• Ƀ/$

22 მუნიციპალიტეტში 27 ახალი სკოლა აშენდება

21 იანვარი 13:28 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.

ფონდი 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება  68 მლნ ლარია.


ღია კარის დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.


,,დღეს გვქონდა უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრა სამშენებლო სექტორთან, ღია კარის დღე, სადაც სამშენებლო კომპანიებს ვაცნობთ იმ პროექტებს, რომლის  ტენდერების გამოცხადებასაც ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელიც  განათლების სფეროში ამ წლიდან გვაქვს  განსახორციელებელი. წელს  განათლების სფეროს ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდა. განათლების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის საფუძველზე უშუალოდ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფოსგან ექნებათ დამატებითი დაფინანსება იმისთვის, რომ მათ განახორციელონ სკოლების მცირე სარემონტო სამუშაოები. ჯამში, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს  უფრო მაღალ სტანდარტებს სკოლებში და ხელს შეუწყობს სასწავლო  პროცესის  კომფორტულ  გარემოში წარმართვას“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა


გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორისაა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.


როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სკოლების  ინფრასტრუქტურული საჭიროებები  შესწავლილია მთელ საქართველოში, მათი  რეაბილიტაცია იგეგმება მაღალმთიან რეგიონებშიც.


,,განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევარჩიეთ ის რეგიონები, სადაც  საჭიროა ახალი სკოლების მშენებლობა, ან მათი კაპიტალური შეკეთება. სამწუხაროდ,  რამდენიმე სოფლიდან ბავშვებს უწევთ ერთ სკოლაში სიარული,  ვცდილობთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული დაფარვა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რადგან  ყველა რეგიონს სჭირდება სკოლა. მაღალმთიანი რეგიონებიც  ჩვენი ყურადღების ცენტრშია, სკოლების რეაბილიტაციაც და ახალი სკოლების მშენებლობაც ყველა რეგიონს  შეეხება’-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


მსგავს თემაზე:

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება


რუსული ფული ბრიტანეთის სკოლებიდან გარბის



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი