• Ƀ/$

2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

3 დეკემბერი 16:34, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის დაბინძურების მკვეთრი შემცირება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა.


„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მოგვარება, განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გვაქვს გადადგმული. არსებული ავტობუსების პარკი მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება. უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა. ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა და გამარჯვებული კომპანია მალე გამოვლინდება. 2019 წელს ვამზადებთ ტენდერს 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. როგორც დაგპირდით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების შესყიდვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში 750 ერთეული ავტობუსის შეძენა მოხდება, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.


2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს; ეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება; სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით,  მგზავრობის დროს შეამცირებს.


„უკვე გვაქვს კონკრეტული ქუჩები - შარტავა-კოსტავას მონაკვეთები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ მიმართულებით, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და მტკვარი შესაბამისად გამოვიყენოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


მსგავს თემაზე:

თბილისში რეაბილიტაცია 1.68 მლნ კვადრატულ მეტრ გზის საფარს ჩაუტარდა


თბილისის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს



სხვა სიახლეები