• Ƀ/$

საქართველო–კორეას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

11 მარტი 11:56 | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ეკონომიკის სამინისტროდან M2B-ს აცნობეს, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი თეა-ჰომ.


სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ძალაში 30 დღის შემდეგ შევა.


შეთანხმება ითვალისწინებს კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის  ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესწავლას ორივე მხარისთვის მომგებიან სფეროებში, მათ შორის საინვესტიციო,  ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის სექტორებში და  ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას ქვეყნებს შორის სოციალურ-კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის ჩათვლით.


ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებების შესწავლის მიზნით კორეის რესპუბლიკა და საქართველო ერთობლივ კომიტეტს შექმნიან. კომიტეტის ფარგლებში მოხდება არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებისა და  პერსპექტივების განხილვა.


საქართველოსთან შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის კორეული კომპანიების  საქართველოს ბაზარზე უფრო ფართოდ წარმოდგენის გზით.


მხარეები ასევე შეთანხმდნენ, დაიწყონ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების შესახებ, ორმხრივად ხელსაყრელ დროს.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას”.


საქართველო–კორეის რესუბლიკის ურთიერთობებისს შესახებ:


საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 დეკემბერს დამყარდა.


საქართველო–კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს $119 მლნ შეადგინა. აქედან საქართველოს ექსპორტი $17 მლნ–ს, ხოლო იმპორტი $102 მლნ–ს შეადგენდა.


2011 წლის 16 აგვისტოს კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ორი ქვეყნის საკონონმდებლო უწყებებს შორის მეგობრობის ჯგუფებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, ბიზნეს ფორუმების ორგანიზებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა რიგი მაღალი დონის ვიზიტი, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო დონეზე. კორეელი ინვესტორები გამოხატავენ დიდ ინტერესს საქართველოში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელების საკითხში.


მხარეებს შორის აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა კულტურის სფეროში. აღსანიშნავია, 2012 წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქ. თბილისში გაიმართა რიგი კულტურული ღონისძიებებისა. ამასთან, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული ურთიერთგაცვლის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 4-10 ივლისს ქ. სეულსა და ქ. ჩონგსონში გაიმართა კავკასიის კულტურის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა “რუსთავმა“.


აქტიურად ვითარდება ტექნიკური თანამშრომლობა კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (KOICA) და კორეის ფონდის (KF) პროგრამების ფარგლებში. KOICA-სა და KF-ის ხელშეწყობით, საქართველოს საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის კორეული ენის შესწავლის შესახებ. კორეის ფონდის ხელშეწყობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს გადაეცათ კორეის პოლიტიკის, ისტორიისა და კულტურის შესახებ წიგნები, ასევე კორეული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები. ამასთან, ქ. სეულში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, კორეის რამდენიმე ბიბლიოთეკაში გაიხსნა საქართველოს კუთხე, ბიბლიოთეკებეს გადაეცათ საქართველოს შესახებ წიგნები.


დიპლომატიურ სამსახურში გამოცდილების გაზიარებისა და სასწავლო პროგრამების ორგანიზების მიზნით, დამყარდა თანამშრომლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიას შორის. დამყარდა ურთიერთობები საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდსა და კორეის რესპუბლიკაში პოლიტიკის კვლევის წამყვან ცენტრს, სეჯონგის ინსტიტუტს შორის, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოსა და კორეის მრეწველთა ფედერაციას შორის (FKI).


სხვა სიახლეები