• Ƀ/$

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019" 18-29 მარტს გაიმართება

12 მარტი 10:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი სწვალებაა სტარტს 18 მარტს იღებს. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 24 სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

"18-29 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” ჩატარდება. სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ 18 მარტს გაიხსნება.


„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სწავლებაა და ნატო-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ის პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. 


სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში და 2016 წელს ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტებზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.


პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრთან“ (JTEC) ერთად უხელმძღვანელებს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული წვრთნების ცენტრი (JFTC) უწევს.


წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დროს სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ სწავლებაში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი). სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).


სულ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას." - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მსგავს თემაზე:

NATO-ს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების ტემპები და მასშტაბები


თბილისის აეროპორტში საფრთხეების ნეიტრალიზაციის მიზნით წვრთნები ჩატარდა


თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა გაიზრდება


მაკედონიამ ნატოსთან გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი



სხვა სიახლეები