• Ƀ/$

გაებმება თუ არა საქართველო რუსეთ-ირანის ბუნებრივი გაზის აბლაბუდაში?

5 მარტი 11:45 | ანალიტიკა

იქნება თუ არა ბუნებრივი გაზის ბაზარზე ირანი ახალი, რუსეთისგან თავისუფალი მოთამაშე და არა რუსეთის პოლიტიკის გამზიარებელი და გამტარებელი, რთული სათქმელია.

ამის შესახებ M2B-სთან საუბარში ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა თემურ ხომერიკმა 27 თებერვალს თეირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ირანის პრეზიდენტის ხასან როუხანის მიერ მიღწეული შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა.


თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ როუხანიმ განაცხადა, რომ ირანი მზად არის, სომხეთს გაზი მეტი მოცულობით მიაწოდოს. აქ განიხილება პროექტში საქართველოსა და რუსეთის ჩართვა ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთის დერეფნის შექმნის პრინციპით.


ხომერიკის შეფასებით, „აქ პოლიტიკური საუბარია, ანუ ეს არის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხი, ეს არის მთავრობათაშორისი საკითხი, რადგან იგივე „სოკარიც“ და „გაზპრომიც“ სახელმწიფო კომპანიებია, რომლებიც რეგიონში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ“.


ექსპერტი უახლოეს პერიოდში საქართველოში ირანული გაზის მიწოდების საკითხს ძალიან სკეპტიკურად უყურებს.


აქ მხოლოდ „სვოპ“ წესით გაზის მიწოდებაზე თუ იქნება საუბარი, ანუ ირანი აწვდის სომხეთს იმდენს, რამდენიც უნდა მიეწოდებინა რუსეთს, ხოლო საქართველო რუსეთიდან იღებს განსაზღვრულ ფასად, შედარებით უკეთესი პირობებით, იგივე მოცულობის გაზს. ასეთი რამ ახალი მოთამაშის გასაჩენად უფრო მარტივი მოსალაპარაკებელია. დღეს ჩვენ არც ტექნიკურად და არც საკანონმდებლო დონეზე მზად არ გვაქვს ირანთან ურთიერთობები, რომ მათგან გაზი მივიღოთ, თუნდაც სომხეთის გავლით. ირანს, სანქციების ფონზე, ევროპაში გაზის გატანა უჭირს, მას ექსპორტის პერსპექტივა ეხურება, ანუ ის არასანდოა. სომხეთს კი ენერგია სჭირდება, რომელსაც ამჟამად მას რუსეთი აწვდის, რუსეთს შეუძლია, ირანს გაურიგდეს და მიწოდების წესი შეცვალოს, რადგანაც ალტერნატივა არსებობს. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე თვითონ ირანს სჭირდება თურქმენეთის გაზი და სხვა საშუალებით გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა, ანუ ის ექსპორტისთვის საკმარისი რაოდენობის გაზს არ მოიპოვებს“, - აღნიშნა თემურ ხომერიკმა.


მისივე აზრით, ირანისა და სომხეთის კავშირებში საქართველოს ჩაბმა სომხეთის პრემიერის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა.


აღსანიშნავია ისიც, რამდენად სანდო პარტნიორები არიან რუსეთიც და ირანიც.


მათ არასანდოობაზე მეტყველებს ისიც, რომ ერთმანეთშიც კი არ არიან მორიგებული, შესაბამისად, არც საქართველოსთვის მომგებიან შეთავაზებას ველოდები, რადგან რუსეთს ორმაგი თამაშები ახასიათებს. ირანზე მეტად ეს განცხადება ფაშინიანს სჭირდებოდა. ვფიქრობ, ეს ფაშინიანის მხრიდან იყო რუსეთის წინაშე იმის დემონსტრირება, რომ დიდი პროექტები იგეგმება და ირანთან ერთად „გაზპრომზე“ არ იქნება დამოკიდებული. არც ერთი ეკონომიკური გარიგება ასეთ მსხვილ ენერგეტიკულ სფეროში პოლიტიკისგან შორს არ არის, პირიქით, ის პოლიტიკის შემავსებელია. როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებზე, ნუ დავივიწყებთ, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციის გზით ცდილობს, მიუახლოვდეს სტრატეგიულ ნავთობსადენს და გაზსადენს და ის თავისი კონტროლის ზონის ქვეშ მოაქციოს. როდესაც ფაშინიანი შეპარვით ამბობს, რომ შეიძლება მეოთხე მოთამაშედ რუსეთი შემოვიდეს, ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა უნდათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისკენ რეგიონის წაყვანა. მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ, როგორც საერთაშორისო მოთამაშემ, მით უმეტეს, გვყავს პარტნიორები. რუსეთს ძალიან ბევრი წინააღმდეგობის შექმნა შეუძლია ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა საქართველოს ტრანზიტორი ქვეყნის სტატუსი ჰქონდა და ექნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ექსპერტმა.


28 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ვლადიმირ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ აპრილში თეირანში საქართველოს, სომხეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.


სხვა სიახლეები