• Ƀ/$

სავალუტო ფონდმა საქართველოს $41.6 მლნ გამოუყო

20 დეკემბერი 12:24, 2018 წელი | ფინანსები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი" საქართველოს პროგრამის მესამე მიმოხილვა დაასრულა.

ქვეყნის ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, ხორციელდება შეუფერხებლად, რაც თავის მხრივ გონივრული მაკროფინანსური პოლიტიკისა და ჯანსაღი რეფორმების განხორციელების შედეგია.


საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც ძლიერია, მაგრამ ეკონომიკაზე მოქმედი, შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია.


სტრუქტურული რეფორმების განხორციელების გაგრძელება აუცილებელია მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად.


ამა წლის 19 დეკემბერს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მიმდინარე სამწლიანი პროგრამის მესამე მიმოხილვა  ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა. ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს დე ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად სსფ-დან ჩამორიცხვები ამ პროგრამის ფარგლებში 120 მილიონ ეს დე ერ-ს (166.3 მილიონი აშშ დოლარი) გაუტოლდება. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამა სულ 210.4 მილიონი ეს დე ერ-ის, ანუ საქართველოს კვოტის 100 პროცენტის ჩამორიცხვას ითვალისწინებს. მიმდინარე პროგრამა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა. პრესრელიზი No. 17/130).


2018 წლის ბოლოსთვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ზოგი კრიტერიუმი შესრულებულია მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. პროგრამის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი შესრულდა ორი კვირის დაგვიანებით.


საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ინფლაცია სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ ნარჩუნდება და ქვეყნის საგარეო პოზიცია ძლიერდება. მაღალი შემოსავლებისა და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენის შედეგად 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით ბიუჯეტის სალდო დადებითია.


2019 წლისთვის შეთანხმებული ბიუჯეტის დეფიციტი მართებულად უზრუნველყოფს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას, კაპიტალური და სოციალური ხარჯების მატების ფონზე.


საშუალოვადიანი ფისკალური გეგმები, მათ შორის დაგეგმილი განათლების რეფორმა, უნდა შეესაბამებოდეს ფისკალური მდგრადობის მიზანს და ახლდეს ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები.


ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, გაცვლითი კურსის მოქნილ რეჟიმთან ერთად, კვლავ კარგ სამსახურს უწევს საქართველოს. მონეტარული პოლიტიკა კვლავაც ვითარების შესაბამისია. საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს საგარეო გაურკვევლობის ზრდის ფონზე, საქართველოს საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის გათვალისწინებით.


სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი, მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა. პრიორიტეტებს შორისაა: ახალი კანონის მიღება კორპორაციათა გაკოტრების შესახებ და კარგად შედგენილი, ყოვლისმომცველი რეფორმა საგანმანათლებლო სფეროში.


საქართველოსა და სავალუტო ფონდის თანამშრომლობის ისტორია სათავეს 1992 წლიდან იღებს. მსოფლიო ბანკისგან განსხვავებით, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უჭერს მხარს, სავალუტო ფონდის ძირითადი მიზანი მონეტარული სტაბილურობაა.


მსგავს თემაზე:

სავალუტო ფონდი ლარიზაციის პროექტს მხარს უჭერს


სავალუტო ფონდი ახალი ეკონომიკური კრიზისის ალბათობაზე ალაპარაკდა



სხვა სიახლეები