• Ƀ/$

მსოფლიოს TOP 3 აეროპორტი 2018 წელს 300 მლნ მგზავრს მოემსახურა

9 მარტი 14:00 | ეკონომიკა

2018 წელს თვითმფრინავით 2.3 მლრდ-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა. ყველაზე მეტ - 107.4 მლნ მგზავრს კი 2017 წლის მსგავსად ატლანტის ჰართსფილდის აეროპორტი მოემსახურა.

შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატში მდებარე ატლანტის აეროპორტი წლებია პირველ ადგილს არ თმობს. მან 100 მლნ-იან ზღვარს პირველად 2015 წელს გადააბიჯა. 2018-ში მგზავრთნაკადი #1აეროპორტში 3.3%-ით გაიზარდა. ის 1900 ჰექტარზეა გადაჭიმული და 192 გასავლელი გააჩნია, საიდანაც 152 შიდასახელმწიფოებრივია, ხოლო 40 საერთაშორისო. გასულ წელს ამ აეროპორტიდან 896 ათასი რეისი შესრულდა.



რამდენ ხანს გასტანს ატლანტის აეროპორტის პირველობა ძნელი სათქმელია. ის პირველი იყო 2008 წელსაც, როდესაც 90 მლნ მგზავრს მოემსახურა. მაშინ მე-8 ადგილზე მყოფი პეკინის აეროპორტი 56 მლნ-იანი მგზავრთნაკადით პირველ ადგილზე მყოფს 34 მლნ-ით ჩამორჩებოდა, 2014 წელს სხვაობა 10 მლნ-მდე შემცირდა, 2018 წელს კი 6 მლნ-მდე. ის გახდა მეორე აეროპორტი რომლის მგზავრთნაკადმა 100 მლნ-ს გადააჭარბა.



2015 წლიდან პირველად სამეულში დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა და დღემდე ამ ადგილს ინარჩუნებს. 2005 წელს ის პირველად მოხვდა 50-ეულში და 14%-იანი ზრდის შედეგად 25 მლნ-იანი მგზავრთნაკადით 42-ე ადგილი დაიკავა. 2008 წელს 37 მლნ-იანი მგზავრთნაკადით ის უკვე მე-20 ადგილს იკავებს, 2012-ში 13%-იანი ზრდის შედეგად 58 მლნ-იანი მგზავრთნაკადით მე-10 ადგილს, ხოლო 2018 წელს 89 მლნ-იანი მგზავრთნაკადით მესამე ადგილზეა. ეს რიცხვი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას 9.3-ჯერ აღემატება.


 


2015 წელი იყო პირველი რა დროსაც ევროპის ქვეყნები ხუთეულს მიღმა დარჩნენ. 2018 წელს ევროპიდან ყველაზე დატვირთული ლონდონის ჰითროუს აეროპორტი აღმოჩნდა, მაგრამ 80 მლნ-იანი მგზავრთნაკადით მხოლოდ მე-7 ადგილის დაკავება შეძლო. ევროპიდან ათეულში კიდევ ერთი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი მოხვდა. ამსტერდამის აეოროპორტმა კი გერმანიისა და ტურქეთის მთავარ აეროპორტებს გადაუსწრო. სინგაპურის აეროპორტი კი, რომლის ტერმინალიც საუკეთეოსდაა მიჩნეული 65 მლნ-იანი მგზავრთნაკადით მე-19 ადგილს დასჯერდა.


2018 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 5 მლნ-ს პირველად გადააჭარბა, რომლის 80%-იანი წილიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა დაიკავა. 


მსგავს თემაზე:

სტამბოლში 200 მილიონ მგზავრზე გათვლილი აეროპორტი გაიხსნა


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა


ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გამტარუნარიანობა საათში 1200 მგზავრამდე გაიზრდება


ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ვენა დასახელდა



სხვა სიახლეები