• Ƀ/$

2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი IV გლობალური პოლიტიკა)

12 იანვარი 14:00 | ანალიტიკა

მარსზე ელექტრომობილის გაშვება, კრიპტოკაპიტალიზაციის 85%-იანი ვარდნა, ადამიანის სხეულში ახალი ორგანოს აღმოჩენა, ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა... ეს 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების არასრული ჩამონათვალია.

კორეის ნახევრანკუნძულზე ომის თავიდან აცილება. თვითიზოლაციაში მყოფი ჩრდილოეთ კორეა პერიოდულად გააქტიურდებოდა ხოლმე, თუმცა 2017 წელს კიმ ჩენ ინის მიერ ბირთული გამოცდების რაოდენობამ ვაშინგტონი ადრინდელზე მეტად გააღიზიანა. თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ვითარებას გამკაცრებული სანქციებიც აღარ შველოდა, რამაც შესაძლო ომის ალბათობა საგრძნობლად გაზარდა, რაც პოტენციურად მილიონობით უდანაშაულო კორეელისა და იაპონელის სიკვდილს ნიშნავდა. კიმის რაკეტები აშშ-მდე ვერ მიაღწევდა, თუმცა ომის შემთხვევაში არ იყო გამორიცხული მას ბირთული დარტყმები სამხრეთ კორეისთვისა და იაპონიისთვის მიეყენებინა. სიტუაციამ გამოსწორება თებერვლიდან დაიწყო, როდესაც ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში ფიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას დათანხმდა. აპრილში 2 კორეის ლიდერი ერთმანეთს სასაზღვრო სოფელში შეხვდა, 12 ივნისს კი სინგაპურში კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. შეთანხმება ბევრ საკითხზე შედგა, მათ შორისაა: სრული დენუკლერიზაცია, სანქციების მოხსნა, სატრანსპორტო კავშირების აღდგენა... თუმცა მთავარ მიღწევად ჯერ მხოლოდ ომის საფრთხის თავიდან აცილება შეიძლება ჩაითვალოს.



სკრიპალების საქმე. წლის ყველაზე დიდ სკანდალად ანალიტიკოსებმა სკრიპალების მოწამვლის საქმე შეაფასეს. უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშები არავის უყვარს, მათ ყველგან მოღალატეებად მიიჩნევენ და საკმაოდ მკაცრადაც სჯიან. თუმცა 2 მიზეზის გამო სკრიპალების საქმე მაინც გამონაკლისს წარმოადგენდა: 1) თავდასხმა განხორციელდა ბრიტანეთში 2) თავდასმის ობიექტი 2010 წელს თავად პუტინმა შეიიწყალა, უფრო სწორედ ბრიტანეთს სხვა დაკავებულებში გაუცვალა, მაგრამ საპატიმრო მაინც მისი ნებით დატოვა. სკრიპალი 4 მარტს სოლსბერში ქალიშვილთან ერთად ნოვიჩოკის გაზის საშუალებით მოწამლეს. თუმცა ორივე მათგანი გადაჩა. ბრიტანეთმა თავდასხმაში ეჭვმიტანილები გამოავლინა, მაგრამ რუსეთმა ისინი ტურისტებად მონათლა და სატელევიზიო ინტერვიუებიც კი ჩამოართვა, თუმცა ფაქტი ირიბად დაადასტურა. რუსულ ტელეარხებზე გადიოდა სიუჟეტები, თუ როგორ ასრულებენ ცხოვრებას მოღალატეები. დასტურის ყველაზე უტყუარ მტკიცებულებად კი თავად დანაშაულის იარაღი - ნოვიჩოკი შეიზლება ჩაითვალოს, მსგავსად 2006 წელს ლიტვინენკოს მკვლელობის შემთხვევაში რა დროსაც ასევე ყოფილი აგენტი იმავე ბრიტანეთში რადიაქტიური ნივთიერებით პოლონიუმით მოწამლეს. ეს მაშინ როცა სპეცსამსახურების ხელში არსესბობს ისეთი სასიკვილო პრეპარატები, რომლებიც კვალს არ ტოვებს. კვალის დატოვების მიზანს კი ძლიერების დემონსტრირება წამოადგენდა. მომხდარის შემდეგ აშშ-მა, კანადამ, ავსტრალიამ და ევროპის სახელმწიფოებმა საელჩოებიდან 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევა. სოლიდარობის ნიშნად 1 დიპლომატი საქართველომაც გააძევა (შვეიცარიის საელჩოდან). რუსეთზე და რუსულ კომპანიებზე სანქციები გაფართოვდა. არსებობდა მუნდიალის ჩაშლის ოლოდინიც, თუმცა საბოლოოდ ბოიკოტი არ შედგა.



სირიის კონფლიქტი. თუ კორეის ნახევარკუნძულზე ომის საფრთხემ გადაიარა, სირიაში სისხლისღვრა არ შეწყვეტილა, თუმცა არც მასშტაბები გაზრდილა, რისი მოლოდინიც საკმაოდ მაღალი იყო. სიტუცია 7 აპრილს გამწვავდა, როდესაც ასადის ძალებმა ქიმიური გაზი გაუშვეს, რის საპასუხოდაც 14 აპრილს აშშ-იმ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს. სარაკეტო და ავიაიერიშებს მსხვერპლი არ მოჰოლია, სამაგიეროდ განადგურდა დამასკოს ქიმიური ლაბორატორია. 


სირიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სამოქალაქო ომში 2011 წელს გადაიზარდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან რომ ამ რიცხვმა უკვე 500 000-ს გადააჭარბა. საკუთარი სახლის დატოვება მოსახლეობის ნახევარზე მეტს 10 მილიონ ადამიანს მოუწია. 2 მილიონზე მეტი ქვეყნიდან გავიდა უმეტესმა ნაწილმა ევროპის ქვეყნებში ლტოლვილის სტატუსი მიიღო. ყველაზე საკამათო ეკონომიკური ზარალია. სრულყოფილი კვლევა ამ საკითხზე არ ჩატარებულა და ომის მიმდინარეობის პერიოდში ვერც ჩატარდება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი 3 წლის წინ $200 მლრდ-ს ასახელებდა, ბოლოს კი თანხა გააორმაგა და განაცხადა რომ სირიის ინფრასტრუქტურის აღდგენას მინიმუმ 10 წელი და $400 მლრდ დასჭირდება.



შეტეკება ქერჩის სრუტეში. წლის ბოლოს სიტუაცია უკრაინის ტერიტორიულ წყლებშიც გამწვავდა. 25 ნოემბერს 3 უკრაინული ხომალდი მარიუპოლის პორტისკენ მიემართებოდა, რის შესახებაც რუსეთი წინასწარ იყო ინფორმირებული. ქერჩის სრუტის გავლისას რუსულმა სამხედრო ფლოტმა უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა, საქმეში ჩაერთო ავიაციაც რის შედეგადაც დაატყვევეს სამივე უკრაინული გემი და 23 სამხედრო. სროლისას დაიჭრა 6 უკრაინელი ჯარსიკაციც. მოსკოვი კიევს რუსეთის ტერიტორიული წყლების ხელყოფაში ადანაშაულებს, რასაც უკრაინა კატეგორიულად უარყოფს. უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან.


2014 წელს, მას შემდეგ რაც პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გააძევეს, რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა, მალევე დაიკავა აღოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებიც, სადაც დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული მთავრობები ჩამოაყალიბა. თუმცა ამ ტერიტორიას რუსეთი ოფიციალურად ისევ უკრაინის ნაწილად მიიჩნევს. გამოუცხადებელ ომს 6000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.



უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის სურვილი ჯერ კიდევ 28 წლის წინ, დამოიკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაისვა, თუმცა მას ქვეყნის გარეთ დიდი მხარდაჭერა არ მოუპოვებია. სიტუაცია 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიცვალა. საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა 2018 წელს შეიძინა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელიც ფორმალურად მსოფლიო საპატრიარქოს სახელსაც ატარებს, სწორედ ამ დროს დათანხმდა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.


2018 წელს დაწყებული პროცესი მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა, რიდესაც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა 5 იანვარს ტომოსს ხელი მოაწერა, 6 იანვარს კი ის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს მიტროპილიტ ეპიფანეს გადასცა. ცერემონიას პრეზიდენტი პოროშენკოც ესწრებოდა.


აღნიშნული გადაყვეტილება რუსეთისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. როგორც სასულიერო პირები, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლები ფაქტის კომენტირებისას აგრესიას ვერ მალავდნენ. მათი ნაწილი რომ თეორიულად უშვებდა, რომ უკრაინელ მრევლს აქვს ავტოკეფალიის მიღების უფლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას რუსეთის საპატრიარქო მიანიჭებს. რუსეთის გაღიზიანება არავის გაკვირვებია. ძალიან მცირე დროში მან 40 მლნ-იანი მრევლი და პოლიტიკური გავლენა დაკარგა.



2018 წელი გამორჩეული იყო სავაჭრო ომის, თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობების გამწვავების, ევროპის ქვენების ნაწილის მიერ რუსული გაზის ალტერნატივის ძიების დაწყების, კალიფრონიის მასშტაბური ხანძრის, მარიხუანასთან დამოკიდებულების ლიბერალიზაციის, ხორვატიის მუნდიალზე მეორე ადგილზე გასვლის მხრივ.


2019 წელს მოსალოდნელია დაწყებული პროცესების გაგრძელება: როგორებიცაა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება, კონფლიქტი სირიაში, დაძაბულობა რუსეთ-უკრაინას შორის... გამორიცხული არც სიურპრიზებია.


მსგავს თემაზე:

2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი I ასტრონომიული სიახლეები)


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი II ტექნოლოგიური სიახლეები)


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი III ეკონომიკა)



სხვა სიახლეები