• Ƀ/$

2018 წლის ლარის კურსის ცვალებადობის მიზეზები და 2019 წლის მოლოდინები

2 იანვარი 14:00 | ფინანსები

ლარის კურსს 2018 წელსაც მერყეობა ახასიათებდა, თუმცა განსხვავებით 2015-2016 წლებისგან 2017 წლის მსგავსად რყევის ამპლიტუდა მეტნაკლებად შემცირებული იყო.

2015 წლის 1 იანვარს 1 დოლარი 1.88 ლარი ღირდა, სექტემბერში მისმა ღირებულებამ 2.45-მდე მოიმატა +30%. წლის ბოლოს კი მცირედით გამყარდა და კურსი 2.39-ზე დაფიქსირდა. რყევის მაქსიმალურმა წლიურმა მაჩვენებელმა 57 თეთრს მიაღწია.


2016 წელს 2.39-ით დაწყებული კურსი ივნისში ჯერ 2.13-მდე გამყარდა, შემდეგ დეკემბერში 2.78-მდე გაუფასურდა და რამდენიმე დღეში 2.65-მდე გამყარდა. ივნისიდან დეკმბრამდე დოლარი 31%-ით გაძვირდა. რყევის მაქსიმალურმა წლიურმა მაჩვენებელმა ამჯერად უკვე 65 თეთრს მიაღწია.


2017 წელს მაქსიმალური რყევის მაჩვენებელი 34 თეთრამდე შემცირდა და ლარი 6 თეთრით 2.65-დან 2.59-მდე გამყარდა.


2018 წლის 1 იანვარს დოლარი 2.67 ღირდა, აპრილში მისი ფასი 2.40-მდე შემცირდა და აგვისტომდე 2.45-ს მხოლოდ რამდენიმე დღით ასცდა. აგვისტო-სექტემბერში თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურებამ გავლენა ლარზეც მოახდინა. მართალია წმინდა მაკროეკონომიკური გათვლებით მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება ამ ქვეყნიდან საშუალოვადიან პერსპექტივაში იმპორტის ზრდას უნდა იწვევდეს, თუმცა როდესაც საქმეში მოლოდინები ერთვება სიტუაცია იცვლება. 2 კვირაში თურქული ლირა 4.92-დან 6.95-მდე გაუფასურდა და ამით საკუთარი ანტირეკორდი დაამყარა. იმავე პერიოდში დოლარის ღირებულება 63-დან 70.5 რუბლამდე გაიზარდა. 70-იან ნიშბულს რუბლი 2016 წლის მარტის შემდეგ პირველად გადასცდა. ლარიც სექტემბერში 2.62-მდე ნოემბერში კი 2.75-მდე გაუფასურდა, ეს უკანასკნელი ეროვნულმა ბანკმა ძირითადად არჩევნების მეორე ტურს და  მისგან შექმნილ მოლოდინებს დაუკავშირა.


მართალია წლის განმავლობაში ლარი მთავარ ვალუტასთან - დოლართან 8 თეთრით გაუფასურდა, მაგრამ ამავე დროს ევროსთან 4.4 თეთრით, გირვანქასთან კი 9.4 თეთრით გამყარდა. თავად დოლარი სხვა ძირითად ვალუტებთანაც გამყარდა ევროსთან 1,20-დან 1.14-მდე, ფუნტთან 1.35-დან 1.27-მდე, შვეიცარიულ ფრანკთან 1.02-დან 1.01-მდე, ჩინურ იუანთან 0.15-დან 0.14-მდე.



როგორ შეიცვლება კურსი 2019 წელს მისი ზუსტი წინასწარმეტყველება შეუძლებელია, თუმცა სხვა თანაბარ პირობებში რყევების შემცირება და მეტნაკლები სტაბილურობის მიღწევაა შესაძლებელი.


სხვა სიახლეები