გაერთიანების წევრი 28 ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბებიან  შეთანხმებისთვის მხარდასაჭერად.


ბოლო მომენტში შეხვედრის გამართვა ესპანეთმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ესპანელმა პრემიერ–მინისტრმა პედრო სანჩესმა პარასკევს, 23 ნოემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტი, შესაძლოა, არ შედგეს, თუ მადრიდი ჰიბრალტარის მომავლის გადაჭრის საკითხზე მყარ გარანტიებს არ მიიღებს.


„თუ არ არის შეთანხმება, – თქვა სანჩესმა. – ევროპის საბჭო (წევრი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით) არ შედგება“.


ჰიბრალტარი: 6,8 კვადრატული კილომეტრი, რომელმაც შესაძლოა Brexit ჩაშალოს


ჰიბრალტარი – ბრიტანეთის ზღვასიქითა ტერიტორიაა, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს. ამ მოსახლეობის 96%–მა ტერიტორიის ევროკავშირში დარჩენას დაცჭირა მხარი. ესპანეთი დიდი ბრიტანეთისგან წერილობით გარანტიას მოითხოვს იმის შესახებ, რომ ჰიბრალტარის საკითხზე მადრიდთან პირდაპირ კონსულტაციებს გამართავს.


სანჩესის განცხადება, შესაძლოა, ესპანეთის პროვინცია ანდალუსიაში დაგეგმილ არჩევნებსაც უკავშირდებოდეს. ეს მხარე ჰიბრალტარს ესაზღვრება.


შესაძლოა, ასეთი განცხადების დანიშნულება ელექტორატზე გავლენაა, წერს სააგენტო როიტერი ბრიუსელში თავის წყაროებზე დაყრდნობით.


ევროკავშირმა რომც დაამტკიცოს Brexit-ის გარიგება, მეის წინაშე ურთულესი ამოცადა კვლავ გადასაჭრელი დარჩება  – დაარწმუნოს ბრიტანეთის პარლამენტი, მხარი დაუჭიროს პროექტს. Brexit-ის არსებული პროექტის წინააღმდეგ ბრიტანეთის პარლამენტის ყველა ოპოზიციური პარტია და ათობით დეპუტატი გამოდის კონსერვატორებიდანაც.


სამიტის წინა დღეს, შაბათს, 24 ნოემბერს ტერეზა მეი ევროკომისიის ხელმძღვანელს ვან–კლოდ იუნკერსა და ევროპის საბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს შეხვდება.


რას დაამტკიცებს სამიტი?


ევროპის ქვეყნების ლიდერებს სამიტზე Brexit-ის ორი საკვანძო დოკუმენტის დამტკიცება მოუწევთ – პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთთან ურთიერთობებია აღწერილი, მათ შორის ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროებში და ასევე, გაერთიანებიდან გასვლის პირობების 585–გვერდიანი დოკუმენტი.


ეს შეთანხმება 21–თვიან გარდამავალ პერიოდში უნდა შედგეს, რომელიც 29 მარტს დაიწყო. ამ ერიოდში ბრიტანეთი ევროკავშირის საერთო ბაზრისა და საბაჟო კავშირის წევრად რჩება.


ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სამომავლო ურთიერთობების დეკლარაციას ხელი ხუთშაბათს, 22 ნოემბერს მოაწერეს.


ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირიდან გასვლის პროექტი 15 ნოემბერს დაამტკიცა, რის შემდეგაც კაბინეტი რამდენიმე მინისტრმა დატოვა, მათ შორის Brexit-ის მინისტრმა დომინიკ რააბმა.


მსგავს თემაზე:

ჯორჯ სოროსი Brexit–ის წინააღმდეგ


ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit შეათანხმეს



სხვა სიახლეები