• Ƀ/$

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობასთან ერთად მათი ხარისხობრივი მაჩვენებელიც უნდა გაიზარდოს

1 თებერვალი 11:43 | ინტერვიუ

პროფესორი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდასთან ერთად არანაკლები მნიშვნელობა ინვესტიციების ხარისხობრივ მაჩვენებელსაც აქვს.

რამ გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, როგორია მათი ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე და დასაქმებაზე, როგორია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივები – ამ თემებზე M2B გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.


- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით, მნიშვნელოვნად, თითქმის $400 მლნ–ით ჩამორჩება წინა  წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რა გავლენას მოახდენს ასეთი დინამიკა ეკონომიკაზე და რა არის ამის მიზეზი?


გიორგი ცუცქირიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) იმით განსხვავდება პორთფელური ანუ არაპირდაპირი ინვესტიციებისაგან, რაც დაკავშიებულია ფასიანი ქაღალდების შეძენასთან, რომ ის ხორციელდება უშუალოდ საწარმოების შეძენით, ერთობლივი საწარმოების დაარსებით, ახალი ტექნოლოგიებისა და მანქანა-დანადგარების შეტანით თუ მშენებლობებში კაპიტალდაბანდებებით. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ პუი-ს ზეგავლენა ეკონომიკის ზრდაზე არის ძალზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით სწრაფი ზრდის ფაზაში მყოფი განვითარებადი ქვეყნებისათვის. საერთაშორისო კვლევები ადასტურებენ, რომ პუი-ს ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამეწარმეო სექტორში კაპიტალდბანდებების თვალსაზრისით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის არა მყისიერ ზრდას, არამედ ეკონომიკური ზრდის სტაბილურობას უზრუნველყოფს.


ნიშანდობლივია, რომ თუ 2012-2013 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი $1 მლრდ–ის ფარგლებში იყო, უკვე მომდევნო წლებში მან ზრდა დაიწყო და 2017 წელს, თავის ისტორიულ მაქსიმუმს, $1.9 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო 2014-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიურმა მოცულობამ $1,735 მლრდ შეადგინა. ეს რიცხვები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას.


- ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ 2017 წელთან შედარებით ინვესტიციების შემცირება მოსალოდნელიც იყო, რადგან დაძაბული პოლიტიკური ფონი ზეგავლენას მოახდენდა ინვესტიციების შემოდინებაზე, რამდენად იყო ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი?


გიორგი ცუცქირიძე: ეს ფაქტორი შეიძლება იყო გარკვეული გავლენის მატარებელი ინვესტორთა ქცევაზე, მით უმეტეს მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა იყო მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებისას, როდესაც ოპოზიციამ სალომე ზურაბაშვილის მოსალოდნელი გამარჯვება ლამის საგარეო ვექტორის ცვლილებად დააანონსა. მაგრამ მიმაჩნია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ისედაც შეიძლება მომხდარიყო. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვთ რა ცვლილებების საკმაოდ მაღალი მერყეობა, ერთ წელს შეიძლება იყოს მაღალი, ხოლო უკვე მომდევნო წელს მნიშვნელოვნად შემცირდეს და თავისებური აციკლური ქცევაც კი ახასიათებს. მაგრამ, თუ გავითვალიწნებთ, რომ გასული წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,6% შეადგინა, არა მგონია საერთო წლიურ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩეს გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს.


პირდაპირი უცხოური ინვესტიცების შესაფასებლად გამოიყენება არა მხოლოდ მისი მოცულობითი მაჩვენებელი, არამედ მისი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ანუ მისი ზეგავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, არა მხოლოდ მიმდინარე მაჩვენებლების, არამედ გასული წლების დინამიკის ანალიზი. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 2014 წლიდან დაიწყო და ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან 6.4%-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი 2015 წელს 11.7%-მდე, ხოლო 2017 წელს - 12%–მდე გაიზარდა, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგში. ზოგადად, 2014-2017 წლების საშუალო მაჩვენებელი კი 11%-ის ფარგლებში იყო. ნიშანდობლივია, რომ ამ მაჩვენებლით ჩვენ სტაბილურად შევდიოდით წამყვანი 15 ქვეყნის რიცხვში. თვალსაჩინოებისათვის, 2016 წლის მიხედვით, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 4.59%-ს შეადგენდა.


2016 წელს მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ლუქსემბურგს - 76.9% (პირველი პოზიცია), უნგრეთს - 55.45% (მეორე პოზიცია) და ირლანდიას - 26% (მე-5 პოზიცია), მაგრამ თუ ამას ბოლო ხუთ წლის ჭრილში შევხედავთ, იგივე ირლანდიაში 2014-2015 წლებში იყო პუი-ს ყველაზე  მაღალი ზრდის მაჩვენებელი, როდესაც ეს ინდიკატორი გაიზარდა  33.6%–დან (მე-3 პოზიცია საერთაშორისო რეიტინგში) სარეკორდო 80%-მდე, რაც პირველი მაჩვენებელი იყო. მაგრამ შემდეგ ამ ინდიკატორმა დაიწყო მკვეთრი შემცირება და 2017 წელს უკვე უარყოფით ნიშნულზეც კი დავიდა -1.42%. შესაბამისად, პირველი პოზიციიდან 169–ე ადგილზე დაქვეითდა. ირლანდიის შემდეგ ყველზე მაღალი მაჩვენებელი ლუქსემბურგს ჰქონდა 2016 წელს – 76.9%, როდესაც 2015 წელთან შედარებით (19.6%) მნიშვნელოვნად მოიმატა, მაგრამ, ანალოგიურად, მნიშვნელოვნად შემცირდა 2017 წელს - 10.7%-მდე (მე-18 პოზიცია). ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში ამ ქვეყნებში არანაირი პოლიტიკური კლიმატის ზეგავლენა არ ყოფილა. იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც – თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობამ მშპ-სთან 2016 წელს 11.8% შეადგინა (მე-14 პოზიცია), 2017 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 7%-მდე, ანუ რეიტინგში 28-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ბოლო წლებში საქართველოს აქვს პუი–ს ინდიკატორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია სტაბილური საშუალო 12%-იანი მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან მიმართებითაც. თვალსაჩინოებისათვის, ბალტიის სახელმწიფოებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი მშპ-ში საშუალოდ 2%, სასომხეთში - 3%, ხოლო თურქეთში კიდევ უფრო ნაკლები - 1.4%-ია.


- ანალიზი კი სინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ რამდენად აისახება ეს მაჩვენებლები ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე, დასაქმებაზე?


გიორგი ცუცქირიძე: გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს შიდა კერძო ინვესტიციებსაც. 2012-2015 წლებში მოქმედ კომპანიებში, მათ შორის უცხოური კაპიტალით შექმნილ საწარმოებში, რეინვესტიციის წილი თუ საშუალოდ 17% იყო, უკვე 2016 წელს ჯამური პუი-ების 32% რეინვესტირებულ მოგებაზე მოდიოდა. მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა ამ კუთხითაც არის საინტერესო, რაც მომავალში ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის და სწორედ დასაქმების და კეთილდღეობის ზრდაზე აისახება პოზიტიურად. ესტონეთში რეფორმის შედეგად ფულადი სახსრების წილი მთლიან აქტივებში (კომპანიის ლიკვიდურობის ინდიკატორი) 2-3 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ლიკვიდურობა ორჯერ მეტად გაიზარდა შედარებით მცირე კომპანიებში (50-ზე ნაკლები თანამშრომელი), ვიდრე საშუალო და მსხვილ კომპანიებში. ამასთან, გაუნაწილებელი მოგების წილი კაპიტალში 11 პროცენტით გაიზარდა და ეს ეფექტიც უფრო ძლიერი მცირე კომპანიებში იყო, რომლებიც არის დასაქმების მთავარი წყარო.


მიმაჩნია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, საქართველო არა თუ რეგიონის, არამედ ევროპის ქვეყნების დონეზეც, მიმზიდველ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება. ქვეყანას აქვს ძალზე კარგი პერსპექტივა, არა თუ გაზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხვედრითი წილი მშპ-ში, თუნდაც 18-25%-მდე, არამედ რესურსმაძიებელი და დაბალტექნოლოგიური ინვესტიციებიდან გადავიდეთ საშუალო და მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვაზე. ეს არის პირველ რიგში ლიბერალური საგარეო სავაჭრო რეჟიმი, განსაკუთრებით, ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან და ჩინეთთან და სამომავლოდ აშშ-სთანაც, რასაც ემატება უცხოური კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის არარსებობა. ბოლო წლებში იგივე ირლანდიის და ლუქსემბურგის პუი-ს მაღალი ინდიკატორები სწორედ მაღალტექნოლოგიური დარგებში ინვესტირების შედეგი იყო.


ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ რესურსმაძიებელი და დაბალტექნოლოგიური ინვესტიციები დასაქმებას ნაწილობრივ კი აგვარებს, მაგრამ იგი იდება არა მეცნიერებადტევად, არამედ შრომატევად დარგებში და შესაბამისად, დაბალი პროდუქტიულობით და შრომის ნაყოფიერებით ხასითდება. ამიტომ, გარდა პუი-ს მოცულობის ზრდისა, არანაკლები მნიშვნელობა და ეკონომიკური დატვირთვა აქვს მის ხარისხობრივ მაჩვენებელსაც. აზიის რეგიონის სწრაფად მზარდი ქვეყნების, ასევე ირლანდიის  ეკონომიკური ტრანსფორმაციის საერთო ნიშანი, არა უბრალოდ ეკონომიკის დივერსიფიკაცია, არამედ მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე წარმოების დივერსიფიკაციის ასევე მაღალი მაჩვენებელი იყო. მართალია, თავიდან ეკონომიკის დივერსიფიკაცია შეიძლება მაღალი არ იყოს, მაგრამ დივერსიფიკაცია იზრდება სტაბილური ზრდის პროცესში და ხდება ახალი კონკურენტული საექსპორტო დარგების ფორმირება. ამის მაგალითებია, ელექტრონული ტექნიკის განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ან მანქანათმშენებლობის ინდუსტრია სამხრეთ კორეაში. ყველა ეს სექტორი თავის დროზე, კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, არატრადიციული იყო, განსხვავებით თუნდაც აგროსექტორისაგან.


მაღალტექნოლოგიურ დარგებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხელს უწყობს რა ეკონომიკურ ზრდას, არის თავისებური მოტივატორი ბიზნეს გარემოს მიმზიდველობის გასაზრდელად, იძენს რა სინერგისტულ ეფექტს, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ეხმარება მომსახურების სექტორსაც.


მიმაჩნია, რომ  ახალი ტექნოლოგიური დარგების გასავითარებლად, ჩვენ გვჭირდება უფრო თამამი გადაწყვეტილებები ეკონომიკის დიჯითალიზაციის მიმართულებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის აქტიური ხელშეწყობით. ამასთან, გვჭირდება გაცილებით მეტი სახელმწიფო ინვესტიცია განათლებაში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართული დიასპორის ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ამის ნათელი მაგალითებია ჩინეთი და ვიეტნამი. ჩინეთში პუე-ბის 80% სულაც ჩინურ დიასპორაზე მოდიოდა.


ზოგადად, ჩვენ გვჭირდება სწრაფი და დინამიური მოძრაობა ორივე მიმართულებით, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირების, ასევე პორთფელური ინვესტიციების მოსაზიდადაც. ამ კონტექსტში სწორედ საფონდო ბაზრის განვითარებას ექნება დიდი მნიშვნელობა ქვეყანაში შიდა კერძო ინვესტიციების მოცულობის ზრდის თვალსაზრისით. 2017 წელს თურქეთში პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან მხოლოდ 1.4% იყო. გასაგებია, რომ თურქეთში საინვესტიციო კლიმატზე პოლიტიკური ფაქტორებიც ზემოქმედებს, არც თუ უმნიშვნელოდ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, იგივე თურქეთში წმინდა უცხოური ინვესტიციები გაცილებით მეტია, განსაკუთრებით პორთფელური ინვესტიციების სახით, რაც ფასიან ქაღალდებშია ინვესტირებული, ხოლო სტამბოლის საფონდო ბაზარი რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო მოედანს წარმოადგენს.


აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ინვესტიციების არსებული სტუქტურა ტრანსფორმაციას საჭიროებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოდელის დივერსიფიკაციით დაწყებული, პორთფელური ინვესტიციების მიმართულებით გაგრძელებული, რაც თანამედროვე ტექნოლოგიური პლათფორმების და საფონდო ბაზრის განვითარების სტრატეგიას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.


სხვა სიახლეები