• Ƀ/$

სამეგრელოში სტიქიით მიყენებული ზარალი 7 მილიონს აღემატება

5 დეკემბერი 15:38 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია.

გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. სპეციალურმა კომისიამ კი დაითვალა სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, 7 მილიონ ლარს აღემატება. 698 საცხოვრებელი სახლი სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი, ამავე ცნობით, დასრულების ფაზაშია.


დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ამ დრომდე მიმდინარეობს. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც 2 სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა და ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, ხიდის რესტავრაციამდე მათ მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. განმუხურში დაზიანებული ამფითეატრის ზარალს მოწვეული ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები.


რამდენიმე მუნიციპალიტეტში, სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა, ხოლო მათ აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარე დღეებში დასრულდება.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი