• Ƀ/$

ბათუმის პორტში საკონტეინერო გადაზიდვები გაორმაგდება

7 თებერვალი 18:36 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა“ და შპს „მედლოგ ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.


ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე.


გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი პროექტი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებაში. მისივე შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ექსპორტიორ კომპანიებს, უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრებზე.


„ტერმინალის პროექტი შესრულებულია უმაღლესი სტანდარტით,  ცნობილი საერთაშორისო კომპანია ICTSI-ისა და მისი შვილობილი კომპანიის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ მათ პორტფელში ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი პროექტი - საუბარია არამარტო სასაწყობო მეურნეობის განვითარებაზე, არამედ კომუნიკაციებზე, პორტთან მისასვლელი როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო გზების განვითარებაზე, ასევე პორტის მისადგომის დაღრმავებაზე. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა ასი პროცენტით - 100 000-დან 200 000-მდე გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება არამარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.


გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით ზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.


ტერმინალის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად MSC Georgia-ის მმართველი დირექტორი ალქან ალიჯიქი, MEDLOG Turkey-ის კომერციული დირექტორი ვოლკან ტეკი, MSC Georgia-სა და MEDLOG Georgia-ს პარტნიორი ჯემალ ინაიშვილი, MEDLOG (Geneva)-ს აღმასრულებელი დირექტორი სალვადორე პრუდენტე, ICTSI (Europe, Middle East and Afrika)-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰანს ოლე მადსენი და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი მონაწილეობდნენ.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა $1.04 მლრდ ინვესტიციას მოიზიდავს


ფოთში ახალი ტერმინალი აშენდება


ბათუმში „ოცნების ქალაქის“ ადგილას სახლები აშენდება



სხვა სიახლეები