• Ƀ/$

კრემლი იაპონიისთვის კურილების გადაცემის საკითხს აღარ განიხილავს

12 მარტი 13:27 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთი არ გადასცემს იაპონიას კურილის კუნძულებს – „ასეთი გეგმა არ არსებობს“, აცხადებენ რუსული სააგენტო RBC-ს წყაროები.

კრემლში მიიჩნევენ, რომ სადაო ტერიტორიების ტოკიოსთვის გადაცემის სანაცვლოდ მოსკოვის მიერ წაყენებულ პირობებს იაპონია ვერ შეასურულებს.


რა პირობები წამოაყენა რუსეთმა


რუსეთ–იაპონიას შორის მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები 2018 წლის ბოლოს გააქტიურდა. ეს თემა ჯერ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე წამოიწია, ხოლო შემდეგ – უკვე მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და იაპორიის პრემიერ–მინისტრის სინძო აბეს მოლაპარაკებებზეც.


სამშვიდობო შეთანხმებისა და კურილის კუნძულების სტატუსის საკითხებზე მოლაპარაკებები, ფორმალურად, დღემდე მიმდინარეობს. პუტინს იაპონიაში G20-ის სამიტზე ივნისში ელოდებიან, სადაც, სავარაუდოდ, სამშვიდობო შეთანხმების თემა კვლავ წამოიწევა.


კრემლში უკვე ჩამოყალიბდნენ – კურილის კუნძულებს იაპონიას არ გადასცემენ. „ასეთი გეგმა არ არსებობს“, – უთხრეს RBC-ს კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა. იგივე დაადასტურა ლავროვის უწყებასთან დაახლოებულმა წყარომ. მისივე თქმით, რუსული მხარე, დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე, პირდაპირ უარს არ ეუბნება იაპონიას კუნძულების გადაცემაზე.


კუნძულების საკითხზე მოლაპარაკებებზე რუსეთმა ორი პირობა დააყენა. პირველი – სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს 1956 წლის დეკლარაციის საფუძველზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ეს ნიშნავს, რომ იაპონიამ უნდა „მთელი სისრულით, მათ შორის კურილის კუნძულებზე რუსეთის ფედერაციის სუვერენიტატი“, აღიაროს მეორე მსოფლიო ომის შედეგები.


მეორე პირობა – კუნძულების გადაცემის შემთხვევაში იაპონიის მხარემ არ უნდა განათავსოს მათზე ამერიკული სამხედრო ბაზები, აცხადებს RBC-ს წყარო.


სსრკ–მ და იაპონიამ ნეიტრალიტეტის პაქტს ხელი 1941 წელს მოაწერეს. იაპონია ხელმოწერილი დოკუმენტის პირობებს მაშინაც კი იცავდა, როდესაც მასზე ზეწოლას გერმანია ახდენდა, ხოლო სსრკ–მ პირობა 1945 წელს დაარღვია. იაპონელების აზრით, საბჭოთა კავშირი ისე მოიქცა, როგორც „ქურდი ხანძრის დროს“, ჩაება რა ომში ტერიტორიების მისატაცებლად.


სხვა სიახლეები