სოფლის მეურნეობა
სკა
მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.

1712300077

1711543300

რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

1710917170

საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში შესაძლოა, დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან.ამის შესახებ მან სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების გამო, სოფლის მეურნეობის გაცოცხლებასა და საქართველოს სოფლის მოსახლეობის დახმარებას შეეხებოდა.„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია. ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ, შესაძლოა, დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რომ სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს. საქართველოს ასევე შეუძლია ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს. საქართველოს შეუძლია ისარგებლოს სოფლის განვითარების ინიციატივებით, რადგან ევროკავშირი სოფლის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ შეიძლება მიიღოს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და სოფლად ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად, ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას. გაწევრიანების პროცესმა უნდა წაახალისოს საქართველო, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობიანი აგრო ეკოსისტემების განვითარებას, რაც სოფლის მიმზიდველობას შეინარჩუნებს, ფერმერებისთვის სამართლიან შემოსავალს და ასევე სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.უფრო მეტიც, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ხშირად იღებენ მხარდაჭერას სასწავლო და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამებისთვის, რომლებიც ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ამ სფეროში პოლიტიკის შემქმნელების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამან შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციას და ეფექტიანობას ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას დაეხმარება. და თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პროდუქციის ხარისხს, მოუთმენლად ველი, რომ უფრო მეტი ეს პროდუქცია ევროკავშირის მაღაზიების თაროებზე დავინახო“, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩიმ.

1710764071

„გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული“ - „ჰერბია“

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბია“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ბოსტნეულის დიდი სიმცირეა, რის გამოც გადაწყდა, რომ  თითქმის მთელი რესურსი, დაახლოებით 95%  ქართულ ბაზარზე გაიყიდოს. ექსპორტზე კი აქცენტი, წლის მეორე ნახევარში ბულგარეთზე გაკეთდება.რაც  შეეხება 2023 წლის ტენდენციას, როგორც '„ჰერბიას“ დირექტორი აღნიშნავს, გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. თუმცა 2022 წელს მცირე რაოდენობა, 5%-ის ფარგლებში გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში გაიყიდა.„პანდემიის შემდგომი პერიოდიდან ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც „ჰერბიას“ გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება. წლიდან წლამდე სტაბილური ზრდა გვაქვს და ამ ტემპს წელსაც შევინარჩუნებთ. დროებით ვამბობთ უარს მასშტაბური ექსპორტის განხორციელებაზე, გაყიდვები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, რადგან მოთხოვნა ზრდადია. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, შემოდგომის პირს კი მცირე ნაწილს უკვე ევროპის ბაზარზე გავიტანთ, ძირითადად ბულგარეთში, სადაც ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და მაღალი ნდობითაც ვსარგებლობთ. რაც მთავარია,  უწყვეტობის კუთხით აქ არ გვაქვს პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან  განსხვავებით ნაკლებად პრეტენზიული ბაზარია,  მაშინაც, როცა მიწოდებაში შეიძლება წყვეტა გვქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.მიმდინარე წლის გეგმასთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა იქნება. ხოლო პროდუქციის ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 2000 ტონას გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა, რითაც რამდენიმე ქსელური მარკეტი მარაგდება. ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებას წარმოების დაახლოებით 25% უჭირავს.„დაჭრილი მწვანილის ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი დიასახლისების დიდი ნაწილი ცოტა დროს ატარებს სახლში, უმეტესობა დასაქმებულია, ამიტომ  დროის დაზოგვის თვალსაზრისით გამზადებული პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოთხოვნაც მატულობს, რასაც ჩვენი წარმოებაც ადეკვატურად პასუხობს. არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.ცნობისთვის, „ჰერბია“ მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.


სხვა სიახლეები
ეროვნული ნაკრები
ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა - ვინ დაწინაურდა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების მიხედვით, ათეულში გადაინაცვლეს ირაკლი აზაროვმა, რომლის ღირებულება 3 მლნ ევროა, ასევე, 21-წლამდელთა ასაკში გაბრიელ სიგუამ - 2,5 მლნ ევროთი.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.გთავაზობთ, ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს: 🔵 ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;🔵 გიორგი მამარდაშვილი - 35 ევრო;🔵 გიორგი მიქაუტაძე - 9 მლნ ევრო;🔵 ირაკლი აზაროვი - 3,5 მლნ ევრო;🔵 ოთარ კიტეიშვილი - 3 მლნ ევრო;🔵 საბა საზანოვი - 3 მლნ ევრო;🔵 გიორგი ჩაკვეტაძე - 2,5 მლნ ევრო;🔵 ზურიკო დავითაშვილი -2,5 მლნ ევრო;🔵 გიორგი გოჩოლეიშვილი - 2,5 მლნ ევრო;🔵 გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო.ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.„ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

საზოგადოება 1712731121

ციკლონი
2024 წელს აშშ-ში ტროპიკული ციკლონის რეკორდულ შემთხვევებს პროგნოზირებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წელს ტროპიკული ციკლონის განსაკუთრებულად აქტიური სეზონისთვის მოემზადონ. კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევრები აშშ-ში 2024 წელს ციკლონის 11 შემთხვევას პროგნოზირებენ, რაც ატლანტის ოკეანის ტემპერატურის ზრდითა და “ელ-ნინიოს” ფენომენითაა განპირობებული. კვლევის თანახმად, აღნიშნული პროგნოზი რეკორდულია მას შემდეგ, რაც 1995 წლიდან ექსპერტებმა “აპრილის პროგნოზის” გამოქვეყნება დაიწყეს.კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როგორ წარიმართება მოვლენები, თუმცა სანაპირო ქალაქებსა და კარიბის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.Euronews-ი განმარტავს, რომ ატლანტის ოკეანეში ციკლონების აქტიური სეზონი 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე გრძელდება, რაც ორი მთავარი ფაქტორითაა განპირობებული.პირველი ტროპიკული და სუბტროპიკული ატლანტის ოკეანის ზედაპირის რეკორდულად თბილი ტემპერატურაა, რადგან ციკლონთა მთავარი მაპროვოცირებელი სწორედ ოკეანის თბობაა, რასაც დაბალი ატმოსფერული წნევაც ემატება.მეორე ფაქტორი კი “ელ-ნინიოს” კლიმატის სეზონური ფენომენია. კვლევის თანახმად, “ელ-ნინიოს” ეფექტი ყველაზე მწვავედ აგვისტოდან ოქტომბრამდე გამოჩნდება.გარდა ტროპიკული ციკლონებისა, მიმდინარე სეზონზე აშშ-ში 23 დასახელების შტორმს პროგნოზირებენ, საიდანაც 11 ციკლონად გადაიქცევა. შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 1878, 1926, 1998, 2010 და 2020 წლებში ციკლონური სეზონი ანალოგიური აქტივობით გამოირჩეოდა.კვლევის თანახმად, 2024 წელს ციკლონთა აქტივობა 1991-2020 წლის საშუალოსთან შედარებით, 170%-ით უფრო აქტიური იქნება. 

სხვადასხვა 1712678400

Georgian Airways
Georgian Airways თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. პირდაპირი რეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს.ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.

საზოგადოება 1712670300

ბრინჯი
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს

ქვეყანაში ბრინჯის იმპორტი 1,5%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 2,257.72 ტონა ბრინჯი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,292.04 ტონა. მიმდინარე ორი თვის მაჩვენებლებით ქვეყანაში იმპორტირებული ბრინჯის საერთო ღირებულება 1,647.45 ათასი დოლარია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,579.30 ათასი დოლარის.ქვეყანაში იმპორტირებული ბრინჯის 58%-ი პაკისტანზე მოდის.🔵 პაკისტანი - 1,300.00 ტონა - 807.96 ათასი დოლარი,🔵 ინდოეთი - 466.30 ტონა - 410.56 ათასი დოლარი,🔵 ტაივანი, ჩინეთის პროვინცია - 200.00 ტონა - 141.00 ათასი დოლარი,🔵 ვიეტნამი - 189.00 ტონა - 145.05 ათასი დოლარი,🔵 თურქეთი - 68.05 ტონა - 65.81 ათასი დოლარი.2024 წლის ორ თვეში საქართველომ ბრინჯი 11 ქვეყნიდან იყიდა.

ეკონომიკა 1712664600

ერაზე დიზაინ სასტუმრო „არტიზანი“
ვერაზე დიზაინ სასტუმრო „არტიზანი“ და ბარ-რესტორანი „იაკობის ეზო“ იხსნება

თბილისის ცენტრში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, მაღალი კლასის სასტუმრო „არტიზანი“ და ბარ-რესტორანი „იაკობის ეზო” იხსნება. პროექტის გახსნა 15 მაისსაა დაგეგმილი და ის Collective Hospitality-სა და იაკობ ნიკოლაძის ფონდის ხუთწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია.Სასტუმრო „არტიზანი“ 82 სხვადასხვა კატეგორიის თანამედროვე სტანდარტების ნომერს, საკონფერენციო დარბაზსა და ფიტნეს ოთახს აერთიანებს. პირველი სართულის შიდა და გარე სივრცეები იაკობ ნიკოლაძის მუზეუმის ეზოსთან ერთად, რესტორან „იაკობის ეზოს“ და listening ბარს დაეთმობა. სასტუმროში ასევე განთავსებულია specialty ყავის სახალავი ზონა, სადაც სტუმრებს ადგილზე მოხალული არტიზანული ყავის დაგემოვნება შეეძლებათ.სასტუმროს არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის ნაწილზე, Collective Hospitality-ს გუნდთან ერთად, „Laboratory of Architecture N3“-მა და დიზაინერმა ესმა ხეცურიანმა იმუშავეს. Მათ მიერ შექმნილი მოდერნისტული არქიტექტურა და რომანტიზმით შთაგონებული ინტერიერი, საინტერესო სინთეზს ქმნის ქალაქის ურბანულ ცხოვრებასთან.პროექტის ავტორების თქმით, სასტუმროს უნიკალურობა სამეწარმეო საქმიანობისა და იაკობ ნიკოლაძის სამუზეუმო სივრცის კონცეპტუალურ და ფუნქციურ ერთიანობაშია.„ჩვენი მიზანი, საუკუნოვანი ისტორიით სავსე ადგილისთვის ახალი სიცოცხლის მიცემაა, სადაც ხელოვნება, კულინარია და სტუმარმასპინძლობა ერთად საინტერესო ახალ ისტორიებს შექმნის”, - აცხადებენ კომპანიაში.აღსანიშნავია, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია და ის საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ბიზნესი 1712662080

მშენებლობა
რამდენი მიმდინარე მშენებლობა შეჩერდა თბილისში და რა მიზეზით

თბილისში 2024 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში 134 მიმდინარე მშენებლობა შეჩერდა - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრენიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. ამასთან, 2023 წელს დედაქალაქში შეჩერებული მიმდინარე მშენებლობების რაოდენობამ 420 შეადგინა.რაც შეეხება მიზეზებს, მიმდინარე მშენებლობების შეჩერება განხორციელდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სამუშაოების კოდექსის“ 127-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს უნებართვო მშენებლობას, სანებართვო პირობების დარღვევას ან უკანონოდ წარმოებული მშენებლობების დემონტაჟს.„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ 2023 წელს შეჩერებული იქნა 420 მიმდინარე მშენებლობა, ხოლო 2024 წელს - 134 მიმდინარე მშენებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. კითხვაზე, შეჩერებული მშენებლობებიდან, რამდენი იყო საცხოვრებელი კორპუსი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გვიპასუხეს:„გაცნობებთ, რომ განცხადებაში მოთხოვნილ ფუნქციური მონაცემების სტატისტიკას, ზემოთ აღნიშნული სამსახური არ აწარმოებს“, - აღნიშნულია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება 1712661165