• Ƀ/$

რეზერვების შესავსებად სავალუტო ოფციონების სისტემა ამოქმედდება

31 იანვარი 15:53 | ფინანსები

2019 წლიდან რეზერვების შესავსებად ეროვნული ბანკი, უკვე არსებულ სავალუტო აუქციონებთან ერთად, ახალ ინსტრუმენტს - სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს.

სების განცხადებით აღნიშნული ინსტრუმენტი, ერთი მხრივ, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ეროვნული ბანკის მიერ მოსალოდნელი სავალუტო შესყიდვების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ვალუტის შესყიდვამ გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს.


არსებული გეგმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვე აუქციონის წესით გაყიდის ოფციონებს 50 მილიონი ლარის ყიდვის უფლებით. ოფციონი უფლებას აძლევს მფლობელს შეიძინოს ლარი (აშშ დოლარზე ან ევროზე გადაცვლით) მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ლარის ოფიციალური კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მყარია. ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს საერთაშორისო რეზერვების ავტომატურად შევსებას მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის მოქმედების ვადაში არც ერთ დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსი არ იქნა წინა 20 დღის საშუალოზე უფრო მყარი, ოფციონის მფლობელი ვერ მოახდენს მის აღსრულებას.


სავალუტო ოფციონებით მინიჭებული უფლების გამოყენებისას ვალუტის გადაცვლა მოხდება იმავე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც წინა დღის საშუალო გაცვლითი კურსია. საქართველოს ეროვნული ბანკი დააკვირდება ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მოცულობიდან გამომდინარე, წლის კონკრეტულ თვეს დაიტოვებს უფლებას გაზარდოს ან შეამციროს აუქციონზე გასაყიდი სავალუტო ოფციონის მოცულობა.


ფაქტობრივად განხორციელებული უცხოური ვალუტის შესყიდვის მოცულობების შესახებ ინფორმაცია ყოველთვიურად, ეროვნული ბანკის ვებგვერდის სტატისტიკის განყოფილებაში გამოქვეყნდება.


იანვარსი სებმა სულ 6 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რა დროსაც ჯამში $85 მლნ შეისყიდა.


მსგავს თემაზე:

სებ–ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75%–მდე ამცირებს



სხვა სიახლეები