სოფლის მეურნეობა
თხილი
რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

1711543300

1710763935

საქართველოში უკანონო ნადირობის 700-მდე ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონი დასრულდა, თუმცა გასული წლების მსგავსად სექტორში გამოწვევები მრავლადაა, სამონადირეო მერნეობების ფინანსური პრობლემების გარდა, დარღვევების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ძირითადად აკრძალული იარაღით ან და აკრძალულ სახეობებზე ნადირობას, მომზიდავი ელექტონული მოწყობილობების გამოყენებას და სალიცენზიო პირობების დარღვევას უკავშირდება.საქართველოში სულ 13 სამონადირეო მეურნეობა არსებობს, ხოლო გასულ სეზონზე, უკანონო ნადირობის 700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდა, დანარჩენი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკრძალული იარაღით ნადირობის 344 ფაქტია გამოვლენილი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომელიც 2023 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასე გამოიყურება:🔵 სულ, სამართალდარღვევების რაოდენობა -  691🔵 უკანონო ნადირობა (სისხლის სამართალი)  - 4🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 344🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გარეშე - 214🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 10🔵 იმ სახეობაზე ნადირობა, რომელზეც აკრძალულია - 27🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 92🔵 ჩამორთმეული ე.წ. მანოკების რაოდენობა - 372🔵 ჩამორთმეული სანადირო თოფების რაოდენობა - 141გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე „ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, რომ დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახდენს კონტროლს და სამწუხაროდ სამართალდარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია.„დეპარტამენტმა გააძლიერა მუშაობა, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ მონიტორინგის პროცესში სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ გადავხედავთ, ძირითადად სამონადირეო მეურნეობები კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქარელსა და რაჭაშია. ამ ტერიტორიებზე თუ კარგად განვითარდება სამონადირეო ტურიზმი და სამონადირეო მეურნეობაშიც სწორად წარიმართება პროცესები, აქ განვითარებული ეკოტურიზმი საკმაოდ კარგი შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის”, -აცხადებს მაია ჩხობაძე.ცნობისთვის, სამონადირეო მეურნებაში დაშვებულია მხოლოდ ცხოველებზე ნადირობა, მის გარეთ კი გადამფრენ ფრინველზე, მონადირეს სეზონის მანძილზე მხოლოდ 10 ლარიანი ქვითრის შეძენა უწევს.სამონადირეო მეურნეობების შექმნის მიზანი გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა, გამრავლება, მათი საბინადრო პირობების უზრუნველყოფა და ორგანიზებული ნადირობის დაგეგმვაა.

1710313506

ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის სასჯელი გამკაცრდება - პრემიერი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების საჭიროებაზე

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება - ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 11 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ არის უფრო ნაკლები დანაშაული, თუ სხვა მძიმე დანაშაულებთან შევადარებთ."რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხზე. იყო ინფორმაცია, რომ კონკრეტულ რეგიონებსა და ხეობებში იჭრება ტყეები. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ვერ ვიტყვი, რამდენად მართალია ეს ინფორმაციები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულების პრევენცია. მე მინდა, რომ [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის] სამინისტრომ და ძალოვნებმა შესაბამისი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. ძალიან მძიმე დანაშაულია ხე-ტყის უკანონო მოპოვება. არა ნაკლებ მძიმე დანაშაულია, სხვა მძიმე დანაშაულებს, რომ შევადაროთ, იქიდან გამომდინარე რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის.აქედან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყოვნებლივ დავიწყებთ", - განაცხადა პრემიერმა.შეგახსენებთ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სასჯელი ბოლოს, 2018 წელს გამკაცრდა. მაშინ, ცვლილებები შევიდა როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსშიც. 

1709812585

საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.


სხვა სიახლეები
ხახვი
ქართული წარმოების ხახვის საექსპორტო ფასი გაიზარდა - რომელი ქვეყანა ყიდულობს ყველაზე ძვირად

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ხახვის იმპორტი 22,6%-ით შემცირდა. თუ მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებულია 1,934 მლნ დოლარის ხახვი, გასული წლის იმავე პერიოდში 2,499 მლნ დოლარის ხახვი ვიყიდეთ.რაც შეეხება საიმპორტო ფასს, 2024 წლის პირველ ორ თვეში 1 კგ ხახვის ფასი 0.33 დოლარი იყო, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 0.39 დოლარი. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 1 კგ ხახვის საიმპორტო ფასი 15%-ით შემცირდა.საქართველოში ხახვის იმპორტიორი ძირითადი ქვეყნებია რუსეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ირანი და უზბეკეთი. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ყაზახეთი საქართველოსა და აზერბაიჯანში ხახვის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. EastFruit-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს ყაზახეთი აღნიშნულ ქვეყნებში 160 ათას ტონა ხახვს გაიტანს. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა წილი უჭირავს ყაზახეთს საქართველოში ხახვის იმპორტში. საქსტატის მონაცემების თანახმად, ყაზახეთი ხახვის უმსხვილეს იმპორტიორთა შორის მე-2 ადგილზეა, მისი წილი კი ხახვის იმპორტში 32%-ს შეადგენს.2024 წლის პირველ ორ თვეში ყაზახეთიდან იმპორტზე შემოვიდა 624 ათასი დოლარის 2 030 ტონა ხახვი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს 1 კგ ყაზახური ხახვის იმპორტი 0.31 დოლარი უჯდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის იანვარ-თებერვალში ყაზახეთთან ხახვის იმპორტი არ განხორციელებულა.რაც შეეხება ქართული წარმოების ხახვის ექსპორტს, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 4%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში 17 880 დოლარის 21.09 ტონა ხახვი გავიტანეთ ექსპორტზე, ხოლო გასული წლის იანვარ-თებერვალში 18 630 დოლარი 25.27 ტონა.აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული წარმოების ხახვის საექსპორტო ფასი მიმდინარე წელს 0,85 დოლარი იყო, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 0,74 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ხახვის საექსპორტო ფასი 15%-ით გაიზარდა.ხახვი ადგილობრივ ექსპორტზე საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში გავიტანეთ. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველაზე ძვირი 1 კგ ქართული ხახვის იმპორტი აზერბაიჯანს უჯდება (1 დოლარი), სომხეთს - 0.69 დოლარი, ხოლო რუსეთს 0.8 დოლარი.

ეკონომიკა 1711789405

ვაშლი
საქართველო უკრაინიდან ვაშლის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია

EastFruit-ის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და პოლონეთის მხრიდან საზღვრის ბლოკირების მიუხედავად, უკრაინა ვაშლის ექსპორტის შესაძლებლობებს ავითარებს. მონაცემების თანახმად, უკრაინამ 2024 წლის იანვარში სხვადასხვა კონტინენტზე ჯამში 22 ქვეყანაში შეძლო ვაშლის გატანა.აღნიშნულ პერიოდში უკრაინისთვის ვაშლის მთავარი ბაზარი, წითელ ზღვაში არსებული ლოჯისტიკური პრობლემების მიუხედავად, არაბეთის გაერთიანებული საემიროები იყო, სადაც ჯამში გაიტანა 2,5 ათასი ტონა ვაშლი.მონაცემების მიხედვით, უკრაინის ვაშლის ექსპორტში ემირატებს, საუდის არაბეთსა და ერაყს მთლიან წილში 60% უჭირავთ. რაც შეეხება ათეულის სხვა ქვეყნებს, უკრაინიდან საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ვაშლი ექსპორტზე გავიდა უზბეკეთში, თურქეთში, შვედეთში, მალაიზიაში, იორდანიაში, ომანსა და საქართველოში.

ეკონომიკა 1711789296

ბროწეულის წვენი
ქართული წარმოების ბროწეულის წვენი შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს - „ახალი სეზონიდან ველოდებით შეკვეთებს“

გასულ წელს „ხორნაბუჯმა“ 80 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან 130 ტონა ბროწეულის მოსავალი მიიღო. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა გოგა ყაჯრიშვილმა განუცხადა, გასულ წელს ძლიერი სეტყვის გამო არასტანდარტული ბროწეულის მოსავალი მიიღეს.მიუხედავად ამისა, „ხორნაბუჯმა“ ნატურალური წვენის გადამმუშავებელი ქარხანა გააკეთა და მოსავლის წვენად გადამუშავება შეძლო. ყაჯრიშვილის თქმით, მიღებული მოსავლიდან ბაზარზე მხოლოდ 20-25 ტონამდე ბროწეული გაიყიდა, დანარჩენი კი წვენად გადამუშავდა.„გასული წელი შედარებით მძიმე იყო იმიტომ, რომ სეტყვებმა გადაგვიარა, არასაბაზრო/არასტანდარტული პროდუქტის დაკრეფა მოგვიწია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წვენის ქარხანა დავდგით, ამან ისეთი დაბრკოლება ვეღარ შეგვიქმნა, რამდენიც იმის წინა წელს“, - ამბობს დირექტორი. კომპანიას ბროწეული ექსპორტზე არ გააქვს და ჯერჯერობით არც აპირებს. რაც შეეხება ნატურალურ წვენებს, „ხორნაბუჯს“ მოლაპარაკება აქვს სომხეთთან, ოთხ ქარხანაში უკვე გაგზავნილია ქართული წარმოების ბროწეულის წვენი და ახალი სეზონიდან ელოდებიან შეკვეთებს.„სომხეთის ოთხ ქარხანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, გაშვებული გვაქვს საცდელი პარტიები. ახალი სეზონიდან ველოდებით შეკვეთებს. გვაქვს პოტენციალი, რომ ვაშლის გარდა ყველა ხილის წვენი დავწუროთ, როგორც ქლიავი, ასევე, ატამი, გარგარი, ყურძენი და ა.შ“, - ამბობს ყაჯრიშვილი.ბროწეულსა და მის ნატურალურ წვენებზე ბაზარზე სეზონურად მოთხოვნა დიდია, ფასი კი ერთ ლიტრზე სტაბილურად 2-დან 3 ლარამდე მერყეობს.„ვაწარმოებთ ნატურალურ წვენებს, ვასხამთ შემდეგ 200-ლიტრიან ჭურჭელში. ჩვენი ბრენდით ამ ეტაპზე არსად არ ვართ შესულები. „გუდვილს“ ვემსახურებით, მათი „რა კაიას“ წვენები ჩვენია. გაუყიდველი არ გვრჩება პროდუქცია, იმიტომ, რომ სეზონზე საკმაოდ მოთხოვნადია და გარდა ამისა, მერე სამაცივრიდანაც გადის ხოლმე წლის განმავლობაში.რაც შეეხება „ხორნაბუჯის“ სამაცივრეს, 12-კამერიანია და ჯამში 360 ტონა პროდუქციის დატევა შეუძლია. როგორც ყაჯრიშვილი გვიყვება, სამაცივრე ძირითადად მათ პროდუქციას ინახავს.„მაცივარი უფრო ჩვენი მოხმარებისთვის არის იმიტომ, რომ სიღნაღის რეგიონში პირველი შემოდის ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული და ადვილად იყიდება, მათ სამაცივრეში შენახვა არ სჭირდება. სეზონს ჩვენ ვხსნით. სამაცივრე გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენივე წარმოებული პროდუქცია შევინახოთ“, - განაცხადა გოგა ყაჯრიშვილმა.

ბიზნესი 1711788000

ჯორჯ კლუნი
ჯორჯ კლუნი ღვინის წარმოებას იწყებს

ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი, ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალი ორი სახეობის, თეთრი და წითელი ღვინის წარმოებას გეგმავენ. ინფორმაციას სამხრეთ საფრანგეთის ადგილობრივი გაზეთი, Var Martin ავრცელებს.ყურძენი კლუნებს ოთხ ჰექტარ ვენახში მოჰყავთ, რომელიც სამხრეთ საფრანგეთის Coteaux Varois en Provence-ის დასახელებაში მდებარე მსახიობის კუთვნილ დომენ დე კანადელის სამკვიდროში არის გაშენებული. ჯორჯ კლუნმა ის 2021 წელს შეიძინა. ვენახში, ძირითადად, ვერმენტინოს (Vermentino) ჯიშის ვაზი არის მოყვანილი.მოსავალი ადგილობრივ კოოპერატივს უკვე გადაეცა. კლუნების წყვილმა კონსულტანტად მეღვინე ლორენს ბერლემონტი დაიქირავა, რომელიც, ასევე, მეღვინეობა Château Miraval-ში ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლისთვის, ასევე, Château Marguï-ში “ვარსკვლავური ომების” რეჟისორ ჯორჯ ლუკასისთვის მუშაობს.ლორენს ბერლემონტი აცხადებს, რომ კლუნი მეტად მოკრძალებული ადამიანია და ღვინის გემო კარგად იცის.მისი ცნობით, კლუნის პირველი ღვინოები უახლოეს თვეებში ბრენდ La Bastide Saint-Georges-ით (“წმინდა გიორგის სოფლის სახლი”) გამოვა. ჯერ უცნობია, არის თუ არა ეს მსახიობის სახელზე მიზანმიმართული მინიშნება.

სხვადასხვა 1711786320

წიგნები
თსუ-ს სტუდენტებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება - პროექტისთვის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი გამოიყო

თსუ-ს ცნობით, გასული წლის ნოემბერში შემუშავებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტში ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად 350 ათასი ლარი გამოიყო.„ახალ სახელმძღვანელოებში მოიაზრება, როგორც უცხოური სახელმძღვანელოების თარგმნა, ასევე ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა. ამ საქმისთვის თსუ-ში შეიკრიბება სპეციალური კომისია, რომელსაც პროფესორი მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიაში თსუ ყველა ფაკულტეტიდან შესული 2-2 წევრი შევა, რომლებიც ფაკულტეტებთან ერთად განსაზღვრავენ პრიორიტეტებსა და საჭირო კრიტერიუმებს: თუ რა ტიპის, რომელი კურსის, რა სახის სახელმძღვანელოები უნდა შეიქმნას, რამდენ სტუდენტს სჭირდება ესა თუ ის სახელმძღვანელო, რა მოცულობის უნდა იყოს ნაშრომი, თარგმანის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, ნაშრომი ლიტერატურულად და სტილისტურად უნდა იყოს გამართული. სახელმძღვანელოებზე იმუშავებენ თსუ პროფესორები, რომლებიც სამეცნიერო მუშაობისთვის და სასწავლო ლიტერატურის მომზადებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საათების ფარგლებში შექმნიან მათ და ამ საქმეში დამატებით მიეცემათ ჰონორარი.ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება უნივერსიტეტის სტამბაში, მათი 3-3 ეგზემპლარი კი საჩუქრად გადაეცემა სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვადასხვა 1711781280

ვალუტის კურსი
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9063 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9112 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0833 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 მარტს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1711717654