• Ƀ/$

ტურიზმის ინფრასტრუქტურაზე 183 მლნ დაიხარჯება

20 თებერვალი 14:13 | ეკონომიკა

სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი  პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა  პარლამენტში მინისტრის საათზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.


შარშან, ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 90 მილიონი ლარის 14 პროექტი განხორციელდა, დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, კობი-გუდაურის 7.5 კმ. საბაგირო გზა, ბატონის ციხის რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა ვარძიაში, ხერთვისში და ვანის ქვაბების მუზეუმთან.


,,შარშან დეკემბერში დასრულდა ჩვენს რეგიონში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის საბაგიროს 7.2 კმ გზა, რომლის დაფარვაც 25 წუთში არის შესაძლებელი და ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, დამსვენებლები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ. შედეგად, გაიზრდება გუდაურის, როგორც კურორტის ზონის გეოგრაფიული არეალი და გაჩნდება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა კობშიც. ასევე განიტვირთება ყაზბეგი -გუდაურის საავტომობილო მონკავეთზე არსებული სატრანსპორტო მოძრაობაც“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გუდაურში საბაგიროსთან ერთად გასულ წელს მოეწყო წყლის ხელოვნური რეზერვუარი (100 000მ3), რომელიც ზამთარში კურორტზე  სათხილამურო ტრასების გათოვლიანებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტეში დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი 5.6კმ გზა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ტურისტთა გადაადგილებას ამ მონაკვეთზე და გაზრდის დამთვალიერებელთა რიცხვს.


დაწყებულია აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება,  რომლის  თანახმადაც მოხდება და უკვე ნაწილობრივ დაწყებულია აბასთუმნის კურორტის განვითარება, რაც გულისხმობს მე-19, მე-20 საუკუნის ისტორიული სახლებისა და ნაციონალური ობსერვატორიის  სრულ რეაბილიტაციას,  1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდეგანას, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის და სხვა დამხმარე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განთავსებას.


,,დღეს არსებული სიტუაციიდან და  პრობლემატიკიდან გამომდინარე, მინდა ცალკე გავამახვილო თქვენი ყურადღება კურორტ ბაკურიანზე. 2018 წელს ჩვენ დავამტკიცეთ დაბა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობითი გენ-გეგმები. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ბაკურიანის კურორტის შემდგომი განვითარება და როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს ვართ ბაკურიანში“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


უკვე დაწყებულია და წელს დასრულდება ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაკურიანში ტრანზიტულ მოძრაობას და შედეგად შემცირდება დღეს არსებული საცობები. დაწყებულია მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის მშენებლობა და დიდველზე არსებული პარკინგის გაფართოება და კეთილმოწყობა. 2019 წელს ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში მომზადდება კურორტზე სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა და შედეგად დარეგულირდება თუ სად, როდის და რა ტიპის ტრანსპორტით იქნება გადაადგილება შესაძლებელი კურორტის ზონაში.


,,ვიწყებთ ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას რეკრეაციულ პარკში.  დავამატებ, რომ 2023 წელს ბაკურიანი უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ამ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კურორტ ბაკურიანის ცნობადობას და დამსვენებლთა რიცხვს“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


მსგავს თემაზე:

ბაკურიანსა და გუდაურში განაშენიანება გენგეგმის მიხედვით განხორციელდება


ტურიზმიდან შემოსავალი იანვარში 5%-ით გაიზარდა


აბასთუმნის უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები აგვისტოში დასრულდება


ინფრასტრუქტურაში 2 მლრდ–ის ინვესტიცია განხორციელდება


2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი



სხვა სიახლეები