• Ƀ/$

თბილისის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს

3 დეკემბერი 15:28 | ეკონომიკა

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, დედაქალაქის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება.


„დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს იმ თანადგომისთვის, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით არსებობს. 2019 წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, მილიარდ ლარს გადააჭარბებს. აქედან 35%, ანუ 327 მლნ ლარი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაიხარჯება, ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 455 მლნ ლარი, ეკოლოგიისთვის - 88 მლნ ლარი, გამწვანებაზე კი 26 მლნ ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


კალაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში მართვის პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განხორციელდა.


„სწორი მენეჯმენტის გარეშე, შეუძლებელია ვისაუბროთ წარმატებაზე და ის პროექტები განვახორციელოთ, რომლებიც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც მერიაში მოვედით, პირველ რიგში, ინსტიტუციური რეფორმების გატარება დავიწყეთ, რის შედეგადაც, ურბანული განვითარების სამსახური შეიქმნა, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი და სწორად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განისაზღვრა სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურები, შეიქმნა „ეკოსერვის ჯგუფი“ - ე.წ. თბილისის მებაღე. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც გამწვანებაზე, სკვერების, პარკების მოვლა-პატრონობაზე ზრუნავენ. ასევე, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ინსპექციის არსებობა, რომლის თანამშრომლებიც ქალაქში წესრიგს იცავენ, მშენებლობებს აკვირდებიან, და აქტიურ მონიტორინგს ახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია ის სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც თბილისში განხორციელდა და ამისთვის მან განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პარლამენტს, დეპუტატებსა და დედაქალაქის საკრებულოს გადაუხადა.


თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია 3 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.


მსგავს თემაზე:

თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება


EBRD-მა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 15 მლნ ევრო გამოყო


თბილისში რეაბილიტაცია 1.68 მლნ კვადრატულ მეტრ გზის საფარს ჩაუტარდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი