• Ƀ/$

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

13 დეკემბერი 23:03, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ევროკავშირმა კიდევ 6 თვით – 2019 წლის ივლისის ბოლომდე – გაახანგრძლივა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანცქიები.

„მინსკის მოლაპარაკებებში ნულოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ევროკავშირი ერთხმად ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.


ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებმა მოსკოვისგან ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი სამხედრო მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ევროკავშირის ლიდერებს ქერჩის კრიზისის გამო რუსეთისთვის ახალი სანქციები არ დაუწესებიათ.


ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერისთვის დაუწესა და შემდგომ ეს შეზღუდვები ყოველ 6 თვეში ერთხელ ხანგრძლივდება.


არა „ჩრდილოეთის ნაკადს“


მანამდე, ხუთშაბათს გახდა ცნობილი, რომ ევროპის პარლამენტი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელსაც დეპუტატები „პოლიტიკურ პროექტად“ მიიჩნევენ.


რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 433-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 105, ხოლო თავი 30-მა დეპუტატმა შეიკავა.


ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის ენერგომომარაგების ქსელისთვის უკრაინა საკვანძო როლს თამაშობს, ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, ნათქვამია დოკუმენტში.


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისთვის სანქციების დაწესებას 12 დეკემბერს დაუჭირა მხარი და მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, უარი თქვან პროექტში მონაწილეობაზე. ამ დროისთვის აშშ-ის კონგრესი დაახლოებით 10 კანონპროექტს განიხილავს, რომლებიც რუსეთისა და მისი ენერგეტიკული კომპლექსის წინააღმდეგაა მიმართული.


გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ორი მილის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ-ს შეადგენს. მილსადენი რუსეთის ბალტიის სანაპიროდან გერმანიამდე შენდება.


პროექტის მოწინააღმდეგეების, მათ შორის პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და დანიის წარმომადგენლების მტკიცებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროკავშირის „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის.


ანტიირანული სანქციების ირიბი გავლენა რუსეთის ენერგოსექტორზე


ხუთშაბათს, 13 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობისა და გაზის რუსულმა სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“, რომელიც ირანში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას გეგმავდა, ისლამურ რესპუბლიკაში მუშაობა გადაიფიქრა. მიზეზი – აშშ-ის ანტიირანული სანქციებია.


ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ „როსნეფტის“ ტოპმენეჯერებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.


ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ირანულ მხარესთან ზაფხულში მას შემდეგ შეწყდა, რაც აშშ-მა ირანს სანქციები აღუდგინა. მეორე წყაროს თქმით, ირანიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიის შეცვლაც გახდა: ამიერიდან „როსნეფტი“ რუსეთის შიდა ბაზარზე აპირებს ზრდას.


„ირანულ მხარესთან „როსნეფტს“ არანაირი ვალდებულებები არ ჰქონია, სახელმწიფო კომპანიას ფული არაფერში ჩაუდია, ასე რომ, დანაკარგებიც არ იქნება“, – უთხრა გაზეთს ინფორმაციის წყარომ.


სხვა სიახლეები