• Ƀ/$

საქართელომ EIB-ის €100 მლნ-იან კრედიტზე უარი განაცხადა

11 თებერვალი 14:25 | ეკონომიკა

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბაკისგან (EIB) გამოყოფილ €100 მლნ-ზე უარი განაცხადა და მიზეზად მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაასახელა. გადაწყვეტილება აგრარული კომიტეტის თავჯდომარემ ოთარ დანელიამ გაასაჯაროვა. 

„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“ 2016 წელს მოეწერა ხელი. პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი გამოდიოდა, რაც რა თქმა უნდა არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა.“ განაცხადა დანელიამ კომიტეტის სხდომაზე.   


მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები შედგა და ახლა არის მცდელობა, რომ აღნიშნული თანხის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება.


„ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9% -იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და ცოტა არ იყოს მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება.


ევროპის საინვესტიციო ბანკი ძირითადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული. დღეის მდგომარეობით, EIB-ს საქართველოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, დაახლოებით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი. მათ შორის, 750 მილიონ ევრომდე - საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, 180 მილონ ევრომდე - წყლის სექტორის და 200 მილიონ ევრომდე - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად.


მსგავს თემაზე:

ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2007-2017 წლებში საქართველოში 21 პროექტი დააფინანსა


EIB–ს მიერ საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 250 მლნ ევროს გამოყოფაზე კონსულტაციები მიმდინარეობს


ევროპის საინვესტიციო ბანკმა ქუთაისის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო


ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი €500 მლნ-ით დააფინანსებს



სხვა სიახლეები