• Ƀ/$

ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს

16 თებერვალი 11:00 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების ბაზარზე ჩინეთი პირველად 2015 წელს დაწინაურდა. მას შემდეგ ლიდერის პოზიციას მხოლოდ და მხოლოდ იმყარებს. 2018 წელს ჩინეთში 1.255 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა და ბაზრის წილის 62% დაიკავა.

გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდა შეერთებულ შტატებშიც დაფიქსირდა, რაც ძირითადად Tesla Model 3-ის წარმატებით იყო განპირობებული რომლის გაყიდვებმაც 145 000-ს გადააჭარბა, ამის მიუხედავად რეალიზაციის მაჩვენებელმა ჩინეთში შეერთებული შტატებისას 3.47-ჯერ გადააჭარბა.


ელექტტომობილების საერთო რაოდენობა უკვე 5 მილიონია, რაც 2013 წლის მაჩვენებელს 6-ჯერ აღემატება, თუმცა მაინც საერთო ავტოპარკის 0.5%-ზე ნაკლებია. ელექტრომობილების ბაზრის ზრდა უახლოეს მომავლშიც გაგრძელდება და ლოკომოტივის როლს კვლავ ჩინეთი იკისრებს.



ჩინეთი რაოდენობასთან ერთად აშშ-სა და ევროპას პროცენტული მაჩვენებლითაც ასწრებს. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 2.5%-ს შეადგენს, აშშ-ის 2.2%-ს, ჩინეთის კი 4%-ს, რომელიც 2020 წლისთვის 12%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ ჩინეთში 3.4 მლნ ელექტრომობილი გაიყიდება, ჯერ კიდევ 2017 წელს მსოფლიოში ამ ოდენობის ელექტრომობილი არ არსებობდა. ჩინეთს პროცენტული მაჩვენებლით მხოლოდ 5 ევროპული სახელმწიფო: ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი და ნიდერლანდები უსწრებს, თუმცა რაოდენობრივად გასწრება მათ ჯამურადაც გაუჭირდებათ.


ჩინეთის ბაზარზე დომინანტ პოზიციებს Tesla-სა და Nissan Leaf-ების მაგივრად ადგილობრივი ბრენდები იკავებენ, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ თითქმის არ იცნობენ.


თავისი ზომის მიუხედავად მართველობის ავტორიტარული ფორმის გამო ჩინეთში რეფორმების გატარება ბევრად უფრო იოლია ვიდრე ევროპაში ან შეერთებულ შტატებში. ჩინეთმა მოახერხა, რომ 12.5 მლნ-იან შენჯენში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ელექტრო ყოფილიყო. პეკინს ერთის მხრივ ყველაფერში პირველობა სურს და მისთვის ტექნოლოგიების განვითარება-დანერგვა პრესტიჟის საკითხია, მეორეს მხრივ ეკოლოგიური გარემო უბრალო დაკვირვებითაც და სტატისტიკური მონაცემებითაც კატასტროფულია. 36 მლრდ ტონა ნახშირორჟანგიდან, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად გამოყოფს, ჩინეთის წილად 10.6 მლრდ ტონა მოდის, რითაც ამ არასახარბიელო რეიტინგში მყარად იკავებს ლიდერის პოზიციას. ჩინეთი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, გარდა ელექტრომობილების რაოდენობისა, ბოლო 5 წელიწადში ჩინეთი გახდა #1 სახელმწიფო მზისა და ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობის მხრივაც.


მსგავს თემაზე:

ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ


Tesla ევროპის სწაფდამტენებით სრულად დაფარვას გეგმავს


ახალი რეკორდი - ელექტრომობილების გაყიდვებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა


ელექტრომობილების ინდუსტრიაში ავტომწარმოებლები $300 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებენ


Tesla Model 3-ის გაყიდვები 74%-ით შემცირდა, მიზეზები და მოლოდინები



სხვა სიახლეები