• Ƀ/$

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი V)

5 მარტი 15:31 | კომპანიები

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.

კომპანიის ისტორიის თხრობას „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი განაგრძობს:


„ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში იყო წიგნის მაღაზია „ჩირაღდანი“. ერთხელ შევედი და ვხედავ, დახლები ცარიელია, გდია მხოლოდ ერთი პატარა წიგნი „ქართული ანდაზები და გამონათქვამები“, ფასი 20 კაპიკი. ავიღე ეს წიგნი, ფული გადავიხადე და წამოვედი. აღარაფერი აღარ დარჩა. ის წიგნი სამსახურში მაგიდაზე მედო. გადავშლიდით, წავიკითხავდით რაღაცას, ვღადაობდით და ვიცინოდით. ერთხელაც, მერიიდან მოვიდა წერილი. სრული უაზრობა, თითქოს რაღაც რჩევას გვაძლევდნენ, ოღონდ ვერ გაიგებდი, რას? ვმსჯელობთ მე და გია, რა უნდა მივწეროთ, სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლბელია. ამ მსჯელობაში გადავშალე ეს წიგნი და უცებ ვკითხულობ: „ვისაც სახლი არ აუშენებია, იმას ბოძები მიწიდან ამოსული ჰგონიაო“. და პასუხად ეს მივწერეთ.


იმ მეგრელმა ტიპმა გაგვიჩინა იდეა, შეგვექმნა კერძო სამშენებლო კომპანია. ამის მსგავსი არაფერი არსებობდა, არც წესი იყო, არც კანონი. ამ საკითხზე, გავრისკოთ თუ არა, ხშირად ვლაპარაკობდით. ერთხელაც, აბანოში ვიყავით და საბოლოოდ იქ გადავწყვიტეთ, მოდი, დავიწყოთ ეს საქმე და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, გამოგვივა თუ არა? თანაც ჩვენი სურვილი იმ ანდაზების წიგნს დავუკავშირეთ - თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო. მერე როცა ამ საკითხზე ვიწყებდით ლაპარაკს, აბანოს კანონი, აბანოს წესდებაო, ვამბობდით. საქაღალდესაც, სადაც მასალებს ვინახავდით, მოკლედ და მარტივად აბანო ეწერა. კომპიუტერში ფაილსაც აბანო და თვითონ კანონსაც მარჯვენა ზედა კუთხეში წვრილი შრიფტით ეწერა აბანო. ასეა თუ ისე, ეს კანონი წვალებით  ჩვენ შევქმენით, ჩვენივე კომპიუტერზე ავკრიფეთ და მთავრობაში მივიტანეთ. მათთან წინასწარ შეთანხმებულები ვიყავით. მივიტანეთ და ველოდებით. 1991 წლის მაისის დასაწყისში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ, ხელი მოაწერა ბრძანებას: „ინდივიდუალური ბინათმშენაბლობის პარალელური სტრუქტურების შექმნის შესახებ“. მალევე გაზეთში გამოქვეყნდა კანონი, რომელსაც მარჯვენა ზედა კუთხეში წვრილად ეწერა აბანო!


92 წელია. კერძო ფირმა არ გაეგონათ, კერძო ბიზნესიც არ არსებობდა, კერძო მშენებლობები არ არსებობდა. იქმნებოდა ამხანაგობა და თავიანთ სახლს იშენებდნენ. ჩვენ რომ ვამბობდით, კერძო კომპანია ვართ, ვერ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავით. ცეკა იციან, კომუნისტური პარტია იციან, მინისტრები იციან, არაფორმალებიც გაიგეს, ვინ იყვნენ, აი, ეს კერძო კომპანია რას ნიშნავდა, ვერ ხვდებოდნენ. გია და თამაზ ლობჟანიძე ამერიკაში იყვნენ და ჩამოიტანეს რაღაც ტერმინები. გაგონილი არ გვქონდა დეველოპერი, მოვიძიეთ რას ნიშნავდა და აღმოჩნდა განვითარება. ჯერ დავირქვით ბინათმშენებლობის სინდიკატი. უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვნახეთ, რომ პროფესიულ გაერთიანებებსაც ნიშნავს, მოგვეწონა და დავირქვით სინდიკატი. არადა, მაფიოზური რგოლების გაერთიანებაა სინდიკატი. ბლანკებიც კი გვქონდა, რომელსაც ეწერა ბინათმშენებლობის სინდიკატი. მერე მივხვდით  და მოვიშორეთ ეს სახელი. მერე მოვიგონეთ სიტყვა მენაშენე“.


“არსის” 30–წლიან ისტორიას მომდევნო სტატიებშიც შემოგთავაზებთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი...


მსგავს თემაზე:

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი II)


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი III)


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი IV)



სხვა სიახლეები