• Ƀ/$

ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პოლონეთში გაიმართა

10 დეკემბერი 12:24, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

პოლონეთში ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო ჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გამომცემლობა „ვინისფერა“ (Vinisfera.Pl) იყო.


ფილმის ჩვენებაზე მოწვეული იყო 30-მდე პოლონელი ღვინის პროფესიონალი: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენების დროს გაიმართა სხვადასხვა ქვევრის ღვინის დეგუსტაცია.


ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო ჩქეფს“ რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა გასულ წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.  ამავე ფილმის ჩვენება ნოემბერში საერთაშორისო გამოფენა “EnoExpo”-ს ფარგლებშიც გაიმართა და პროფესიონალების დიდი დაინტერესება გამოიწვია.


პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები იმართება. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3 მლნ-ზე მეტი  ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა.


მსგავს თემაზე:

უზბეკეთში ქართულმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა


11 თვეში ექსპორტზე 78 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა



სხვა სიახლეები