• Ƀ/$

2018 – მთავარი ეკონომიკური მოვლენების ჭრილში

28 დეკემბერი 14:43, 2018 წელი | ანალიტიკა

2018 წელს საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა ვიხილეთ. იყო პოლიტიკური პროცესებიც, რომლებმაც ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა იქონია.

1)      ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება.  მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში 1–ლი იანვრიდან შევიდა. უდიდესი პოტენციალის მიუხედავად, 11 თვის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტი მხოლოდ 0.9%-ით – $2 მლნ-ით – $190 მლნ-მდე გაიზარდა. შენელებული ზრდის მთავარი მიზეზი საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის სიმწირეა. 190-დან $151 მილიონი სპილენძის მადნებზე მოდის, რაც საცალოდ არ ივაჭრება და მის მოთხოვნაზე გავლენას სხვა ფაქტორებიც აჩენენ. ექსპორტი ჩინეთში უკვე 2-ჯერ გაიზარდა ნახტომისებურად, პირველად 2010 წელს 6-დან 27 მლნ-მდე და შემდეგ 2014 წელს 33-დან 90 მლნ დოლრამდე. ზრდა სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ არა ამ ტემპით. ექსპორტისგან განსხვავებით იმპორტი 11 თვეში 21.4%-ით $777 მლნ-მდე გაიზარდა. თუ ექსპორტის წილი 7.4%-დან 6.3%-მდე შემცირდა, იმპორტის პირიქით 9-დან 9.4 პროცენტამდე გაიზარდა.


 


თუმცა, იმპორტის ზრდას ადგილობრივი მწარმოებლები არ დაუზარალებია, რადგან მსგავსი პროდუქცია: გამომთვლელი მანქანები, აირის ტურბინები... საქართველოში არ იწარმოება.


2) რეკორდული ექსპორტი. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ექსპორტმა 11 თვეში $3 მლრდ-ს გადააჭარბა. წინა რეკორდი 2013 წელს დაფიქსირდა – წლიური $2.91 მლრდ, რასაც შემდგომ 3 წელიწადში 28%-იანი ვარდნა მოჰყვა. ზრდა მხოლოდ 2017 წლიდან დაიწყო. გასშუალებული მონაცემით, მიმდინარე წელს ექსპორტმა $3.3 მლრდ-ს უნდა გადააჭარბოს. მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად ექსპორტი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 900 დოლარია, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი ესტონეთში $11 000-ს უდრის, ირლანდიაში კი $28 000-ს. ექსპორტმა მომსახურების ექსპორტის ჩათვლით მშპ-ის 50%-ს გადააჭარბა, 2008 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 29% იყო. ზრდა ძირითადად ტურიზმმა განაპირობა.



3)      რეკორდული ტურიზმი. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 11 თვეში 8.1 მლნ-ს გადააჭარბა. ეს 10.6%-იანი ზრდაა. ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო ვიზიტორებში +11.9%, რის შემდეგაც მათმა რიცხვმა 6.74 მლნ-ს გადააჭარბა. რაც შეეხება უშუალოდ ტურისტებს, 17.2%-იანი ზრდის შედეგად მათი რაოდენობა 659 ათასით 4.49 მლნ-მდე გაიზარდა. 10 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 19.9%-ით $2.8 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი $3 მლრდ-ს გადააჭარბებს. მართალია, როგორც ვიზიტორების, ასევე ტურისტების ჭრილში მეზობელ სახელმწიფოებს კვლავ დომინანტი როლი უკავიათ, მაგრამ ამავე დროს პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროპის ქვეყნებიდანაც: ესტონეთი +80%, ნიდერლანდები +58%, გერმანია +50%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, ბრიტანეთი +32%... აგრეთვე აზიის სახელმწიფოებიდან: კორეა +117%, ჩინეთი +80%. აშშ-დან ზრდამ 24% შეადგინა. მთელი წლის განმავლობაში ვიდეორგოლები ტრიალებდა და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აშუქებდა რეიტინგულ ტელეარხებზე: BBC, EURONEWS, National Geographic… საქართველო 2023 წლის სნოუბორდისა და თხილამურებით თავისუფალი სტილით სრიალის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა. 29 დეკემბერს კი რეგიონში ყველაზე გრძელი 7.5 კმ-იანი კობი-გუდაურის საბაგირო გზა იხსნება, რის შემდეგაც სტეფანწმინდიდან გუდაურში მოხვედრა 15 წუთში გახდება შესაძლებელი.



4)      მარიხუანის ლეგალიზების მცდელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სახის სანქცია გაუქმდა. მალევე პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნაბადართული უნდა გამხდარიყო კანაფის კულტივაციაც, სამედიცინო დანიშნულებით მისი შემდგომი ექსპორტის მიზნით. საუბარი იყო $1 მლრდ-იან შემოსავალზე წელიწადში, რაც ამჟამინდელი ექსპორტის 30%-ით ზრდას ნიშნავდა. იდეას გაჟღერებისთანავე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და მას "ავღანეთიზაციია" უწოდეს პროექტის ავტორთა ოპონენტებმა. კანონპროექტს განსაკუთრებული წინააღმდეგობა საპატრიარქოში შეხვდა. ეკლესია, მიუხედავად არაერთი საკონსულტაციო შეხვედრისა, გმობს მსგავსი კანონპროექტის თუნდაც განხილვას.  მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ლეგალური მარიხუანას ექსპორტით პირველ ადგილზე ბრიტანეთია, მეორეზე კი კანადა და არა ავღანეთი ან რომელიმე ტოტალურ ქაოსში ჩაძირული სახელმწიფო, იდეამ მაინც ფიასკო განიცადა. კანონპროექტი უკან გაიწვიეს.



5)      საბანკო რეგულაციები. მოსახლეობაში ჭარბვალიანობის მიზეზით ეროვნულმა ბანკმა პარლამენტის მხარდაჭერით დაკრედიტების პირობები საკმაოდ გაამკაცრა. რეგულაციების ნაწილი უკვე ამოქმედდა, ნაწილი კი 1–ლი იანვრიდან შევა ძალაში. ცვლილებების თანახმად, მსესხებელს აღარ შეუძლია უძარვი ქონების იპოთეკით დატვირთვა, თუ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. სესხის გაცემა იკრძალება პირზე, რომელსაც დადასტურებული შემოსავალი არ გააჩნია, ხოლო მათზე, ვისაც აქვს შემოსავალი, ლიმიტები წესდება. PTI კოეფიციენტის თანახმად, 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებისთვის სესხის მოსახურებისთვის მაქსიმალური ზღვარი ხელფასის 20%–ით განისაზღვრა, ანუ მას, ვისაც 800 ლარი აქვს ხელფასი, ვერ აიღებს ისეთ სესხს, რომლის მომსახურებაც თვეში 160 ლარზე მეტი დაუჯდება.



6)      სავალდებულო ტექდათვალიერება. პირველი იანვრიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ამოქმედდა სავალდებულო ტექდათვალიერების სისტემა. თავდაპირველად რეფორმა სატვირთოებს, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს შეეხო, შემდეგ სამთავრობო ავტოპარკს. მოგვიანებით იმ მსუბუქ ავტომობილებს, რომელთა ძრავის მოცულობა 3000 კუბურ სანტმეტრს აღემატება. შემოწმებული ავტომობილების 25%-ზე მეტი წუნდებული აღმოჩნდა, მათგან მხოლოდ ნაწილმა გაიარა ხელახალი ტექდათვალიერება. ამასთან ერთად გამოვლინდა სავალი ნაწილის თხოვებისა და ყალბი მოწმობების გაცემის ფაქტებიც. უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნები მკაცრი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში მოძრავი ავტომობილების 46% 20 წელზე მეტი წლისაა, 45% 11-20 წლის, 6 წლამდე კი მხოლოდ 3.6%. რეფორმა 2019 წელსაც გაგრძელდება და ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება, გამონაკლისების გარდა (4 წლამდე ასაკის), ასეთი მხოლოდ 1.3 პროცენტია, ასევე, 1960 წლამდე გამოშვებულ და ისეთ ავტომობილებს, რომელთა სიჩქრეც 25 კმ/სთ-ს არ აღემატება.



7)      საპენსიო რეფორმა. საპენსიო რეფორმა უკვე დამტკიცებულია და ის 1–ლი იანვრიდან პრინციპით 2+2+2 ამოქმედდება. 40 წლამდე ასაკის ყველა დასაქმებული სქემაში სავალდებულო წესით ერთვება, 40 წლის ზემოთ – ნებაყოფლობითია. საპენსიო მოსაკრებლიდან 2%-ს თავად დასაქმებული იხდის თავის ხელფასიდან, 2%-ს დამსაქმებელი, კიდევ 2% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება. პროექტის ავტორები შენატანების სავალდებულობას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებით ამყარებენ და აცხადებენ, რომ დაზოგვის კულტურის არარსებობის გამო ნებაყოფლობით სისტემაში ძალიან ცოტა ადამიანი ჩაერთვებოდა, რაც მას ვერ აამუშავებდა. ასაკით პენსიონერთა რაოდენობა დღეს 730 000-ს აჭარბებს. მათი როგორც რაოდენობა, ასევე ხვედრითი წილი, მუდმივად იზრდება.



8)      ანაკლიის პორტის მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადასვლა. ანაკლიის პორტზე ტენდერი 2014 წელს გამოცხადდა. მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წელს კი ის აქტიურ ფაზაში შევიდა. ზღვიდან, პორტის აკვატორიის დაღრმავების მიზნით, 5 მლნ კბ/მ ქვიშა ამოიტვირთა. სამუშაოებს გემი „ათენა“ ასრულებდა. უკვე 2020 წელს პორტმა პირველი პანამაქსის ტიპის გემი უნდა მიიღოს. მისი ჩართულობა ასევე განიხილება ავღანეთიდან სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების პროცესშიც. საბოლოოდ პორტი 2069 წელს უნდა დასრულდეს და გამტარუნარიანობამ 100 მლნ ტონას მიაღწიოს.



9)      პრემიერ-მინისტრის ცვლილება. "ქართული ოცნების" მთავრობის რიგით მესამე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 13 ივნისს თანამდებობიდან გადადგა. პრემიერის სავარძელი ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაიკავა. კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. მისი განმარტებით, უკვე გადამდგარმა პრემიერ–მინისტრმა დააგვიანა საბანკო რეგულაციების შემოღება, რამაც ჭარბვალიანობას შეუწყო ხელი. ასევე გააკრიტიკა მოგების გადასახადის დაჩქარებული რეფორმა. გადადგომიდან 3 თვის შემდეგ 24 სექტემბერს კვირიკაშვილი EBRD-ს საერთაშორისო მრჩევლად დაინიშნა.



10)      საპრეზიდენტო არჩევნები. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე კუთხით იყო გამორჩეული 1). უკანსკნელი არჩევნები საყოველთაო კენჭისყრით; 2). პრეზიდენტობის ვადა 5-ის ნაცვლად ერთჯერადად 6 წლით განისაზღვრა; 3). დაინიშნა მეორე ტური; 4). პრეზიდენტი გახდა ქალი; 5). ინაუგურაცია ჩატარდა თელავში. საპრეზიდენტო მარათონში ჩართული 25 კანდიდატიდან 50%-იანი ბარიერის გადალახვა პირველ ტურში ვერც ერთმა ვერ შეძლო. მეორე ტურში 38.6%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი და მმართველი ძალის მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და 37.7%-ით გაერთიანებული ოპიზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაზე გადავიდნენ. მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა, სადაც ზურაბიშვილმა ხმათა 59.52%-ის მოპოვება შეძლო. მეხუთე პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 16 დეკემბრიდან შეუდგა.



სხვა სიახლეები