სოფლის მეურნეობა
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712910417

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.

1712138148

„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

1711543300

რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.


სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება მცირედით გაიზარდა

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მაგისტრალური გაზსადენებით დაახლოებით, 11,133,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, რაც 1,2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირებამ დაახლოებით 5,582,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეადგინა, რაც სამი თვის განმავლობაში 1,3 პროცენტით ზრდას ასახავს და ბუნებრივი გაზის მთლიანი ექსპორტის 50,1%-ს შეადგენს.ამასთან, 2024 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში მაგისტრალურმა მილსადენებმა 9,644 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გადაზიდეს.

ეკონომიკა 1713262204

თიბისი
თიბისი ბიზნესმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ვორქშოფებს უმასპინძლა

თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა.თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდონ პროდუქტი ონლაინ. კურსს უძღვებოდა  ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და "QisaBags"-ის დამფუძნებელი ეკატერინე რამიშვილი.შეხვედრაზე, რომელსაც 30 ადამიანი ესწრებოდა, განხილული იყო შემდეგი თემები: ელექტრონული კომერციის ტიპები; ონლაინ ბაზრების ტიპები; Amazon-ის მიმოხილვა ( FBA, FBM); Amazon Brand Registry - ბრენდის პოზიციონირება ამაზონზე; SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი; Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები; ლენდინგ გვერდის ტიპები და სტრუქტურა; პროდუქტის ონლაინ სივრცეში განთავსების წესები; Pinterest პლატფორმის მიმოხოლვა; საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები; Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი და რენკინგის ფაქტორები; საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყობის გამოყენება; (SEMRUSH, Keyword Magic Tool) SEO (On-Page; Off-Page; Technical SEO; Local SEO); Google Search Console ხელსაწყოს პრაქტიკული გამოყენება; SEM - საძიებო სისტემის მარკეტინგი Google Ads მიმოხილვა. გორში გამართული ვორქშოფის მთავარი თემა კი საგადასახადო საკითხები იყო, რომელსაც უძღვებოდა აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.ვორქშოფზე საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

ბიზნესი 1713261163

მარწყვი
რომელია მარწყვის 2023 წლის მთავარი იმპორტ-ექსპორტიორი ქვეყნები - Comtrade-ის რეიტინგი

მარწყვის მთავარი იმპორტიორი 2023 წელს აშშ-ი იყო, რომელმაც საზღვარგარეთ 267 ათასი ტონა კენკრა შეიძინა და რაც მსოფლიო იმპორტის 30%-ს შეადგენს. მონაცემებს გაეროს პლატფორმა, Comtrade ავრცელებს.მთლიანობაში, 2023 წელს მარწყვით გლობალურმა ვაჭრობამ, მინიმუმ, 900 ათასი ტონა შეადგინა.მეორე ადგილზე გერმანიაა, რომელმაც ქვეყანაში 114 ათასი ტონა მარწვი შეიტანა და რაც მსოფლიო იმპოირტის 13%-ია, ხოლო მესამეზე 108 ათასი ტონა მარწვის იმორტით კანადაა, რომლის წილიც მსოფლიო იმპორტში 12%-ია. მარწყვის გლობალური იმპორტიორების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:🔵 აშშ - 267 ათასი ტონა🔵 გერმანია - 114 ათასი ტონა🔵 კანადა - 108 ათასი ტონა🔵 დიდი ბრიტანეთი - 56 ათასი ტონა🔵 საფრანგეთი - 54 ათასი ტონა🔵 რუსეთის - 51 ათასი ტონა🔵 ნიდერლანდები - 33 ათასი ტონა🔵 პოლონეთი - 28 ათასი ტონა🔵 ბელგია - 27 ათასი ტონა🔵 მექსიკა - 26 ათასი ტონარაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, ტრადიციულად, მარწყვის უმსხვილესი ექსპორტიორი ესპანეთი იყო, რომელმაც სხვა ქვეყნებს ამ კენკრის, დაახლოებით, 27% მიაწოდა. ამასთან, აბსოლუტური მაჩვენებლებით, მსოფლიო ბაზრებზე ესპანეთის მიწოდება 14%-ით, 247 ათას ტონამდე შემცირდა.აღსანიშნავია, რომ მე-10 იმპორტიორი ქვეყანა, მექსიკა ამავე დროს მარწყვის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა, იმის მიუხედავად, რომ მისი ექსპორტი 8%-ით, 185 ათას ტონამდე შემცირდა. ასევე, პირველი იმპორტიორი ქვეყანა, აშშ-ი მარწყვის ექსპორტიორთა პირველ სამეულს ხურავს, რომელმაც ექსპორტი 3%-ით, 152 ათას ტონამდე გაზარდა.ხუთეულში, ასევე, შედის საბერძნეთი 75 ათასი ტონითა და ნიდერლანდები 62 ათასი ტონა ექსპორტით.თურქეთმა საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ 38 ათასი ტონა მარწყვი გაყიდა.

ეკონომიკა 1713260400

რუსული ელექტრომატარებელი, „ლასტოჩკა“
გაგრის შემდეგ რუსული „ლასტოჩკა“ წელს სოხუმშიც შევა

რუსული ელექტრომატარებელი, „ლასტოჩკა“ სოხუმის სადგურში სატესტო რეჟიმით პირველად 25 აპრილს შევა. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს დე ფაქტო აფხაზეთის რკინიგზის მთავარმა ინჟინერმა, ლეონიდ ყურუამ განუცხადა.მისი თქმით, გაგრიდან სოხუმისკენ მიმავალ რკინიგზის მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს, რომელიც ორ-სამ დღეში დასრულდება. კერძოდ, რემონტდება საკონტაქტო ქსელი, რომლის ხარვეზიც ლაბორატორიული ვაგონის დახმარებით დაფიქსისრდა, ხოლო ადგილზე სარემონტო ჯგუფი რუსეთის რკინიგზასთან შეთანხმებით მუშაობს.„დიდი სამუშაო არა მხოლოდ საკონტაქტო ქსელზე ჩატრდა, არამედ ტოტებისგან და ხეებისგან ლიანდაგებიც გაიწმინდა. „ლასტოჩკას“ სატესტო გაშვება პრობლემური ტერიტორიების გამოვლენას ისახავს მიზნად, ანუ თუ სოხუმამდე მარშრუტის გაგრძელება საბოლოოდ გადაწყდა, ეს პრობლემები მოიხსნება და ელექტრომატარებელი მოძრაობას დაიწყებს,“ - აცხადებს ლეონიდ ყურუა. მისი ცნობით, ამჟამად „ლასტოჩკა“ მხოლოდ სოჭიდან გაგრამდე მუშაობს, ხოლო ზაფხულში დღეში ორჯერ აეროპორტში გაჩერებით ყოველდღიურად იმოძრავებს.ყურუა ამბობს, რომ დღეს მოსკოვიდან სოხუმში ყოველ მეორე დღეს მხოლოდ მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის სამგზავრო მატარებელი დადის, თუმცა 20 აპრილიდან ის ყოველდღიურად იმოძრავებს.ამასთან, 29 მაისიდან სოხუმის სადგურზე მატარებელი ყოველდღე სანქტ-პეტერბურგიდანაც ჩავა, ხოლო სამარიდან აფხაზეთში შარშანდელი მარშრუტი წელს გაუქმდება.რაც შეეხება შარშან გახსნილ ტურისტულ მატარებელს ტუაფსედან გაგრამდე, ის ზაფხულიდან ყოველდღიურად იმოძრავებს, ხოლო ტურისტული მატარებელი, „სოჭი“ მოსკოვი-ნიჟნი ნოვგოროდი-სოჭი-სოხუმის მარშრუტზე და უკან წელს მხოლოდ ერთხელ გავა. გასულ წელს ამ მატარებელმა გაგრასა და სოხუმში ღამისთევითა და აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებზე ექსკურსიებით ორი რეისი შეასრულა.

სხვადასხვა 1713259773

თიბისი
თიბისი დაზღვევა X ენთები - სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის

„თიბისი დაზღვევამ” და „ენთებმა” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც „ენთების” პარტნიორ კომპანიებს შეეძლებათ მიიღონ სპეციალური პირობა თიბისი დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრზე, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ სხვა სადაზღვევო პაკეტები.„ენთები” არის ბაზრის ლიდერი, აუთსორს კომპანია, რომელიც მეწარმეებს ბუღალტრულ, საფინანსო და საგადასახადო სერვისებს სთავაზობს. ამ გუნდის მთავარი მიზანი აღნიშნული მიმართულებით პრემიუმ კლასის მომსახურების შეთავაზებაა. კომპანია ბაზარზე უკვე 8 წელზე მეტია ოპერირებს და 500-ზე მეტ მომხმარებელთან თანამშრომლობს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შესთავაზონ სერვისი, რომელიც მათი ბიზნესის გრძელვადიან წარმატებაზე იქნება ორიენტირებული. გარდა კვალიფიცირებული და პროფესიონალი კადრებისა, „ენთების” ჯგუფი ხარისხიან და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებს. მათ შორის ისეთს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რომლის წყალობითაც, დოკუმენტებში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურად ინტეგრირდება საბუღალტრო პროგრამაში. ამ პროცესს მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა, თუმცა ენთები იმაზეც ზრუნავენ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომენტალურად ჩაერთონ და საკუთარ თავზე აიღონ სრული პასუხისმგებლობა. მათ წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ „ენთებმა” ბიზნესდაჯილდოება 2023-ზე გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის გაიმარჯვეს.თიბისი დაზღვევა მე-8 წელია ბაზარზეა და ეხმარება მომხმარებლებს ცხოვრების გამარტივებაში. ბრენდის მიზანი თავიდანვე იყო მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული ბაზრისთვის. საწყისი ეტაპებიდან დაინერგა სხვადასხვა ტიპის ციფრული და თანამედროვე მიდგომები, რაც დაზღვევის პროცესის გამარტივებას უზრუნველყოფს. თიბისი დაზღვევის ყველა საცალო პროდუქტის შეძენა დისტანციურად არის შესაძლებელი. დაარსებიდან თიბისი დაზღვევამ თავის მომხმარებლებს 300 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურა.„ენთებისთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ პარტნიორ კომპანიებს, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება მაღალი სტანდარტებით. თიბისი დაზღვევა წლებია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი დონის მომსახურებას და ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია “ენთებთან” თანამშრომლობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხის შეთავაზება და ცხოვრების გამარტივებაა.” - სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი.

ბიზნესი 1713259536

ჰუსიტები
სად არიან ჰუსიტები და რა ვითარებაა წითელ ზღვაში?

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებიდან მალე, წითელი ზღვის რეგიონი სატვირთო გემებისა და ტანკერებისთვის უაღრესად საშიშ ზონად იქცა, რასაც ჰუსიტი ტერორისტების და მეკობრეების გააქტიურება განაპირობებდა.თავად ჰუსიტთა დაჯგუფება ირანის ხელისუფლების მიერაა მხარდაჭერილი, შესაბამისად, ტერორისტები გემებს მათი მფლობელების მიხედვით ესხმიან. მაგალითად, ყველაზე აქტიურად ჰუსიტები აშშ-ის, ევროკავშირისა და ისრაელის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ხომალდებს უტევენ, ამიტომ მათთვის წითელი ზღვის რეგიონი განსაკუთრებით საშიშ ადგილად იქცა.ცხადია, ტერორისტული თავდასხმის რისკთან გამკლავება არცერთ ჭკუათმყოფელ კომპანიას არ სურს, სწორედ ამიტომ ტანკერების გადაზიდვები წითელი ზღვის არხში 96%-ითაა შემცირებული, ევროპული სატვირთო გემების აქტივობა 50%-ით დაეცა, ხოლო ამერიკული გემების აქტივობის ვარდნის მაჩვენებელი 64%-ს აღწევს.საპირწონედ ამისა, რეგიონში გაზრდილია რუსული და ირანული გემების აქტივობა, რადგან მათ ჰუსიტების მხრიდან საფრთხე არ ემუქრებათ. ასევე უსაფრთხოდ მგზავრობენ რუსული საქონლით დატვირთული ჩინური და ინდური გემები.საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლური გემებისთვის წითელი ზღვის რეგიონი საშიშ ზონად რჩება, ამიტომ ისინი ალტერნატიულ გზებს ირჩევენ და ტერორისტებს თავს არიდებენ. 

სხვადასხვა 1713257525