• Ƀ/$

კვოტირება გამოსავალია? რუანდაში დეპუტატთა 61% ქალია, თუმცა საქართველოზე 5.2-ჯერ ღარიბია

16 თებერვალი 14:00 | ანალიტიკა

საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტირების საკითხი არაერთხელ დამდგარა, ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ იდეას იზიარებენ აცხადებენ რომ მეტი ქალი პარლამენტში მეტ დემოკრატიას და კეთილდღეობას ნიშნავს, რაც ხშირად ასე არაა. 

2016 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში 150-დან 24 ქალი დეპუტატი მოხვდა, საერთო რაოდენობის 16%. ბევრი არაა, მაგრამ წინა მოწვევის პარლამენტათ შედარებით 6 დეპუტატით მეტია. კვოტირების მომხრეები ითხოვენ, რომ პროპორციულ სიაში პარტიებმა ყოველი მეორე ქალი ჩაწერონ. პროპორციული სიით კი პარლამენტში სულ 77 დეპუტატი გადის, გამოდის რომ კანონის მიღების შემთხვევაში საკანონმდელო ორგანოში ქალ დეპუტატთა რიცხვი მინიმუმ 38-მდე იზრდება, რაც 25%-ს მცირედით აღემატება.


ინიციატივას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს და მათ 2 მთავარი არმუნტი გააჩნიათ: 1) იძულება ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია, თუნდაც ის „პოზიტიური დისკრიმინაციის“ საფარქვეშ შეინიღბოს 2) კვოტირება თავად ქალებისთვისაა შეურაცხყოფა, რომლებსაც ვეუბნებით, რომ საკუთარი ძალებით წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ.


სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალ დეპუტატთა რაოდენობა და დემოკრატიის ხარისხი, მითუმეტეს ეკონომიკური განვითარების დონე ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციაში არ მოდის. პროცენტულად ყველაზე მეტი ქალი 61.3% რუანდაშია. 25 წლის წინ კვოტირების შემოღებამდე კი ის მხოლოდ 18%-ს შეადგენდა. მართალია მეოთხედ საუკუნეში ქალ დეპუტატთა რაოდენობა 3.4-ჯერ გაიზარდა, მაგრამ იმავე პერიოდში რეალური შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე ნომინალურად 1.9-ჯერ $401-დან $765-მდე, PPP დათვლებით კი ასევე 1.9-ჯერ $975-დან $1860-მდე გაიზარდა. საშუალო წლიურმა ზრდამ 2.7% შეადგინა რაც არაფრის მომცემია ისეთი ღატაკი ქვეყნისთვის როგორიც რუანდაა. საქართველოში სადაც კვოტირება არ ყოფილა იმავე პერიოდში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 4.3-ჯერ გაიზარდა. PPP დათვლებითაც კი რუანდა საქართველოზე 5.2-ჯერ ღარიბია.



საგულისხმოა ის ფაქტიც რომ რუანდას გარდა პირველი 12 ქვეყნიდან განვითარებული მხოლოდ ორია: შვედეთი და ფინეთი. რეიტინგში აშშ 35-ე ადგილს იკავებს. ადმიანური განვითარების ინდექსით, რაც ცხოვრების დონის მშპ-ზე უფრო უკეთეს განმსაზღვრელ ფაქტორად ითვლება, საქართველო 70-ე ადგილს იკავებს, რუანდა კი 158-ეს. პარლამენტსი ქალ დეპუტატთა რაოდენობა 50%-ს კუბასა და ბოლივიაშიც აჭარბებს. ადამიანური ინდექსის განვითარების რეიტინგში კუბა 73-ე ადგილს იკავებს, ბოლივია 118-ეს. აღსანიშნავია, რომ ამ ორივე სახელმწიფომ ვენესუელაში მადუროს დიქტატორულ რეჟიმს მხარი ღიად დაუჭირა, ისევე როგორც ნიკარაგუამ რომელიც ამ რეიტინგში კიდევ უფრო უარეს 124-ე ადგილზეა, თუმცა ქალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით მე-8 ადგილს იკავებს. ასეულს და ზოგ შემთხვევაში 150-ეულს მიღმა არიან დარჩენილები ნამიბია, სამხრეთ აფრიკა და სენეგალი.


კვოტირება ერთგვარი რეგულაციაა, ლიბერტარიანელი ეკონომისტების მოსაზრებით რეგულაციათა უმრავლესობა უკეთეს შემთხვევაში არაფერს ცვლის, უარეს შემთხვევაში კი ბაზარს უფრო ამახინჯებს. მათი მტკიცებით კანონის მიღების შემთხვევაში ქალ დეპუტატთა რაოდენობა მხოლოდ რაოდენობრივად გაიზრდება, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს და მასში ქალების რეალურ ჩართულობას კიდევ უფრო შეაფერხებს.


სხვა სიახლეები