• Ƀ/$

ხაზარაძის ამბავი, ანუ როცა თავიც და ბოლოც ერთმანეთშია არეული

5 მარტი 09:50 | ანალიტიკა

გუშინდელი საპარლამენტო მოსმენისას, ალბათ, ყველაზე საინტერესო უნდა გამხდარიყო 17 მლნ აშშ დოლარის ტრანსაქციის ამბავი, რასაც პროკურატურა რეალურად ედავება თი ბისი ბანკის მთავარ აქციონერებს.

სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვერ მივიღეთ პასუხები ამ ბრალდებებზე და გამოსვლის მთავარი აქცენტები გადავიდა არა ტრანსაქციის წმინდა ფინანსურ მხარეზე, არამედ „ჭარბვალიანობის“ თემაზე თუ ქართუ-ს მიერ ვალების ჩამოწერის არაპროპორციულ მაჩვენებელზე, და რაც თვალში საცემი იყო - პოლიტიკურ ზეწოლაზე. რაღაც იდუმალებით მოცულ „მუქარის წერილზე“ აქცენტის გადატანაც და ოპოზიციის მხრიდან უკვე ორკესტრირებული განცხადებებიც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე, ვფიქრობ, სხვა რამეს არც ემსახურებოდა.


შესაბამისად, მისი გამოსვლის დედააზრი იყო წმინდა პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი, რაც მდგომარეობდა შემდეგში: მას, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, ებრძვიან ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხით და შესაბამისად, იგი გამოვიდა სისტემის „მსხვერპლი“; მე არც ეროვნული ბანკის, არც პროკურატურის და არც შინაგან საქმეთა მინისტრის ადვოკატირებას არ ვაპირებ და ამ საქმის რეზონანსულობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმედია ამ წერილს თავადაც გაასაჯაროვებს და მის ბრალდებებს ადრესატების მხრიდანაც უფრო დეტალური პასუხები გაეცემა, ვიდრე ის, რაც დღეს მოვისმინეთ.


ახლა, რაც შეეხება დღევანდელი გამოსვლის ფინანსურ ნაწილს. სქემა ძალიან რომ არ გავართულოთ, და მეტ-ნაკლებად გასაგები გახდეს ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, თუ რეალურად რაზეა მთელი ეს დავა, ვეცდები შედარებით მარტივად ავხსნა. ბანკის მსხვილმა აქციონერებმა, რომლებიც ფლობდნენ ბანკის 80%-ს, მათივე განცხადებული ვერსიით, ისესხეს 17 მლნ აშშ დოლარი კონკრეტული ბიზნესმების კომპანიებისაგან, თუმცა მანამდე ამავე ბიზნესმენის კომპანიებს (სამგორი თრეიდი და სამგორი M) ბანკმა ასესხა ზუსტად იგივე თანხა; განცხადება, რომ მან, მამუკა ხაზარაძემ ეს არ იცოდა, ცოტა არარეალურია, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ; შედეგად დღეს არც ბატონ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დაუბრუნებიათ ვალი ბიზნესმენის კომპანიებისათვის და არც ბანკს მოუთხოვია ვალის და პროცენტის გადახდა აღნიშნული ორი კომპანიისათვის, ისე ჩამოაწერა ეს ვალი; აი, ეს არის რეალობა.


ახლა რაც შეეხება უფრო დეტალურად ამ დავის ფინანსურ და სამართლებრივ მხარეს. ბიზნეს კომპანიებზე გაცემული სესხი საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად არის ცალსახად მიზნობრივი და შესაბამისად, იგი სწორედ ამ მიზანს უნდა მოხმარებოდა; მოკლე ვადაში ამ სახის სესხების ჯერ ერთი წლით გადავადება და შემდეგ ერთ თვეში ჯერ სულაც უიმედო კალასიფიკაციის მინიჭება და შემდეგ ჩამოწერ, გარესაბალანსო ანაგარიშზე გადატანით განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად ექსტრემალურ სიტუაციებში, ამ კომპანიების დეფოლტის დადგომისას შეიძლება იყოს გამოყენებული; ჩვენ ამის მსგავსი არაფერი მოგვისმენია. პირიქით, გავიგეთ რომ ბანკი კვლავ აგრძელებდა აღნიშნული კომპანიების დაფინანსებას; სესხის ჩამოწერა და გარე ბალანსურ ანგარიშზე გადატანა, ასევე მოხდა საზედამხედველო ნორმების დარღვევით ისე, რომ არ მოახდინა ანგარიშზე აღნიშნული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ჩამორთმევა, რაც არის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი.


და რაც მთავარია, ეს სესხი კვლავ „გაცოცხლდა“ 2012 წელს, როდესაც თი ბი სი ბანკმა გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან. კერძოდ, ჩაანაცვლა ოფშორულ ზონაში ერთი თვის გახსნილი კომპანიით, რომელსაც წარმოადგენდა ბანკის დირექტორატის წევრი, რაც პირდაპირ არის ინტერესთა კონფლიქტის მატარებელი - სწორედ ამ კომპანიამ აიღო იმ კომპანიების მიერ აღებული 17 მლნ აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება, ანუ, თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება!!!


გუშინდელი გამოსვლიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ 80 მილიონი, თავის 17 მილიონიანად ბანკის კაპიტალში ჩაირიცხა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს არც ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები! და რაც მთავარია, არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი აქვს თუ არა?


როდესაც ხაზარაძე ამბობს, რომ ამ თანხის გარდა კიდევ 120 მილიონი ჩამოაწერეს სხვა კომპანიებს, რომ აღმოჩნდეს ამ სხვა კომპანიებისგანაც აქვს აღებული 20-10 თუ 17 მილიონი, საინტერესოა მაშინ როგორ შევაფასებდით საკითხს?!


გამოდის, რომ საკუთარ თავს შეიძლება აპატიო საკუთარი ბანკისაგან მიღებული სესხი და შემდეგ ჩამოწერო. და თუ ასეა, სწორედ ეს უნდა შეფასდეს არამართლზომიერ ქმედებად, რადგან ბანკის ფული ეს არის დეპოზიტარების ფული და მისი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია. ამასთანავე, წერეთლის კომპანიებისათვის გაცემული სესხების არამიზნობრივი გამოყენება ფიქსირდება ამავე კომპანიების მხრიდან, რადგან მათ ეს სესხი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მისცეს და არ გამოიყენეს დანიშნულების შესაბამისად. როგორც აღვნიშნე, სესხის პატიება შეიძლება, თუ კომპანია დაასაბუთებს ფორსმაჟორს და არა მაშინ, თუ მას არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად გამოიყენებს.


კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის მიხედვით, სესხის დაფარვისა და სხვა აქტივების ამოღების შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში, ბანკებმა უნდა ჩამოწერონ უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივები და შეამცირონ შესაძლო დანაკარგების რეზერვი მისი დადებეტებით და აქტივების ანგარიშის დაკრედიტებით. ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავ, კომერციული ბანკის მიერ სესხის ჩამოწერა გადახდის შეუძლებლობის გამო არ ჩაითვლება ვალის გაუქმებად ანუ განულებად. აღნიშნული ვალი უნდა დარჩეს სპეციალურ გარესაბალანსო ანგარიშებზე მისი ჩამოწერის დღიდან 5 წლის განმავლობაში.


კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს ზომები როგორც ვადაგადაცილებული პროცენტის, ისე ძირითადი თანხის ამოსაღებად. ასეთ აქტივზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შეხედულებისამებრ, პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება გარესაბალანსო ანგარიშზე, რათა კვლავ ხდებოდეს მიმდინარე ვალდებულების შესაფერისი ასახვა.


მაგრამ, თუ მოვალე არ გადაიხდის ჩამოწერილ სესხს 5 წლის განმავლობაში, სესხის როგორც ძირითადი თანხა, ისე პროცენტები, მართალია გაუქმებული იქნება სპეციალური გარესაბალანსო უწყისის ანგარიშიდან ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით, მაგრამ მაინც არ ნიშნავს სესხის ამოღების პროცედურების შეწყვეტას!!! შესაბამისად, სესხის განულება ხდება ამ ვალის დაფარვისას ან თავად მსესხებლის, ანაც მესამე პირის მიერ.


კიდევ ერთ საკითხსაც მსურს შევეხო, რომელიც არანაკლებ საინტერესოა და რატომღაც ნაკლებად ხდება აქცენტების გადატანა. საკითხი ეხება ბატონ მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას ლისი დევეპოპმენტთან დაკავშირებით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მხრიდან ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. გასაგები რომ იყოს, განვმარტავ, რომ აქციონერების მხრიდან ამ ტიპის განცხადებები არის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. კერძოდ, ინფორმაცია რომელიც მიეწოდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, არის მკაცრად კონფიდენციური და არც ნაციონალური და მით უმეტეს არც საერთაშორისო კანონმდებლობით პრინციპულად ამ ინფორმაციის აქციონრებისათვის რაიმე ფორმით მიწოდებას გამორიცხავს!!! მისი განცხადებიდან კი ვიგებთ, რომ იგი ფლობს ამ სახის ინფორმაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და რაც მთავარია, თავად ლისი დეველოპმენტი ან სხვა პირი არ უნდა იყოს საქმის კურსში, მის შესახებ მოკვლევას აწარმოებს თუ არა მონიტორინგის სამსახური, და ასეთი ინფორმაციის არასანქცირებული გამხელა არის სწორედ სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ ინტერესთა კონფლიქტს და ასევე ეჭქვეშ აყენებს მის განცხადებას, რომ არ იყო საქმის კურსში ბანკის მხრიდან 17 მლნ აშშ დოლარის გაცემის თაობაზე.


გუშინდელმა გამოსვლამ აჩვენა, რომ მას საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკაში შესასვლელად სჭირდებოდა, თორემ იგივე თავისუფლად შეეძლო თუნდაც წერილობითი ფორმით გამოექვეყნებინა; ამიტომაც, ამ პოსტის სათაურიც სიმბოლური გამოვიტანეთ. ახლა საინტერესოა, მივიღებთ თუ არა ახალ პოლიტიკურ რეალობას – ახალი აქტიორით?


ავტორი: გიორგი ცუცქირიძე, პროფესორი, ექსპერტი საბანკო–საფინანსო საკითხებში.


მსგავს თემაზე:

სებისთვის თიბისი ბანკის საქმეზე საპარლამენტო დებატების ფორმატი მიუღებელია


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თიბისის საქმის საჯარო განხილვაში საფინანსო სექტორისთვის რისკებს ხედავს


ხაზარაძის განცხადებით 2007 წელს „თიბისი ბანკის“ ზრდა ხელოვნურად შეაჩერეს


ხაზარაძე: თიბისი ბანკზე კიბერთავდასხმაც განხორციელდა



სხვა სიახლეები